შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება.
საფასურების ზრდა საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს ეხება, რომელთა ექსპორტი ან რეექსპორტი ხდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარის ოდენობით განისაზღვრება. მოქმედი კანონით, საფასურის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს - ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემისთვის.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების, ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებისათვის ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისათვის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
ამავდროულად, პარლამენტში წარდგენილი პროექტით დგინდება ახალი მომსახურებები. კერძოდ, ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარი. მომსახურების ახალ სახეს წარმოადგენს აგრეთვე ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, რომლის მომსახურების საფასურად იქნება 20 ლარი.
საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.












