Home » ეკონომიკა » მთავრობა ინდუსტრიული ზონების ძველ გეგმას მიუბრუნდა
მთავრობა ინდუსტრიული ზონების ძველ გეგმას მიუბრუნდა

მთავრობა ინდუსტრიული ზონების ძველ გეგმას მიუბრუნდა

საქართველოს ხელსუფლებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიმართულებით ბევრი არაფერი გამოსდის, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებს ერთსა და იმავეს. მორიგი თიზ-ი ისევ ქუთაისში გაიხსნა, ხოლო მომავალში კიდევ ერთის ამოქმედება ანაკლიაში იგეგმება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ აქამდე რაც გაიხსნა, მათგან დიდი ხეირი არც ქვეყანას და არც თიზ-ების მმართველებს არ უნახავთ.

ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა პარასკევს ამოქმედდა. ცერემონიას ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებით, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი განესაზღვრა 30 წლით, 2045 წლამდე. ზონა ქუთაისში 36 ჰექტარზეა განთავსებული.

თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა, არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე.

სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ თიზ-ში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მთავრობა მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება და მორიგი ინდუსტირული ზონის გახსნას ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს. სამომავლოდ, პორტთან 600 ჰექტარზე თიზ მოეწყობა. ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილმა ეს განცხადება საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც ორი დღე, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობდა. მისი ინფორმაციით, ქვეყანას აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგად ბევრი პროექტი დარჩება. მაგალითად, პარასკევს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს.

„ეს არის 100 მილიონზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტი. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოტენციალზე და იმ შესაძლბელობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციაა. ანაკლიის პორტთან ასევე გაკეთდება 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ ძალიან კარგი კანონი არსებობს.

„მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს კანონი მოქმედებს, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოში ვაწარმოოთ პროდუქცია და შემდეგ ევროპაში შევიტანოთ“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

ანაკლიის თიზ-ი როგით მე-7 თავისუფალი ზონა იქნება ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ წინა 6-და ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ გახსნილა, ზოგმა არ იმუშავა და ვერც ახლა მუშაობს, მთავრობა მაინც არ ეპუება შექმნილ რეალობას და ჯიუტად აგრძელებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პოპულარიზებას. შედეგი ჯერჯერობით მიზერულია. საქართველოში გახსნილ-დაანონსებული თიზ-ებიდან რეალურად მხოლოდ ქუთაისის ზონა მუშაობს და ისიც ვერ გადის სასურველ სიმძლავრეზე.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თიზ-ი ამოქმედდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობას დაუწესდეს.

დღეს მსოფლიოში 3 ათასზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური (ინდუსტრიული) ზონა არსებობს, თუმცა მხოლოდ 20% თუ არის თავისი საქმიანობით წარმატებული.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]

წყარო: For.ge

Share