Home » საზოგადოება » „მთელი ისლანდია ერთ დიდ ვულკანზე ცხოვრობს და გენერაციის 99% ძირითადად ჰესებსა და გეოთერმულ სადგურებზე მოდის“

„მთელი ისლანდია ერთ დიდ ვულკანზე ცხოვრობს და გენერაციის 99% ძირითადად ჰესებსა და გეოთერმულ სადგურებზე მოდის“

„მთელი ისლანდია ერთ დიდ ვულკანზე ცხოვრობს და გენერაციის 99% ძირითადად ჰესებსა და გეოთერმულ სადგურებზე მოდის“, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ისლანდიაში ვულკანმა ფაგრადალსფიალმა გაიღვიძა. 2010 წელს გვახსოვს ვულკან ეიაფიალაიოკულის ამოხეთქვა, მისგან წარმოქმნილმა კვამლმა ლამის მთელი ევროპა რომ დაფარა.

ისლანდიაში 31 აქტიური და ჩამქვრალი ვულკანია აღრიცხული. აქედან 18-ის ამოხეთქვა აღრიცხულია ისლანდიის დასახლების პერიოდიდან. ეს კი ქრისტეს აქეთ დაახლოებით 900 წლიდან ითვლება.   მოკლედ, მთელი ისლანდია ერთ დიდ ვულკანზე ცხოვრობს და შეგიძლიათ თანდართულ რუკასაც შეხედოთ.

და არ გაინტერესებთ ეს ვულკანური კუნძული საიდან იღებს მაგალითად ელექტროენერგიას? ☺   კუნძულის გენერაციის 99% მთლიანად განახლებად წყაროებზე, ძირითადად ჰესებსა და გეოთერმულ სადგურებზე მოდის.  საკუთრივ ჰესების წილი 80%-ზე მეტია.  ისლანდიის წყალსაცავიან, კაშხლიან ჰესებს ცენტრალური როლი ენიჭებათ ისლანდიის, როგორც ინდუსტრიალიზებული ქვეყნის არსებობაში.

კარანიუკარი ისლანდიის ყველაზე დიდი ჰესია, რომლის წყალსაცავიც სამი სხვადასხვა ბეტონის ფასადიანი ქვაყრილიანი კაშხლითაა წარმოქმნილი.  კაშხლების სახელები არ იკითხოთ, ენის გასატეხია 😬 ყველაზე მაღალი კარანიუკასტიფლას კაშხალი 193 მეტრი სიმაღლის და 730 მეტრი სიგრძისაა, ამ პარამეტრებით ის ევროპაში ყველაზე განიერ კაშხლად ითვლება.  მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და 2006-ში დამთავრდა, ეს მათ გასაგონად, რომლებიც გაიძახიან რომ ევროპაში წყალსაცავებს და ჰესებს აღარ აშენებენ. სამივე კაშხალი ერთად ქმნის ჰალსლონის წყალსაცავს, რომლის დანიშნულებაც ელექტროენერგიის გამომუშავებაა.  ამ დენზე ისლანდიის ალუმინის წარმოებაცაა მიბმული.

2005 წელს ისლანდიის პარლამენტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას, რომლითაც კაშხლის გარშემო მიმდებარე ტერიტორიას კაშხლის პარკის დაცული სტატუსი მიანიჭა.  პარკის საზღვრები ისლანდიის მთელი ტერიტორიის ერთ მეათედს მოიცავს.  მარტივად რომ ვთქვათ, ტიპებმა კაშხალი, ჰესი და წყალსაცავი ააშენეს და პარკად აქციეს.  ისლანდიელი ხალხის მიერ უბოიკოტოდ არჩეულმა პარლამენტმა გააკეთა ეს.

საქართველოს წყალსაცავიანი ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე ზუსტად უდრის ისლანდიის ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრის ჯამურ მაჩვენებელს – დაახლოებით 2000 მეგავატი.

საქართველოს მშპ (2019) 17.5 მილიარდი დოლარია, ისლანდიის 20.8 მლრდ დოლარი.   მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისლანდიაში საქართველოზე ზუსტად ათჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს – 365 ათასი.  ამიტომაც ერთ სულზე ჯიდიპი იქ 60 ათასი დოლარია, ჩვენთან კი 4.7 ათასი.

სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ისეთი მედიასაშუალებები, რომელთა ხელმძღვანელებიც საშუალო ისლანდიელზე ხუთჯერ კარგად ცხოვრობენ და აკეთებენ 15 წუთიან სიუჟეტებს, თუ როგორ ამოხეთქავს ვულკანი ყაზბეგი და როგორი საშიშია მის სიახლოვეს ჰესის აშენება.

თან ამ ხალხს რომ კითხო ევროპაში უნდა. რუსეთში არა.  ოღონდ მსგავსი სიმდარე, უვიცობა, ბოღმა და უგემოვნობა რუსეთის მიყრუებულ პროვინციაშიც კი არ დაესიზმრებათ, რასაც საკუთარი პროპაგანდისტული მოღვაწეობისას იყენებენ.

აირჩიეთ ვის და რას უსმინოთ”.

Share