Home » ეკონომიკა » მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია, პოლიტიკურ ბატალიებში არიან ჩართულნი – ICR ჯგუფი

მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია, პოლიტიკურ ბატალიებში არიან ჩართულნი – ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ბრენდული მაღაზიების გახსნიდან რამდენიმე კვირის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ე.წ კომენდანტის საათი ეკონომიკასა და ბიზნესში პრობლემებს ქმნის.

„არგუმენტაციასაც ვერ ვიღებთ, მინიმუმ 1-2 საათით გადაწევა რატომ არ შეიძლება, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ყველა ადამიანი ვერ ასწრებს სამსახურის შემდეგ მოსვლას, რომც ჰქონდეს საშუალება, კომენდანტის საათამდე ფიზიკურად ვერ ასწრებს შესყიდვებს და შემდეგ სახლში დაბრუნებას. თუ დარჩათ დრო, საკვების შესაძენად მიდიან. კომენდანტის საათი ქართული ეკონომიკისთვის სერიოზული მუხრუჭია,“ – აცხადებს ხაზარაძე.

საკითხზე აქვს თუ არა რითეილ სექტორს მთავრობასთან კონსულტაციები “კომენდანტის საათის“ გადაწევასთან დაკავშირებით, ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია. “ჩართულნი არიან პოლიტიკურ ბატალიებში, ამიტომაც, სანამ ამას არ მორჩებიან, ვერ მოიცლიან და როცა მორჩებიან, შეიძლება გვიან იყოს,“ – აცხადებს ხაზარაძე.

მისი ინფორმაციით, ზოგადი დაკვირვებით, შოპინგი თერაპია აღარ არის. ადამიანი დადის აუცილებელი საჭიროებისთვის და არა სპონტანური შესყიდვებისთვის.

როგორც ხაზარაძე განმარატვს, დღეს პრიორიტეტი არსებული ბრენდების შენარჩუნებაა, რაც შეეხება ახალი ბრენდების შემოსვლას, ხაზარაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ICR ჯგუფი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა.

business-partner.ge

Share