Home » ბიზნესი » „მთავრობის 4%-იანი სუბსიდირებით, ამ დროისთვის 5 600-ზე მეტი იპოთეკური სესხია გაცემული, 540 მილიონ ლარზე მეტის მოცულობის“

„მთავრობის 4%-იანი სუბსიდირებით, ამ დროისთვის 5 600-ზე მეტი იპოთეკური სესხია გაცემული, 540 მილიონ ლარზე მეტის მოცულობის“

იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ამ დროისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის იპოთეკური სესხია გაცემული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ განუცხადა, პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„ამ დროისთვის უკვე 5 600-ზე მეტი იპოთეკური სესხია გაცემული, 540 მილიონ ლარზე მეტის მოცულობაა, რომელიც სუბსიდირების პროგრამაშია ჩართული. პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, არ შემცირებულა მოთხოვნა პანდემიის მეორე ტალღის გააქტიურების მიუხედავად, რაც მოწმობს, რომ პროექტმა რეალური შედეგი გამოიღო და აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ შენარჩუნებული და მაღალია“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

Share