Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – უცხოელი ინვესტორია „ენერგო პრო“, მაგრამ მოიკიდა კისერზე ჩვენი მიწა და გაიტანა ჩეხეთში, თუ საქართველოში 6500 კაცი დაასაქმა?

ნათია თურნავა – უცხოელი ინვესტორია „ენერგო პრო“, მაგრამ მოიკიდა კისერზე ჩვენი მიწა და გაიტანა ჩეხეთში, თუ საქართველოში 6500 კაცი დაასაქმა?

თუ პრობლემა არის ის, რომ ეს არის უცხოელი და არა ქართველი ინვესტორი, ეს ენერგეტიკაში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, რიონის ხეობაში „ენერგო პროს“, ჩეხურ კომპანიას აქვს საკმაოდ მოცულობითი აქტივები – შაორი, გუმათი, რიონი თავისი წყალსაცავებით… მოიკიდა კისერზე ეს მიწა და გაიტანა ჩეხეთში, თუ საქართველოში 6500 კაცი დაასაქმა? – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მზად არიან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ინვესტორისთვის ცალკეული მიწის კანონიერად გადაცემის საკითხს შეისწავლის.

„ყოველთვის უნდა დავაკონკრეტოთ რა პრობლემაა. თუ პრობლემა არის, რომ მიწა ზედმეტია, ჭარბია, იქნება თუ არა მიზნობრივად გადაცემული, პროცედურა რამდენად იყო დაცული, ამაში ვართ აბსოლუტურად გახსნილები. მეტიც, შეგვიძლია, შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ თითოეულ მიწას. თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია გადის პროექტის გარეთ, მას უკან დაბრუნების ვალდებულება ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის მაქსიმალურად დასაბუთებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.

Share