Home » საზოგადოება » „მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი”
„მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი”

„მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი”

საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში! მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისა და ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობისთვის! დღევანდელ ფორუმს, რომელიც საერთაშორისო ეგიდით ტარდება, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ამ ფორუმის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია მსჯელობა და აზრთა გაზიარება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ამის დიდი გამოცდილება აქვთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ საზღვაო ტრანსპორტზე მოდის მსოფლიო ტვირთბრუნვის ყველაზე დიდი წილი. მოგეხსენებათ, საზღვაო ტრანსპორტი საუკუნეების განმავლობაში საქონლის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი საშუალება იყო. დღეს კი, ჩვენს ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, მისი განვითარება სრულიად ახალ მოთხოვნებს გვიყენებს.

სწორედ ამიტომ, დიდ დატვირთვას იძენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომლის პოზიტიური როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგია გლობალური მასშტაბით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დიდი თუ პატარა სახელმწიფოების ხმა თანაბრად ისმის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას დიდი როლი მიუძღვის საზღვაო ტრანსპორტის გლობალური სისტემის ჰარმონიზაციაში”, – განაცხადა ბახტაძემ.

Share