Home » ფინანსები » მსოფლიო ბაზარზე გაზი გაძვირდა, რა მოხდება საქართველოში?

მსოფლიო ბაზარზე გაზი გაძვირდა, რა მოხდება საქართველოში?

2021 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზარზე როგორც ბუნებრივი აირის, ისე თხევადი გაზის ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა. ამის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და თხევადი გაზის წარმოებასა და ლოგისტიკაში გაჩენილი პრობლემებია. მოახდენს თუ არა ეს გარემოება საქართველოზე გავლენას?  

წლის დასაწყისში თხევადი გაზის შესყიდვა აზიაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ფასმა 1000 კუბურ მეტრზე რეკორდულ მაჩვენებელს – 800 დოლარს მიაღწია. შედეგად, მთელი თავისუფალი თხევადი გაზი აზიაში წავიდა, ევროპა კი „გაზპრომს“ შერჩა, თუმცა მოთხოვნა აზიაში იმდენად გაზრდილია, რომ აშშ-დან დღე-ღამეში თხევადი გაზის ექსპორტმა 277 მლნ კუბმეტრი შეადგინა. ევროპაში ამ მოცულობის მხოლოდ 30% მიდის, ხოლო აზიაში – 50%.

გაზის ფასი როგორც აზიაში, ასევე ევროპაში რეკორდს რეკორდზე ხსნის. მაგალითად, ჰოლანდიურ სავაჭრო პლატფორმაზე 1000 კუბმეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებამ 252 დოლარი შეადგინა, რაც მაქსიმალური ფასია 2019 წლის 25 იანვრის შემდეგ.

ექსპერტების აზრით, ეს ნახტომისებური ზრდა დროებითი მოვლენაა და წინასწარ შესყიდვაზე ფასის შემცირება უკვე დაიწყო, თუმცა საინტერესოა, იქონიებს თუ არა გავლენას ეს გარემოება სხვა რეგიონებზე და მათ შორის _ საქართველოზე.

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, თუნდაც საერთაშორისო ბაზარზე გაზის ღირებულება გაიზარდოს, ეს საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს.

„თხევად გაზზე თუ ფასმა მოიმატა, ეს ჩვენს სამომხმარებლო ტარიფზე არა და ვერ იმოქმედებს, რადგან პირველი – ტარიფი უკვე დადგენილია და მეორეც, ჩვენ თხევად გაზს, თუ არ ჩავთვლით ავტომობილების მცირე რაოდენობას, ფაქტობრივად, არ ვიყენებთ. ასე რომ, მისი რაოდენობა იმდენად მცირეა, ჩვენთან სერიოზულად ვერც იმოქმედებს.

საქართველოში მოსახლოებისათვის, წარმოებებსა და ქარხნებში მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ აირს ვიყენებთ, მსოფლიოში მისი ღირებულების მკვეთრ ცვლილებას მე ვერ ვხედავ და ასე რომც მოხდეს, საქართველოში სოციალური გაზის მოწოდება იმდენად სტაბილურია, რომ აბსოლუტურად არ იმოქმედებს სამომხმარებლო ტარიფებზე.

ჩვენ გაზი, ძირითადად, აზერბაიჯანისგან შემოგვაქვს, რომელიც, დაახლოებით, 2,5 მლრდ კუბმეტრია და ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის რუსეთიდანაც, დაახლოებით, 200 მლნ კუბმეტრი. ასე რომ, საერთაშორისო ბაზარზე, ამ ეტაპზე, ბუნებივი აირის ფასის საგრძნობი მატება რომც მოხდეს, აქაურ ტარიფზე არ იმოქმედებს.

რაც შეეხება თხევად გაზს, გეთანხმებით, რომ მისი ღირებულება ძვირია, მაგრამ როგორც ვახსენე, საქართველოში მისი მოხმარება იმდენად მცირეა, ეს გარემოება მნიშვნელოვანად არ აისახება. აქ ავტომობილებშიც კი გათხევადებულ ბუნებრივ აირს იყენებენ. ასე რომ, ამ მხრივ საშიში მდგომარეობა არ არის”, – განუცხადა გია არაბიძემ „რეზონანსს”.

2021 წლის პირველი კვარტალი განსაკუთრებით მომგებიანი იქნება „გაზპრომისთვის“. ბუნებრივი გაზი დღეს ევროპაში უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე _ თხევადი, თანაც, მისი მიწოდება უფრო სტაბილურია და არაა დამოკიდებული სატრანსპორტო ნაკადებზე. ბუნებრივი გაზი, ასევე, თხევადზე იაფია.

საქართველოში ამჟამად გაზზე სამწლიანი ტარიფია დადგენილი, რის გამოც ღირებულების შეცვლა არ მოხდება, მაგრამ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის რამდენიმე წლით დადგენა არ ხდება. მათ გადასახადი 2021 წლის დადგომასთან ერთად ისედაც გაეზარდათ და ბიზნესისთვის გაზის ტარიფმა 24 თეთრით მოიმატა.

ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ბაზარზე დაწყებული გაზის გაძვირება საქართველოზე არ აისახება.

„საერთაშორისო ბაზარზე გაზის ღირებულების ზრდა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ კონკრეტული გარემოებით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ვმუშაობთ გრძელვადიანი კონტრაქტებით, სადაც ფასი დაფიქსირებულია. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით, საქართველოსთვის არაფერი იცვლება”, – განუცხადა თემურ გოჩიტაშვილმა „რეზონანსს”.

წყარო: resonancedaily.com

Share