Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა: ეკონომიკის განვითარებამ ენერგორესურსების განვითარებას სერიოზულად გაუსწრო

ნათია თურნავა: ეკონომიკის განვითარებამ ენერგორესურსების განვითარებას სერიოზულად გაუსწრო

„ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, ეს დიდი პრობლემაა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას, ამისთვის კი, ჰესების მშენებლობის პროექტები უნდა განხორციელდეს.

„აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ცალკეულ შემთხვევაში, არა მარტო მსხვილი ჰესების, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც ჩვენ გვხდება გარკვეული პრობლემები – გარემოსდაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, ეს არის დიდი პრობლემა, მათ შორის სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ერთ-ერთი მიმართულებაა მსხვილი ჰესების პროექტების განვითარება, მათ შორის ნამახვან ჰესის პროექტი ერთ-ერთი სტრატეგიულია. მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, ინვესტორმა დაგვტოვოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share