Home » საზოგადოება » მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს
მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს

მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს

მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელდა, წარმატებით დასრულდა 2016 წელს. გადავწყვიტეთ, რომ საჯარო შეთავაზება გავაკეთოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე და შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ წილი ამ პროექტში. ეს არის პრივატიზაციის ფორმა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მიეცეთ შანსი ადგილობრივ ინვესტორებს, რომ, ასევე, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ეს არ იქნება ერთადერთი პრეცედენტი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგია და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორად ავითვისოთ ჰიდროენერგია, თუმცა ასევე უნდა ითქვას ის, რომ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება, გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებზეც აქცენტი იქნება გასაკეთებელი, ასე რომ, მინდა, ამ პროექტისთვის ყველას მადლობა გადავუხადო – კახი კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share