Home » ფინანსები » ნანა მიქაშავიძე – თუ სახელმწიფომ სწორად გამოიყენა, ლიზინგი შესაძლოა გახდეს ეკონომიკის კატალიზატორი
ნანა მიქაშავიძე - თუ სახელმწიფომ სწორად გამოიყენა, ლიზინგი შესაძლოა გახდეს ეკონომიკის კატალიზატორი

ნანა მიქაშავიძე – თუ სახელმწიფომ სწორად გამოიყენა, ლიზინგი შესაძლოა გახდეს ეკონომიკის კატალიზატორი

სალიზინგო ბიზნესმა საქართველოში პირველი ნაბიჯების გადადგმა 2001-2003 წლებში დაიწყო. ეს ის დრო იყო, როდესაც ბანკებში არსებული საკმაოდ კონსერვატული პოლიტიკის გამო, დამწყები ბიზნესკომპანიები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად, მიეღოთ საბანკო სესხები. სწორედ მაშინ გაჩნდა ლიზინგის, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყაროს აუცილებლობა. ამ დროს დაფუძნდა რამდენიმე სალიზინგო კომპანია, რომელმაც განვითარება ეტაპობრივად – ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად დაიწყო.

დღეს სალიზინგო ბაზარზე სულ სამი კომპანია ოპერირებს. ლიზინგის ცნობადობა საზოგადოებაში არც ისე მაღალია, თუმცა კომპანია ACT -ის და კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ლიზინგის, როგორც პროდუქტის, ცნობადობის მაჩვენებელი მის მიზნობრივ სეგმენტში – მცირე და საშუალო ბიზნესში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა, რაც ლიზინგის სფეროს განვითარების ერთგვარ დინამიკას აჩვენებს.

ლიზინგის სფეროში „თიბისი ლიზინგს” მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელი ნანა მიქაშავიძე ამბობს, რომ დღეს უკვე კომპანიებს აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ დაკრედიტება ან ფინანსური მომსახურება. ლიზინგი კი მათ რამდენიმე მომსახურების ერთად მიღების კომფორტს უქმნით.

ნანა მიქაშავიძე, თიბისი ლიზინგის ხელმძღვანელი:

-რა განასხვავებს ლიზინგს ჩვეულებრივი საბანკო სესხისგან?

-ლიზინგი არ ანაცვლებს სესხს, არც ანაცვლებდა და არც მომავალში ჩაანაცვლებს. არასწორია, როდესაც ლიზინგს ადარებენ საბანკო სესხს, რადგან ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებულია. სჭირდება თუ არა ლიზინგი კომპანიას – ეს არ წყდება იმისდა მიხედვით, სჭირდება თუ არა მას დაფინანსება. რაც უფრო განვითარებულია ბაზარი, მით უფრო ნაკლებ აქტუალურია კითხვა – ლიზინგს მივმართო თუ საბანკო სესხს?

მართალია, ლიზინგი აქტივის დაფინანსების საშუალებაა, მაგრამ ის მოიცავს მომსახურების ძალიან ფართო სპექტრს, წარმოადგენს სერვისების ერთგვარ კომპლექტს. ლიზინგის ბიზნესში, მარტივი პროდუქტების გვერდით, არსებობს საკმაოდ რთული პროდუქტები, რომლებიც დაფინანსების რთულ სტრუქტურასა და ერთმანეთში გადაჯაჭვულ პროდუქტებსა და სერვისებს აერთიანებს. საბოლოო მიზანი ის არის, რომ კლიენტს შევთავაზოთ არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ მთელი რიგი მომსახურებებისა, რომლებიც მას გარკვეულ სარგებელს მოუტანს. მათ შორისაა აქტივის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკება, დაზღევა, მონიტორინგი, ჯიპიესი და სხვა.

-რა ამოცანები უნდა ჰქონდეს კლიენტს, რომ მიმართოს ლიზინგს?

-ეს ამოცანები შესაძლოა მარტივიც იყოს და რთულიც. გადაწყვეტილების მიღება ხდება იმისდა მიხედვით, თუ როგორი საგადასახადო მიდგომის გამოყენება სურს კომპანიას, რადგან ლიზინგის დაბეგვრის რეჟიმი განაპირობებს იმას, თუ როგორ გაიწერება საგადასახადო ხარჯები. საგადასახადო მიდგომები განხვავდება ქვეყნების მიხედვით და ბევრ ქვეყანაში ლიზინგი სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ სახელმწიფო ლიზინგის ინდუსტრიას იყენებდა, როგორც ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციის წახალისების ინსტრუმენტს. შესაბამისად, ლიზინგის შემთხვევაში შემუშავებული იყო საგადასახადო შეღავათების მთელი სისტემა, რომლის გამოც კომპანიას აწყობდა ლიზინგის გამოყენება.


-საქართველოში თუ არსებობს ასეთი შეღავათები?

-ჩვენთან ასეთი შეღავათები არ არსებობს, თუმცა მიდგომების თავისებურებები ჩვენთანაც არის. სწორედ ამ მიდგომების გამო კომპანიები, რომლებსაც ფინანსური მართვა მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, აქტივების დასაფინანსებლად იყენებენ ლიზინგს. გარდა საგადასახადო კანონმდებლობისა არის ფინანსური აღრიცხვის საკითხიც – საოპერაციო და ფინანსური ლიზინგის აღრიცხვას – ორივეს თავისი მეთოდოლოგია აქვს და სწორედ ამ აღრიცხვის თავისებურებებიდან გამომდინარე ფინანსურ მენეჯერს შესაძლოა ერჩივნოს ლიზინგი და არა სესხი.

ლიზინგის უფრო მარტივ უპირატესობებს რაც შეეხება, სესხისგან განსხვავებით, ლიზინგი არ მოითხოვს იპოთეკა-გირავნობას, რადგან დაფინანსებული აქტივი თავად წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს. გარდა ამისა, თუ ბანკი სესხის გაცემისას გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს კლიენტის მომგებიანობის ისტორიას, ლიზინგის შემთხვევაში აქტივის დაფინანსების პროცედურა ბევრად მარტივია, რადგან ჩვენ მეტი ცოდნა გვაქვს აქტივის პოტენციური უკუგების შესახებ და ზოგადად ბანკებთან შედარებით ამ საკითხს ნაკლებ კონსერვატიულად ვუყურებთ.

ზოგადად, ლიზინგი ერთგვარ სამკუთხედს ქმნის – სალიზინგო კომპანია ყიდულობს აქტივს მომწოდებლისგან/დილერისგან კლიენტის დაკვეთით, გადაცემს მას სარგებლობაში და გარკვეული საზღაურების სანაცვლოდ კლიენტს შეუძლია გამოისყიდოს ან დაუბრუნოს სალიზინგო კოპანიას ეს აქტივი. შესაბამისად, ლიზინგი ორი სახის არსებობს: ფინანსური ლიზინგი, რომელიც მომხმარებლის მხრიდან აქტივის სრულ გამოსყიდვას გულისხმობს და საოპერაციო ლიზინგი, რომელიც გარკვეული ვადის შემდეგ აქტივის უკან დაბრუნების ან განახლების ოფციებს სთავაზობს კლიენტს.

-რა ტიპის კომპანიები მოიხმარენ ლიზინგს უპირატესად?

-თიბისი ლიზინგის ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, თუმცა მალე ვაპირებთ ახალი პროდუქტის შემოტანას, რომლის პოტენციური კლიენტი მსხვილი ბიზნესი იქნება. ასევე გვაქვს გარკვეული პროდუქტები ინდივიდუალური მოხმარებისთვის, თუმცა ეს არ არის ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი ჯერ-ჯერობით.

გარდა უშუალოდ პროდუქტებისა თიბისი ლიზინგი ყიდის სპეციალიზირებულ ცოდნას აქტივების შესახებ და ურთიერთობებს მომწოდებლებთან, რაც ძალიან ბევრ სარგებელს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს. ჩვენთან ურთიერთობით მათ შეუძლიათ მიიღონ როგორც დაფინანსება, ისე კვალიფიციური ცოდნა და ანალიზი აქტივის შესაძლო მოგების შესახებ, ასევე ექსკლუზიური ფასები მომწოდებლებისგან, სადაზღვევო კომპანიებისგან და სხვადასხვა მხარეებისგან, რომელსაც ჩვენ „თიბისი ლიზინგი”, როგორც მსხვილი დამკვეთი ხშირად ვიღებთ.


-როგორ შეიცვალა ლიზინგის მოხმარება 2003 წლიდან დღემდე ?

-„თიბისი ლიზინგი” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. ამოცანა იყო ის, რომ ბანკს შეექმნა ალტერნატიული დაფინანსების წყარო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მზად საბანკო-საკრედიტო პროდუქტების მისაღებად. ცხადია, კომპანიებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ საკმარისი უძრავი ქონება, კაპიტალი, ან ოპერირების ხანგრძლივი ისტორია, რომ ბანკისგან სესხი მიეღოთ, რადგან ამ დროისათვის ბანკის რისკპოლიტიკა დღევანდელთან შედარებით გაცილებით მკაცრი იყო. შესაბამისად ჩვენ უნდა შეგვექმნა მომხმარებელთა ისეთი ბაზა, რომელსაც ჯერ ბანკი ვერ დააფინანსებდა, თუმცა მომავალში გახდებოდნენ ბანკის კლიენტები.

2003 წლის შემდეგ თიბისი ლიზინგი საკმაოდ ნელა ვითარდებოდა. შედარებით სწრაფი განვითარება ამ სფერომ დაიწყო 2007 წლიდან – ეკონომიკური ზრდის პარალელურად. ზოგადად, თუ ეკონომიკური ზრდის მოლოდინი დაბალია, აქტივში ინვესტიციის ჩადება საკმაოდ სარისკოა, ამიტომ ლიზინგის სფეროს განვითრება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკური ზრდის ტემპთან. სწორედ ამ რისკების გამო ლიზინგი ბევრად მტკივნეულად რეაგირებს კრიზისზე, ვიდრე საბანკო სფერო, იმდენად, რომ პატარა სალიზინგო კომპანიები ხშირად ვერც კი უძლებენ ასეთ პერიოდებს. ლიზინგის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო 2008-2011 წლები.

ამ დროს კიდევ უფრო გამოვლინდა, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ლიზინგის სფეროს განვითარებას დაეხმარებოდა. უფრო მეტიც, კანონმდებლობაში იყო მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები, დაწყებული ბუნდოვანი განმარტებებით, დამთავრებული ერთმანეთის გამომრიცხავი პოსტულატებით.
კანონმდებლობა ზუსტად უნდა ასახავდეს სალიზინგო ურთიერთობებს. ვინ რა რისკს იღებს, ვინ რა სარგებელს იღებს – ეს საკითხები სამართლიანად გაწერილი უნდა იყოს. 2011 წლამდე თუ ზოგადად ბიზნესისთვის იყო შეღავათები, ლიზინგის შემთხვევაში კანონი ბევრად დისკრიმინაციული იყო.

2011 წელს ძალიან ბევრი რამ გაუმჯობესდა. პირველ რიგში განმარტების დონეზე. ლიზინგის განმარტება ძლიან ბევრ კითხვას ბადებდა და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. მოიხსნა განმარტების პრობლემა, ასევე ის ურთიერთწინააღმდეგობები, რომლებსაც კანონმდებლობა წარმოშობდა სასამართლო თუ საგადასახადო დავების დროს. ის, რაც დღეს გვაქვს, არის საერთაშორისო სამოდელო კანონი, რომელიც 2008 წელს რომში იქნა მიღებული და სწორედ ამ კანონზე დაფუძნებით მივიღეთ ქართული ვერსია 2011 წელს. ამის შემდეგ ჩვენი კომპანია 7-ჯერ გაიზარდა.


-რამდენია ამ დროისათვის თიბისი ლიზინგის პორტფელი და რა სფეროებს აფინანსებთ ძირითადად?

-ამ დროისათვის ლიზინგის ჯამური ბაზარი 121 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ ბაზარზე თიბისი ლიზინგის წილი 67%-ია. ბოლო სამ წელიწადში სალიზინგო ბაზარი 2-ჯერ გაიზარდა. კონკრეტულად თიბისი ლიზინგს რაც შეეხება, ბოლო სამ წელიწადში ჩვენი კომპანია 3-ჯერ გაიზარდა.

ზრდას რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, ეკონომიკური განვითარება დიდი სტიმულია სალიზინგო ბაზრის განვითარებისთვის. თუმცა მეორე მხრივ, ლიზინგის განვითარება მთელ რიგ სახელმწიფოებს დაეხმარა ეკონომიკური ზრდაში და მე ვფიქრობ, რომ თუ სწორად გამოიყენა სახელმწიფომ, ლიზინგი იძლევა საშუალებას რომ ეკონომიკის კატალიზატორი იყოს. ის, რომ ლიზინგი ახალისებს კომპანიებს, ჩადონ ფიქსირებულ აქტივებში თანხა, ეს ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო გაძლიერდება სალიზინგო ბიზნესი, უფრო თალსაჩინო გახდება ლიზინგის უპირატესობები.

რაც შეეხება დაფინანსების სფეროებს, ეს სფეროებია ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, მშნებლობა, მომსახურება და ა.შ. ჩვენი პორტფელი, რომელიც 85 მილიონ ლარს შეადგენს ამ მომენტისათვის, ძალიან დივერსიფიცირებულია და თითქმის ყველა სფეროზეა გადანაწილებული.

-როგორია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა ლიზინგის სფეროში?

-ევროპული კვლევის შდეგებით ყოველი 8-9 ერთეუით ლიზინგის ზრდა უზრუნველყოფს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იან ზრდას. იმ ქვეყნებში სადაც ლიზინგის მოცულობა მშპ-ს 1,7% შეადგენს, უმუშევრობის დონე 10%-იან კრიტიკულ ზღვარს ქვევითაა.

-მომავალში რა გეგმები გაქვთ?

-აქტიურად შევედით ავტოლიზინგის ბაზარზე. ყველა ავტოდილერთან გვაქვს ხელშეკრულება. გვაქვს ახალი პროდუქტი, რომელიც კლიენტს ავტომობილების განახლების შესაძლებლობას აძლევს. პროცედურა იმდენად მარტივია, რომ კლიენტს შეუძლია 1 დღეში გაიყვანოს მანქანა სასურველი ავტოცენტრიდან. გარდა ამისა, მათ დაზღვევის, ჯიპიესის და სხვადასხვა სერვისების საუკეთესო პაკეტებს ვთავაზობთ.

ახლახან დავნერგეთ პროდუქტი კომპანიებისთვის, რომლებიც მაიკროსოფტის ლიცენზიების შეძენით არიან დაინტერესებული. ეს პროდუქტი საშუალებას აძლევა მათ კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველყოფით მიიღონ თანხა ლიცენზირებული საოფისე პროგრამების დამონტაჟებისთვის.

ასევე ჩართული ვართ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის ყველა პროექტში – „იაფი აგროსესხი”, „აწარმოე საქართველოში”. ამ პროექტების ფარგლებში დაფინანსებული სტარტაპების 95% წარმატებული აღმოჩნდა, რაც ძალიან ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც დიდი წარმატებაა.

მთავარი სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის. კომპანია ამ ეტაპზეც რამდენიმე პროდუქტზე მუშაობს, რომელიც ჩვენს მიზნობრივ ბაზარზე იქნება მორგებული. ერთ-ერთი მათგანი ფლიტის დაფინანსებას გულისხმობს. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ განაახლონ ან გააფართოვონ თავიანთი ავტოპარკი და ამასთან ერთად მიიღონ მომსახურებათა ფართო სპექტრი, რის მართვასაც აქამდე მათი დრო და ენერგია მიჰქონდა. თიბისი ლიზინგი იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე, საწვავის კონტროლზე, სადაზღვევო შემთხვევების მართვაზე, დახმარებას გაუწევს მოულოდნელ სიტუაციებში (მაგ. საბურავის დაშვების შემთხვევაში) და ამგვარად, კომპანიებს შესთავაზებს დროისა და ფინანსური დანახარჯების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას. ეს ერთერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია განვითარებულ ქვეყნებში და დარწმუნებულები ვართ საქართველოშიც დიდ ინტერესს გამოიწვევს.

Share