Home » ბიზნესი » „მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის განმარტებით, ობიექტის “მწვანე ზონად” გამოცხადება გულისხმობს იმას, რომ ასეთ დაწესებულებებში შესვლას ის პირები შეძლებენ, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან, ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვთ, ან 6 თვის განმავლობაში კოვიდი გადაიტანეს.

„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. თუ ეს მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მომავალ დღეებში ველოდებით, ალბათ, რეგულაციების დამატებით გამკაცრებას. ჩვენ დიდი ხანია, საუბარი გვაქვს „მწვანე ზონებთან“ დაკავშირებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. შრომის უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ამის შემდეგ ეს თემა, ასე ვთქვათ, არ დაძრულა.

შეთანხმება მივიღეთ, რომ ის ბიზნესოპერატორი, რომელსაც სურვილი აქვს, „მწვანე ზონასთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, ეს ნებაყოფლობითი იქნება და ამ შემთვევაში ობიექტზე დაიშვება საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ორჯერადადა ვაქცინირებული ან აქვს პისიარ/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 6 თვის განმავლობაში კოვიდი აქვს გადატანილი. ეს მხოლოდ სარესტორნო სფეროს არ ეხება. თუ ეს თემა არ განხორციელდა, ჩვენ რეალურად ერთსა და იმავე წრეზე ვიბრუნებთ. რამდენიმე კვირაში ისევ იქნება კოვიდრეგულაციების გამკაცრება და შესაძლოა, რომელიმე სფერო ისევ დაკეტილი აღმოჩნდეს.

აქედან გამომდიანრე, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი როგორც არა მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ – გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ეს დანარჩენ ქვეყნებშია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. რეალურად, იქ კოვიდსიტუაცია აღარ განიხილება. იქ იმდენად დიდია ორჯერ ვაქცინირებული ადამიანების პროცენტული რიცხვი, რომ საერთოდ ვერ იგრნობთ, ამა თუ იმ ქვეყნაში კოვიდი ოდესმე თუ არსებობდა.

ჩვენ კი ამ პრობლემის წინაშე ვართ. მხოლოდ 3 %-მდეა ორჯერ ვაქცინირებულების რიცხვი, თუ ეს არ შეიცვალა, არა მარტო მეხუთე, არამედ მეექვსე, მეშვიდე და მერვე ტალღა შეიძლება, იყოს და რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ წრეზე ვიბრუნოთ.

„მწვანე ზონების“ შექმნა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს სამინისტროს ინიციატივაა. ესაა პრობლემა, რომ როდესაც საარჩევნო სიტუაციაა, ეს გადაიდო. „მწვანე ზონის“ შექმნის შესაძლებლობა დაახლოებით 2 კვირის წინ უნდა ყოფილიყო.

„მწვანე ზონა“ მოკლევადიან პერსპექტივაში ბიზნესისთვის სრულიად არახელსაყრელია იქედან გამომდინარე, რომ ამ დროს მომხმარებელთა რაოდნეობა იკლებს, მაგრამ საუბარი მაქვს გრძელვადიან პერსპექტივაზე, სადაც ეს „მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, რომ მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ. ეს არის მისი პრინციპი. თორემ კოვიდი რომ არ იყოს, „მწვანე ზონის“ საჭიროება არც იქნებოდა“   – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  “მწვანე ზონაში” ჩართული რესტორნებისთვის ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები მოხსნას.

„ამ ინიციატივას რომ ბევრი რესტორანი შეუერთდეს, ამიტომაც იყო ჩემი თხოვნა, რომ რესტორნებმა ბენეფიტები მიიღონ და თუ „მწვანე ზონაში“ ჩაერთვებიან, ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს, გარკვეულწილად მოესხნათ, ასევე, საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდეთ, ან გარკევული პეროდით გაუუქმდეთ.

ბიზნესოპერატორები შიშით უყურებენ იმას, რომ მომხარებლები დააკლდებათ, ბევრი რესტორანი „მწვანე ზონაში“ თვითნებურად ამიტომაც არ ერთვება. ზოგიერთი რესტორანი ჩართულია, გამოაცხადეს „მწვანე ზონა“. მაგალითად, ჩემს რესტორნებში ვაქცინირებულებს ფასდაკლება აქვთ, ასევე, თანამშრომლებს ხელფასი აქვთ მომატებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის მიერ კოვიდსტატუსის დადგენის მიზნის შემუშავებულია აპლიკაცია, ე.წ კოვიდბაზის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველის საშუალებით მოქალაქის კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას ახდენს.

„აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს, ასევე, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. ასევე, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრული ან ერთი დოზით თუ არის აცრილი ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ გადატანილი აქვს კოვიდი, ესეც იქნება ასახული აპლიკაციაში. აპლიკაციის შესახებ ჩვენ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს.

უახლოეს დღეებში ჩვენ გავმართავთ სექტორული მიმართულებით ბიზნესთან შეხვედრებს და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების შესახებ, როგორ უნდა გამოიყენონ და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას. ეს პირველ ეტაპზე არის სარეკომენდაციო ხასიათის და ბევრმა ორგანიზაციამ მათივე სურვილით უკვე დანერგა აღნიშნული აპლიკაცია და მოხმარებაში, ჩვენ როგორც გადავამოწმეთ, საკმაოდ წარმატებულად არის გაშვებული. სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესთან განვახორციელებთ ამ აპლიკაციის წარდგენას მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ და დანერგონ პრაქტიკაში აპლიკაციაში მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებს“, – განაცხადა ფერაძემ.

kvira.ge

Share