Home » საზოგადოება » NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% – ცუდად, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% – ცუდად

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% – ცუდად, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% – ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა, 46% მას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად.

გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%. სასამართლოების საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 13% აფასებს, საშუალოდ 30%, ცუდად კი 29%.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა 32% მას უარყოფითად აფასებს, 27% საშუალოდ, ხოლო 24% კარგად.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. ჯამში კი კვლევა 2,053 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია. კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

Share