Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – თუ ტარიფების კორექტირება არ მოხდება, შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს

ნათია თურნავა – თუ ტარიფების კორექტირება არ მოხდება, შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს

ჩვენ ვიცით, რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის წინა ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა, მომდევნო 3 წელიწადში კი ბევრი რამ მოხდა.

„სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საკუთარი მეთოდოლოგიით და მთავრობას არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს მათ კომპეტენციაში. მაგრამ, ჩვენ ვიცით, თუ რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის წინა ტარიფები დამტკიცდა 3 წლის წინ და ამ 3 წელიწადში ბევრი რამ მოხდა, ეს საბოლოო ჯამში ტარიფში პოვებს ასახვას. ამასთან, მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა – 2020 წელს უდიდესმა კრიზისმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკა, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებულ სუბსიდირების გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემდეგი 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი სრულად დაუსუბსიდირდება მოსახლეობას, რომელიც 300კვ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს. წყლის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება ყველა სოციალურ ოჯახს და ამასთან, შემდგომი წლის განმავლობაში კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას.

„რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაშიც ვაკეთებთ ეს არის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდიდან. მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიც არ უნდა იყოს ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, შემდეგი 12 თვის განმავლობაში სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის – მათთვის, ვინც მოიხმარს 300 კვ/სთ ენერგიას თვეში და ასეთი არის 95% ჩვენი ოჯახების. მოსახლეობა პრაქტიკულად, ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ჩვენ ამისთვის რესურსებს აუცილებლად წარვმართავთ.

ტარიფების გადახედვა ხდება არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილშიც. ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ზრდა აისახოს ფასებში, არის სწორედ კვების მრეწველობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% შემდგომი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას, აქედან გამომდინარე ეს წნეხი არ იქნება ასახული სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე.

დღეს ასევე განიხილება წყლის მოხმარების ტარიფები თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, იქაც ალბათ, იგივე მიზეზებიდან გამომდინარე მოსალოდნელია გარკვეული ტარიფების ზრდა, აქაც ჩვენ სრულად დავასუბსიდირებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომ მათ არ იგრძნონ ეს დამატებითი წნეხი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share