Home » საზოგადოება » “მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის ქმედებაშია, ბოლო წლების განმავლობაში, იგი მოქმედებს რეაგირების და არა პრევენციის რეჟიმში”

“მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის ქმედებაშია, ბოლო წლების განმავლობაში, იგი მოქმედებს რეაგირების და არა პრევენციის რეჟიმში”

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში სამჯერ გაზრდილმა რეფინანსირების განაკვეთმა, მოსახლეობისა და ბიზნესის უდიდესი ნაწილი, რომელსაც საბანკო სესხები აქვს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააყენა.

რატიშვილის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი დღევანდელი მონაცემებით 2%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს საბანკო სესხი ორჯერ და ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად გაეზარდათ.

„ჩვენ მოსახლეობას და ბიზნესს ძალიან აწუხებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რადგან ეს პროცესი პირდაპირ არის მიბმული საბანკო სესხების პროცენტზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის შესაბამისმა კომიტეტმა, მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ზრდის მიმართულებით სამჯერ მოახდინა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება. საბოლოო ჯამში ეს ციფრი გაზრდილია 2%-ით. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის შეიძლება 2 % არაფრის მთქმელია, მაგრამ ეს არის მძიმე დარტყმა ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც კომერციულ ბანკში აქვს სესხი აღებული.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას იღებს გარკვეული ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. პირველი და უმთავრესი, არის ინფლაცია. მიზნობრივი ინფლაცია, 2021 წელს განსაზღვრულია 3 – 3,5%-ის ოდენობით, მაშინ, როდესაც ივნისი-ივლისის მონაცემით, ინფლაციის მაჩვენებელი გახლდათ 11,8%, ხოლო აგვისტოს 12,8 %-ია. ანუ, ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზეა. ეს ცხადი ხდება როდესაც მაღაზიაში შეხვალთ, ნებისმიერი პროდუქტის ფასი კატასტროფულად არის გაზრდილი.

ინფლაციას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი, როგორც ქვეყნის შიგნით, ეკონომიკის მდგომარეობა, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ფაქტორები. ვგულისხმობთ, მთელ მსოფლიოში გაზრდილ ფასებს, როგორც ნედლეულზე, ისე სურსათსა და ნავთობზე, საქართველო კი სწორედ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. ამას ემატება ჩვენი ვალუტის კურსის არასტაბილურობა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცემულობა. ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში განაპირობებს რეფინანსირების განაკვეთის იძულებით ზრდას.

თუმცა, მთავარი პრობლემა ეროვნული ბანკის ქმედებაში, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის ის, რომ იგი მოქმედებს რეაგირების და არა პრევენციის რეჟიმში. ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს რამდენიმე თვის შემდეგს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მოვალეობაა, პრევენციული ზომები გაატაროს და არა უკვე დამდგარ ძალიან უარყოფით შედეგზე მოახდინოს რეაგირება, რაც დღეს გვაქვს და რასაც თიოთოეული ჩვენგანი ჯიბეზე ვგრძნობთ.

ამიტომ, ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გატარდეს უღრმესი, ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმები, რომ ცვლილება თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახოს და არა მხოლოდ ცარიელ ციფრებში, რომელსაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ასახელებენ,“ – განაცხადა რატიშვილმა.

Share