Home » საზოგადოება » ,,მზიური” პირვანდელ სახეს დაიბრუნებს
,,მზიური" პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

,,მზიური” პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

„მზიურის“ პარკის მოწყობასთან დაკავშირებით მასშტაბური სამუშაოები იწყება. მდინარე ვერეს ხეობისა და „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების უფროსებთან და ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ვერეს კალაპოტის ფორმირების პროცესის მიმდინარეობა შეამოწმა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.

ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება, პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებსდა შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია.„მზიური“ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის – მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწის ქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები.

დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. მერის დავალებით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

„მზიური“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

Share