Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა – 2020 წელს ქვეყანაში ლიდერობდა დასავლური ინვესტიციები

ნათია თურნავა – 2020 წელს ქვეყანაში ლიდერობდა დასავლური ინვესტიციები

2020 წელი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. ჩვენ ვგეგმავდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რადგან საქართველო თავისი მაღალი რეიტინგებით და ბიზნესგარემოთი ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„შეიძლება წლიდან-წლამდე უცხოური ინვესტიციის მოცულობა ვარირებდა, თუმცა ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ გავედით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციებზე ამ მიმართულებით ჩვენი ეკონომიკის ზომასთან და მშპ-სთან მიმართებით. ინვესტიციების ზრდა არის 7,7%, ეს არის ორჯერ მეტი, როცა რეგიონში ეს მაჩვენებელი 3%-ია. ძალიან მიმზიდველია ჩვენი ეკონომიკა ბევრი პარამეტრით ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, 2020 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დიდი მონაპოვარია. „თუმცა კლება მოსალოდნელი იყო, რადგან თვითონ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობაც შემცირდა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, 2020 წელს ქვეყანაში ლიდერობდა დასავლური ინვესტიციები.

„კერძოდ ტოპ ქვეყნებს შორის ლიდერობდა აშშ, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი. გარდა მაგისა დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება. მათ შორის ნამახვანჰესის პროექტი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია. ასევე მცირე ენერგეტიკაში და დეველოპმენტში ჩაიდო ინვესტიციები. ასევე სასტუმრო ინდუსტრია, რომელსაც ახლა აქვს ჩავარდნა, კვლავაც ვითარდება და ინვესტორებისთვის საინტერესოა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ 2021 წელს კვლავ პოზიტური დინამიკა გვექნება ინვესტიციების თვალსაზრისით“, -განაცხადა თურნავამ.

2020 წელს საქართველოში წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24%-ით შემცირდა.

Share