Home » საზოგადოება » “ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის, ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მის წინააღმდეგ, მოგვმართოს”

“ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის, ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მის წინააღმდეგ, მოგვმართოს”

კონკურენციის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის.

ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებსა და კანონში ცვლილებებზე, რაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება.

ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელი კონკურენციის სააგენტოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი იყო გამორჩეული და მნიშვენლოვანი წელი. გამომდინარე იქიდან, რომ მიღებულ იქნა 2 კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს იყო ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში, რითაც გაუმჯობესდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. კერძოდ, დაიხვეწა პროცედურული ნორმები, განისაზღვრა სხვა მარეგულირებლებთან და სხვა სექტორის კომპანიებთან ჩვენი დამოკიდებულება და კონკურენციის საკითხზე აღსრულების მექანიზმები.

თუ ჩვენ ადრე კომპანიებს, რომლებიც არიან სემეკის რეგულირების ქვეშ, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ საერთოდ არ განვიხილავდით, ახლა უკვე ერთობლივად შეგვიძლია აღნიშნული საკითხები გადავჭრათ.

ასევე კონცენტრაციებთან დაკავშირებული საკითხები გახდა უფრო ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებული და ასევე ინსტიტუციური მიმართულებით იცვლება რიგი მიმართულებები.

ეს ნიშნავს იმას, რომ კონკურენციის კანონმდებლობა საქართველოში გახდა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებული და აღსრულების თვალსაზრისით უფრო ეფექტური.

მეორე მხრივ, მიღებულ იქნა კანონი ანტიდემპინგის შესახებ, ეს უკვე 2021 წლიდან ძალაშია და უკვე ადგილობრივი ინდუსტრიებიდან თუ ვინმე თვლის, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი 1-ელი ივნისიდან შეუძლია განაცხადებით მოგვმართოს. ეს კანონმდებლობაც აღსრულების ნაწილში გვეხება ჩვენ.

ჩვენ უკვე გვყავს დეპარტამენტი, გვყავს გუნდი, რომელიც მუშაობს დოკუმენდაციაზე, რომელიც 1-ელ ივნისამდე იქნება მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება ადგილობრივი ინდუსტრიების წუხილი, თუ რაიმე მონაკვეთში დემპინგურ იმპორტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ჩვენ ამაზე გვქონდეს გარკვეული ტიპის რეაგირება.

წინა წლებში იყო ამ მიმართულების მოთხოვნები, მაგრამ კანონის არარსებობის გამო ვერ ვრეაგირებდით.

გეტყვით იმასაც, რომ კანონმდებლობა ძალიან დაბალანსებულია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანაბრად იქნება ჩვენი უწყების მხრიდან დანახული როგორც იმპორტიორის, ასევე ადგილობრივი ინდუსტრიების ინტერესები.

ასევე პარლამენტშია ინიცირებული „მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი“, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შეიძლება იყოს მიღებული და აღსრულების ორგანოდ განსაზღვრულია კონკურენციის სააგენტო. ეს ნიშნავს იმას, რომ პირობითაც მომხმარებელს, რომელსაც პრეტენზია აქვს ქსელში ან ინტერნეტით შეძენილ პროდუქციასთან დაკავშირებით, ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ან დეფექტური ან არასწორი რეკლამირების მსხვერპლი გახდა, ან ფასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმირება მოხდა მისი, ყველა მსგავს საკითხებზე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ აღნიშნული ტიპის დავები განვიხილოთ.

„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე რამდენად ხშირია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპების დარღვევა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ:

„ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მოგვმართავენ, ჩვენ გვაქვს ორი ბერკეტი, ერთი არის, რომ ბაზრების მონიტორინგს ვახორციელებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემებზე გვაქვს ყურადღება. ვაქვეყნებთ კვარტალურ ანგარიშებს, მაგალითად, ამჟამად გვაქვს საწვავის ბაზართან და ფარმაციის ბაზართან დაკავშირებით ანგარიშები.

საწვავის ბაზართან დაკავშირებით ანგარიში გამოვაქვეყნეთ და ვთქვით, რომ ამ ეტაპზე იქ კონკურენცია აქტიურ ფაზაშია, იმიტომ რომ მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელებს შორის არის პროპორცია დაახლოებით 55-45-ზე მსხვილი ქსელების სასარგებლოდ.

ფარმაციასთან დაკავშირებით, წლის ბოლოს გვექნება საბოლოო დასკვნა.

რაც შეეხება კონკრეტულ ქეისებს, შარშან დავასრულეთ, 3 მოკვლევა, დავადგინეთ ერთი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დავაჯარიმეთ ერთი კომპანია.

ასევე გვქონდა 2 შემთხვევა იყო, როდესაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი გამოვავლინეთ და გავეცით რეკომენდაცია, რომ აღმოფხვრილიყო და ესეც რეალურად აღმოიფხვრა.

მიმდინარე წელს დავასრულეთ 1 მოკვლევა კიდევ, ეს ნიშნავდა შეთანხმებულ ქმედებას კონკრეტულ შესყიდვებთან დაკავშირებით და დავაჯარიმეთ 4 კომპანია ამ მიმართულებით და ახლა გვაქვს 2 ქეისი, რომელიც ეხება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს და მას უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ.

ნებისმიერ კომპანიას, ვინც თვლის, რომ მის მიმართ ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მათ წინააღმდეგ შეუძლიათ მოგვმართონ და ყველა საკითხს ყურადღებით განვიხილავთ.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) დირექტორმა, რომან ცუცქირიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ირაკლი ლექვინაძემ „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის განვითარების სააგენტოსი, USAID-ის, რომელმაც დროში სწრაფად დაგვიჭირა მხარი, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შარშან ჩვენი საქმიანობა შეაფასა აუდიტის სამსახურმა, სადაც დაახლოებთ 15-მდე რეკომენდაცია მოგვცა გასული წლის დასაწყისში.

ჩვენ 15 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შევასრულეთ გასულ წელს, ეს ეხებოდა ძირითადად საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას, შეიცვალა კანონმდებლობა და ამ ნაწილში პრაქტიკულად, გამართულები ვართ, იყო ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო სტრატეგია. ამ სახით ჩვენ გვქონდა დონორებთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ამერიკის USAID-თან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც უახლოეს 6 თვეში დაახლოებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან კონკურენციის სააგენტოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გასულ წელს და კიდევ ველოდებით ფუნქციურ ნაწილში სააგენტოს გაძლიერებას გვჭირდება გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია, რომელიც იქნება ორიენტირებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან მიმართებაში იქნება ეს ბიზნესი, ჩვეულებრივი მომხმარებელი, საკონსულტაციო კომპანიები თუ ა.შ და ბუნებრივია საკომუნიკაციო სტრატეგია იმისთვის, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ მისული ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალური უკუკავშირი გვქონდეს.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესკურიერის“ ეთერში.

წყარო: FORTUNA.GE

Share