Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუ-დაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებით, საქართველო რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნება, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, რაც ახალ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ არის მიმართული და სპეციალურ ზონებში კიდევ მეტი ხელშეწყობის რეჟიმი შეიქმნება, რაც ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავს.

Share