Home » საზოგადოება » „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაცია შედის
„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაცია შედის

„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში სიტუაციის რადიკალიზაცია შედის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა და განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციას ქმნის.

„რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და არის ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის (ყველამ თავისზე მიიღო გუშინ და დაიწყეს ხუმრობები, რომ ჩვენ ვაპირებთ ამას და იმას) და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველოში სიტუაცია არიოს.

„ისინი (ნაციონალები) უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქმნინ ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს ამოცანად ის, რომ ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს – მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები, გამოსასვლელები, და ა.შ. ეს ინფორმაციები არსებობს და ეს არის კანონიერი გზებით მოპოვებული ინფორმაციები.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ სიტუაცია აურიოს საქართველოში. ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველანაირ უფლებას გამოიყენებს, რომ რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ. საქართველოში არც 2003 წელია, რომ რაღაც პარალელები ავლონ და არც სხვა პარალელების გავლენა არ მინდა, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც დღეს საქართველო მიდის. ეს გზა არის დემოკრატიის გზა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს საქართველომ. პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რათა არჩევნები ყველანაირი დაძაბულობისგან იყოს თავისუფალი.

„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები. ეს არის აუცილებელი. ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და ესეც მინდა რომ გავაჟღერო, რომ მზად ვართ, ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს – არ ჩავატაროთ კონტრაქციები ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენი წარმომადგენელი იყოს იქ ახლო-მახლოს (რა თქმა უნდა, ზეწოლაზე არ არის საუბარი და წარსულში დარჩა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება და არ არის საჭირო ახლა ილუზიები და პარალელების გაკეთება), რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ ის და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტურის, ასევე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი იყოს თავისუფალი ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მე ეს მოვუწოდე, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, ეს ეხება ოპოზიციასაც. თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, რომ პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share