Home » საზოგადოება » ნამახვანჰესის სეისმური უსაფრთხოების რუკა თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილის შედგენილია

ნამახვანჰესის სეისმური უსაფრთხოების რუკა თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილის შედგენილია

ენერგეტიკაში არსებულ გაუმჭვირვალობაზე, ბოლო პერიოდში, პრესა ხშირად საუბრობს. როგორც ჩანს, გაუმჭვირვალობის პრობლემა მხოლოდ ენერგოსექტორის გამოწვევა არ არის. ინფორმაციის დამალვის, დახურულობის, თავისიანებზე ხელის დაფარებისა და ზოგადად, გაუმჭვირვალობის პრაქტიკა, ჩვენი ეკონომიკისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა ენერგეტიკასთან მჭიდროდ და ორგანულად დაკავშირებული სხვა სფეროებისთვისაც.

„ბანკები და ფინანსებმა“ ერთი საინტერესო ფაქტი შენიშნა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გახმაურებული მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, ნამახვანჰესის სეისმური საშიშროების შეფასება, ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით, თავის დროზე, ბატონებთან მალხაზ მიმინოშვილთან  და გიორგი მენაბდესთან ერთად, შესრულებულია ზურაბ ჯავახიშვილის მიერ.

თავის მხრივ, ჯავახიშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, დღემდე არის ამ ცენტრის ახლანდელი დირექტორის, ქალბატონი თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილე 2007 წელს შექმნილ შპს „სეისმიკ კონსალტიგში“ (40%- თეა გოდოლაძე, 30 % ზურაბ ჯავახიშვილი).

„ბანკები და ფინანსების“ ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანტიჰესების კამპანიისას და რომელსაც ეკუთვნის რეფრენი ქუთაისის 34 მეტრიანი ტალღით შესაძლო დატბორვის შესახებ, არასდროს, არც ერთ საჯარო გამოსვლისას არ აღუნიშნავს, რომ ნამახვანჰესის კასკადის პროექტზე, სეისმური დასტური გაცემულია მისივე ბიზნეს -მეწილის, ბატონი ზურაბ ჯავახიშვილის მიერ.

ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ იხილავს მზის სინათლეს, თუკი ის არ იქნება განხორციელებული სპეციალურად შემუშავებული სეისმურია უსაფრთხოების რუკის შესაბამისად.

ამდენად, ორაზროვანი და უკვე ბევრი ქვეტექსტის შემცველი ხდება ის ფაქტი, რომ დღევანდელი მთავარი სეისმოლოგი ერთი მხრივ ბოლო რეგისტრში აპროტესტებს ნამახვანჰესის სეისმოლოგიას, როემლსაც მშენებელი კომპანია სამუშაოებისას ეყრდნობოდა მეორეს მხრივ,  ირკვევა, რომ ეს შეფასება მთავარი სეისმოლოგის, თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილის, ზურაბ ჯავახიშვილის შედგენილია.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისას დაფიქსირებული მსგავსი ორმაგი სტანდარტები და არაგულწრფელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც იწვევს და ხშირად მიზანმიმართულად აზიანებს კიდეც პროექტის იდეას.

დამაზიანებელი ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება, მაშინ, როცა საუბარი ენერგო და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ალბათ, გამოსავალი ის იქნება, თუ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი საზოგადოება შეთანხმდება, რომ ინფორმაციის დამალვა, მისი შერჩევითი გამჟღავნება, თავისიანებზე ხელის დაფარება და ნახევრად სიმართლით სიარული ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორებია და მსგავს პრაქტიკას ცხოვრების ყველა სფეროში გამოუცხადებს პროტესტს.

 

გიორგი ცაგარეიშვილი

 

Share