წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალური პაკეტების დაფინანსებას, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„მოგეხსენებათ, რომ ამ წლის ბიუჯეტი იყო 32 მილიარდნახევარი. დაახლოებით 3 მილიარდნახევრიანი ზრდა იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში. ძირითადად გადანაწილებული არის ეს ყველაფერი ჯანდაცვაზე, სოციალურ პაკეტებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. დეკემბერში მოხდება საბოლოო ვერსიის დადასტურება და დღეს იქნება ძალიან დეტალური განხილვა ამ ყველაფრის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. 2026 წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი, პრიორიტეტული სფეროებია: სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგები, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება პენსიები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.