Home » მსოფლიო » ნავთობის რეალური ფასი
ნავთობის რეალური ფასი

ნავთობის რეალური ფასი

ნავთობზე ფასი კატასტროფულად დაეცა. ბრენტ მარკის ფასი ბარელში 30 დოლარს ჩამოსცდა, რაც 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ბრენტი ყველაზე ძვირი მარკაა და მასზე გაცილებით მცირეფასიანი მარკებიც არსებობს. მაგალითად, საუდის არაბეთის ნედლი ნავთობი, რომელიც აზიურ ბაზრებს მიეწოდება, 26 დოლარიც კი ღირს (ბარელი). ეს კი 2002 წლის შემდეგ, უდაბლესი მაჩვენებელია.

„ახალი ეკონომიკური აზროვნების“ ინსტიტუტის თავმჯდომარე ედერ ტერნერის თქმით, ნავთობზე ფასების ასეთი ვარდნა იმის შედეგია, რომ ჩინეთში დაკრედიტების ბუმი განელდა. მისი თქმით, ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ენერგო მომხმარებელ ქვეყანაში, ინვესტიციების და მშენებლობის შემცირება, მთელს მსოფლიოზე უზარმაზარ დეფლაციურ ზეწოლას ახდენს. ეს განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოქმნის.

გასული წელი ცისქვეშეთისთვის, ბოლო მეოთხედ საუკუნეში, ყველაზე დაბალი ზრდის ტემპით აღინიშნა. ტერნერი დასძენს, რომ ჩინეთში ეკონომიკის ზრდის შენელების გამო, მკვეთრად შეუმცირდათ მოგება ნავთობის და სასაქონლო მწარმოებლებს. ის თვლის, რომ ნედლი ნავთობის ფასს, კიდევ უფრო მეტად შემცირების შანსი აქვს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დოლარის 1998 წლის ფასზე გადაანგარიშებით, საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის ფასი 17 დოლარზე ნაკლები იქნებოდა. 1998 წელზე იმიტომ, რომ იმ წელს, ნავთობის ფასი, 1980-იანი წლების შემდეგ, ყველაზე მეტად იყო შემცირებული.

ნავთობზე დაბალმა ფასებმა, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში, ავტომობილების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. მაგრამ მეორე მხრივ, ვალუტებზე დეფლაციური ზეწოლა გააძლიერა, რასაც სხვა თანმდევ უარყოფით ეფექტებთან ერთად, ეკონომიკური აქტივობის შემცირება და ეკონომიკური ზრდის შეფერხება მოჰყვება…

მერაბ ლორთქიფანიძე

Share