Home » ეკონომიკა » “ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო საფასო კონიუნქტურა საქართველოზე არც ამჯერად აისახა”
“ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო საფასო კონიუნქტურა საქართველოზე არც ამჯერად აისახა”

“ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო საფასო კონიუნქტურა საქართველოზე არც ამჯერად აისახა”

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის”

ნავთობზე ორკვირიანი ფასის ვარდნის შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. ბოლო ორი ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი 3 დოლარით გაიზარდა და 50 დოლარს მიაღწია. მსოფლიო ტენდენციების პარალელურად, ცვლილებებია ქართულ საწვავის ბაზარზეც. ამ თემასთან დაკავშირებით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა გასულ კვირას ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქართული საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება. უფრო დეტალურად, როგორც ქართულ საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესების, ისე მსოფლიო ტენდენციების შესახებ “აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი გვესაუბრა.

– გასულ კვირას “აფბამ” ბრიფინგი გამართა, სადაც საწვავის იმპორტიორ კომპანიებს საფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდეთ. რა გაძლევთ მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს?

– მოგეხსენებათ, რომ “აფბა” პერმანენტურად აკვირდება, როგორც მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ისე მის ასახვას ქართული საწვავის ბაზარზე. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მკვეთრი, დაღმავალი ტრენდი 2016 წლის თებერვლიდან შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა. ბოლო ორ თვეში მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის 14% -ით გაიზარდა. მსოფლიო პროცესების პარალელურად, ცვლილებები მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზეც. უფრო ზუსტად კი ბოლო ორ თვეში სამჯერ გაიზარდა ფასები ქართულ ბაზარზე 3, 4, და 5 თეთრით. ტრადიციულად ქართულმა საწვავის იმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ტენდენციები დაასახელეს და საერთო ჯამში საწვავზე ფასები 8 %-ზე მეტით გაზარდეს. ეს ყველაფერი სავსებით ლოგიკური იქნებოდა, რომ არა ეროვნული ვალუტის ფაქტორი. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა 15 %-ზე მეტით გამყარდა. უფრო ზუსტად კი მაშინ, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.47 ლარს აჭარბებდა, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება საშუალოდ 1.55 ლარს შეადგენდა. დღეს კი იგივე საწვავი 1.63-1.77 ლარამდე მერყეობს. ერთი დოლარის ღირებულება კი 2.14 ლარია. გამოდის, რომ ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს.

– რაც შეეხება კომპანიების მარაგებს, შესაძლებელია თუ არა კომპანიებს საწვავის მარაგები მაღალი ფასის პირობებში ჰქონდეთ შეძენილი?

– მარაგების თემა არის ის ყბადაღებული საკითხი, რომელსაც კომპანიების ლობისტები ხშირად იყენებენ სხვადასხვა სიტუაციებში თავის გასამართლებლად, თუმცა, აქაც არსებობს კითხვის ნიშნები. ერთ-ერთი, რაც ამ არგუმენტს აქარწყლებს, არის ის, რომ შეუძლებელია ექვსმა სხვადასხვა კომპანიამ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ახდენენ საწვავის იმპორტს, ერთი და იგივე რაოდენობის მარაგი ერთსა და იმავე დროს შეიძინონ. ასევე საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია გვაქვს, ეს ყოველთვის დაგვიანებით და ხშირ შემთხვევაში არასრულად ისახება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებას, ეს ტენდენცია მყისიერად ისახება ხოლმე ჩვენი საწვავის ბაზარზე. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, აჩენს გარკვეულ ეჭვებს.

– რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, რამ განაპირობა მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდა?

– ნავთობის ფასმა ზრდა 2016 თებერვლის თვიდან დაიწყო. იმ პერიოდისთვის ნავთობზე ფასების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი იყო ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდების შეფერხება. ასევე ფასების მატებაში ლომის წილი ოპეკი-ს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მოახერხა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ნაწილი დაეყოლიებინა მოპოვების გაყინვაზე. უფრო კონკრეტულად კი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ რუსეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი. შეთანხმებას მოგვიანებით შეუერთდა ყატარი და ვენესუელა. თუმცა ოპეკი-ს მცდელობის მიუხედავად, ფასების ისეთი დოზით მატება, რომელსაც ოპეკი-ს წევრი ქვეყნები ელოდნენ, არ მოხერხდა. სამ თვეში ბარელის ფასი 40დოლარიდან მხოლოდ 47 დოლარამდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი ირანია, სწორედ ირანი ამბობს უარს მოპოვების გაყინვაზე და პრაქტიკულად მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს, იმდენად, რამდენადაც სანქციების გაუქმების შემდეგ, სწორედ ირანი იქცა ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად მსოფლიო ბაზარზე.

– უახლოეს პერიოდში როგორი ტენდენციებია მოსალოდნელი მოსფლიო ბაზარზე, მხოლოდ ბოლო 2 დღეში ბარელის ფასი 3 დოლარით გაიზარდა.

– თუ გავითვალისწინებთ იმ გლობალურ პროცესებს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარეობს, ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ. საქმე იმაშია, რომ ოპეკი მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს გეგმავს, სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს, თუმცა ოფიციალური თეირანი შეხვედრამდე აანონსებს, რომ ირანი ისევ არ შეუერთდება ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას და მომავალი ზაფხულისთვის საექსპორტო პოტენციალს დღეში 2.2 მლნ ბარელამდე გაზრდის. ირანის ფაქტორის გარდა გასათვალისწინებელია Goldman Sachs-ის პროგნოზი, რომელიც მიმდინარე წლისთვის ბრენდის ტიპის ნავთობის ფასს 45 დოლარის ფარგლებში პროგნოზირებს. რაც შეეხება ბოლო ორ დღეში, 25-26 მაისს, ბირჟებზე ნავთობის ფასის მყისიერ მატებას. ეს დაკავშირებული ოპეკის პრეზიდენტის მუჰამედ ალ-სადის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ნავთობის სამართლიანი ფასი 65 დოლარი უნდა იყოს. ამ განცხადებამ ბირჟებზე მყისიერი ეფექტი მოახდინა, თუმცა ეს წმინდა ფსიქოლოგიური ეფექტია და ის შორ პერსპექტივაზე გავლენას ვერ იქონიებს.

Share