Home » ეკონომიკა » ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლოა საქართველოს პორტებიდან დაიწყონ
ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლოა საქართველოს პორტებიდან დაიწყონ

ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლოა საქართველოს პორტებიდან დაიწყონ

საერთაშორისო ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსეთის ნაცვლად, ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს პორტებით დაიწყონ.

მახაჩყალის პორტში არსებული კრიმინოგენური ვითარების გამო, საერთაშორისო ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსეთის გავლით ნავთობის გადაზიდვაზე უარი თქვან და “შავი ოქროს” ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და საქართველოს პორტების გავლით დაიწყონ.

განცხადებას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ტრანსნეფტი“ ავრცელებს.


როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მახაჩყალის ტერმინალ „დაგნეფტეპროდუქტზე“, რომლის გავლითაც, ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის პორტში ხდება, კორუფციული სქემები მოქმედებს, რაც საერთაშორისო კომპანიების, მათ შორის თურქმენი მწარმოებლების დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

მაგალითად, ტანკერებიდან რეზერვურებში ნავთობის გადაზიდვის დროს დანაკარგი საერთო მოცულობის 0,2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა, როგორც თურქმენული კომპანიები აცხადებენ, 2014 წელს ამ დანაკარგმა 0,84 %, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 1,43% შეადგინა.

„მიმდინარე წლის მაისში „დაგნეფტეპროდუქტმა“ თურქმენული ნავთობის 5 ათასი ტონა მიიღო, თუმცა „ტრანსნეფტის“ სისტემაში ამ მოცულობის ჩაბარებაზე საერთოდ თქვა უარი“, -ნათქვამია „ტრანსნეფტის“ განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ მახაჩკალის პორტში არსებულმა სიტუაციამ უკვე გამოიწვია მახაჩკალა-ნოვოროსისკის მარშრუტით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობის შემცირება.

მაგალითად, 2013 წლიდან კომპანია „ლუკოილმა“ მახაჩკალის პორტით ნავთობის ტრანზიტი ორჯერ შეამცირა და აღნიშნული მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთა.

მახაჩკალის პორტის გავლით ნავთობის ტრანზიტზე უარის თქმა თურქმენ მწარმოებლებსაც სურთ.

„დაგნეფტეპროდუქტზე“ არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა და რესპუბლიკური ადმინისტრაციული სტრუქტურების უმოქმედობა ფაქტობრივად, იწვევს კასპიის ნავთობის საექსპორტო ნაკადების შეჩერებას რუსეთის ერთადერთი ინფრასტრუქტურის გავლით“, – ნათქვამია „ტრანსნეფტის“ განცხადებაში.

წყარო: bpn.ge

Share