Home » ფინანსები » ნავთობკომპანიები საწვავს მოსახლეობაზე 35 თეთრით უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე სახელმწიფოზე
ნავთობკომპანიები საწვავს მოსახლეობაზე 35 თეთრით უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე სახელმწიფოზე

ნავთობკომპანიები საწვავს მოსახლეობაზე 35 თეთრით უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე სახელმწიფოზე

მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავიდან გალფი 30 თეთრს იგებს

საწვავის ბაზარზე არსებულ ხარვეზებსა და არაჯანსაღ გარემოზე, უკვე წლებია საუბრობენ ეკონომისტები თუ დარგის ექსპერტები. ნავთობკომპანიები მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, როგორც წესი არ ეთანხმებიან, მეტიც მათი ლობისტები ხშირად აცხადებენ, რომ კომპანიები მიზერულ მოგებაზე მუშაობენ და ბაზარზე სავსებით ჯანსაღი კონკურენციაა. გარკვეულწილად, ამის ნათელი მაგალითი უნდა იყოს დღეს არსებული მდგომარეობა. რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, უკვე დაიწყო ადგილობრივ ბაზარზეც საწვავის ფასის ზრდა. ერთი შეხედვით სართაშორისო ბაზართან კორელაცია მართლაც მჭიდრო ჩანს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორც წესი ქართული საწვავის ბაზარი მგრძნობიარე, მხოლოდ საცალო გაყიდვების მიმართ აღმოჩნდება ხოლმე, ხოლო კორპორატიულ და კონსოლიდირებულ ტენდერებში საწვავის ფასი პრაქტიკულად არ იცვლება თვიდან – თვემდე და საცალო ქსელთან შედარებით გაცილებით იაფიც ღირს. ერთ-ერთ ასეთ ქეისზე საუბრობს აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი.

“მართალია დღეს საქართველოში საწვავის ბაზარი ღიაა, მაგრამ ახალი მოთამაშეებისთვის ხელოვნური ბარიერები ბუნებრივმა ჩაანაცვლა, მე ვგულისხმობ იმ ურბანულ განლაგებას რისი უპირატესობითაც სარგებლობს ეს 6 გიგანტი ნავთობკომპანია. საქმე იმაშია, რომ ამ კომპანიებს თითქმის სრულად აქვთ ათვისებული ქალაქის ის ცენტრალური ნაწილი რომელშიც მოსახლეობის ძირითადი კონცენტრაცია ხდება. შესაბამისად, ახალ მოთამაშეს პრაქტიკულად ეზღუდება ამ ექვსი გიგანტი კომპანიისთვის, რეალური კონკურენციის გაწევის საშუალება. ჩემი ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ბაზარზე ფასები კონკურენტუნარიანია და ის ყველა ეკონომიკურ ტენდენციას უწყობს ფეხს. მე ბევრჯერ მისაუბრია იმ ეკონომიკურ გათვლებზე, რომლის თანახმადაც საქართველოში საწვავის ფასი არ არის ჯანსაღი, მაგრამ ამჯერად უფრო მარტივ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, შევხედოთ კომპანიების კორპორატიულ და საცალო ფასს და დავინახავთ იმდენად კოლოსალურ სხვაობას, რომლის ატანაც არცერთ ჯანსაღად მოოპერირე კომპანიას არ შეუძლია.

მაგალითად, კომპანია “გალფი”, რომლის საცალო ქსელში, ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავი 2.29 ლარი ღირს, ხოლო კორპორატიულ კლიენტებს, მაგალითად “თეგეტა მოტორსს”, ამავე ტიპის საწვავს შეძენა 2.04 თეთრში შეუძლია. ეს მაშინ, როდესაც ტექნიკურად კომპანიას იგივე ხარჯები უჯდება ამ საწვავის გაყიდვა, მოსახლეობას 25 თეთრით უფრო ძვირად აძლევს საწვავს, ვიდრე კომპანიებს. მართალია ზოგადად კორპორატიული კლიენტები, ამა თუ იმ საქონელზე შეღავათიანი ფასებით სარგებლობენ, მაგრამ რეალურად კომპანია ვერც კორპორატიულ ტენდერში გაყიდის საქონელს წაგებაზე, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ კომპანია “გალფი” ერთ ლიტრ საწვავში მოსახლეობისგან მინიმუმ 29 თეთრიან მოგებას ნახულობს, რაც ნამდვილად კოლოსალური მარჟაა”, – მიიჩნევს ბაირახტარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია “გალფსაც” დავუკავშირდით, სადაც კომპანიის ვიცე- პრეზიდენტმა, ნინო ჯიბლაძემ დაგვიდასტურა, რომ კორპორატიული კლიენტები მართლაც სარგებლობენ შეღავათებით.

“კორპორატიული კლიენტებისთვის სხვადასხვა შეღავათები გვაქვს, რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს კომპანია “თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას მე არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ჯიბლაძემ.

აღნიშნულ ფასთა სხვაობას, გარანტირებული მარაგების გასაღებით ხსნიან “ნავთობიმპორტიორთა კავშირში”. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, ასეთი შესყიდვების დროს კომპანია მიზერულ მოგებაზეც თანხმდება.

“საცალო და სატენდერო შესყიდვებს შორის არის ის განსხვავება, რომ სატენდერო შესყიდვის დროს გვაქვს საწვავის გარანტირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაყიდვები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც საბითუმო მიწოდება. შესაბამისად, კომპანიები მინიმალური ფასნამატის ხარჯზე ახდენენ საწვავის რეალიზაციას ისევე, როგორც ანალოგიურად სხვა ბიზნეს-ინდუსტრიებში. რაც შეეხება კერძო კომპანიებზე საწვავის მიწოდებას, ასევე ფასდაკლებით, აქაც ანალოგიურ საკითხთან გვაქვს საქმე. კომპანიები არიან კორპორატიული მომხმარებლები. ისინი იძენენ დიდი ოდენობით საწვავს, რაზედაც ღებულობენ სხვადასხვა ფასდაკლებას შეძენილი პროდუქციის მოცულობის მიხედვით. ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც არიან კომპანიების ლოიალური მომხმარებლები, გააჩნიათ სხვადასხვა სახის ბარათები და სარგებლობენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სხვა სფეროების ანალოგიურად”, – აცხადებს მთვრალაშვილი.

აღნიშნულ არგუმენტებს არ იზიარებენ ექსპერტები, როგორც “მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა კემულარია განმარტავს, ფასებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდია სახელმწიფო შესყიდვების დროს.

“პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, თუ როგორ ტარდება კონსოლიდირებული ტენდერი. ამ შემთხვევაში ყველა სახელმწიფო უწყება ერთიანად აწვდის ინფორმაციას, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს, თუ რა რაოდენობის საწვავი სჭირდება. არსებობს სპეციალური ფორმულა ტენდერში, რის მიხედვითაც ხდება საწვავის ფასის დადგენა, ანუ საწვავის ფასი დგინდება ყოველი თვის განმავლობაში, ყოველი თვის დასაწყისში და ყოველი წლის განმავლობაში, ამ ფორმულის მიხედვით, სადაც ცვლადი არის ვალუტის კურსი და ნავთობის პლაცის ფასი. ამ ცვლადების მიხედვით დგინდება საწვავის ფასი. ანუ კომპანია ზარალში ვერ წავა, სწორედ ამიტომ არის ვალუტის კურსი და პლაცსი ცვლადი. შესაბამისად, კომპანიები არც სახელმწიფო ტენდერებში ყიდიან საწვავს წაგებაზე. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მიმდინარე თვისთვის პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი არის 1,98 ლარი, ანუ ერთ ლიტრ პრემიუმს სახელმწიფო ავტომობილი, ბენზინგასამართ სადგურზე 1,98 თეთრად ჩაასხამს, ხოლო იგივე ტიპის საწვავს საცალო მომხმარებელზე, კომპანია ყიდის 35თეთრით მეტად, სხვაობა რა თქმა უნდა კოლოსალურია”, – ამბობს კემულარია.

პაატა თურქია

Share