Home » ბიზნესი » ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს
საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულმა ნავთობკომპანიებმა უწყების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. კომპანიებს გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 აგვისტომდე შეეძლოთ.

როგორც  ბექა კემულარიამ განაცხადა, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კომპანია „ვისოლმა” „სოკარმა და „ლუკოილმა”, თუმცა, მისივე შეფასებით, სანამ სასამართლო არ დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, კონკურენციის სააგენტოს მიერ დადებული დასკვნა ბაზარზე რეალურად სიტუაციას ვერ შეცვლის.

როდის დაიწყება საქმის განხილვა და როდის დასრულდება პროცესი, ნავთობკომპანიებისთვის უცნობია. კომპანია „ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა აცხადებს, რომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში კომპანიამ უკვე შეიტანა, თუმცა, როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, უცნობია.

ვადებთან დაკავშირებული საკითხები უცნობია კომპანია „ლუკოილისთვისაც”. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შალეგ მიშველაძე აცხადებს,რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს, თუმცა, როდის დაიწყებს სასამართლო საქმის განხილვას, ეს თავად სასამართლოზეა დამოკიდებული.

კონკურენციის სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები 15 ივლისს დააკისრა. საუბარია კომპანიებზე – ვისოლი (10,426 393 ლარის ჯარიმა), ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.

შედეგებიდან გამომდინარე, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. კონკურენციის სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, ჯამში 55 მილიონ ლარამდე ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

 

commersant.ge

Share