Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა: საწარმო „ნეოგლასი“ თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე

ნათია თურნავა: საწარმო „ნეოგლასი“ თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში, მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს“ ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საწარმო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, რომლის მეშვეობითაც, საწარმოსთვის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა. ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კი კომპანიას სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც არსებული საწარმო ააშენა.

„ეს არის კიდევ ერთი საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გაიხსნა და იმპორტის ჩანაცვლების მაგალითია. საწარმო მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია საწარმოში 50-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს და ჩვენ ამაშიც შევუწყობთ ხელს.

კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ავჭალაში კიდევ ერთ უფრო მსხვილ საწარმოს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მსგავს წარმოებებთან ერთად, ამ სახეობაშიც თანდათან ხდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვირდება და იმპორტის ჩანაცვლება“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „ნეოგლასი“ თვეში 8000 კვ.მ მინასაწარმოებს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესტუმრნენ

Share