Home » ეკონომიკა » მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება – დარგის შესუსტება ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქმნის

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება – დარგის შესუსტება ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქმნის

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება – დარგის შესუსტება ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქმნის

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მცირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 2015 წელთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ერთბაშად 113 ათასით შემცირდა. აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 2015 წლიდან, პირუტყვის რაოდენობა კლებითი ტრენდით ხასიათდება. 2015 წელს – 992.1 ათასი, 2016 წელს 962.7 ათასი, 2017 წელს 909.7 ათასი, 2018 წელს 878.9 ათასი.

მეცხოველეობის დარგი შესუსტება პირდაპირპროპორციულად აისახება იმ პროდუქციის წარმოების მოცულობასა და ხარისხზე, რაც მათგან მიიღება. მაგალითად, რძე, ყველი, ხორცი და ა.შ. შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები და სექტორში მოღვაწე მეწარმეები, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური თანმხვედრი ნაბიჯების გადადგმა ითხოვენ.

მსხვილი რქოსანი პირუტყვის შემცირებამ, უკვე შექმნა პრობლემები რძის წარმოების მიმართულებით. პრესა და მედიაში ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სპეციალისტების განცხადებებსა თუ სტატიებს, სადაც რძისა და ყველის წარმოებაზეა საუბარი. კონკრეტულად კი ირანული რძის იმპორტიდან მომდინარე რისკებსა და წარმოებაში რძის ფხვნილის გამოყენების თაობაზე.

ყველის გილდიის თავმჯდომარეს, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ქართული წარმოების რძეს დიდი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული რძე კი არა, მარსიდანაც ჩამოიტანენ და ალბათ, ქორბუდასაც მოწველიან იმ მდგომარეობაში ჩავარდება“, – აცხადებს ანა მიქაიძე-ჩიკვაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რითი დაეხმაროს ქართულ მესაქონლეობას.

„ხელისუფლებას სჭირდება დაფიქრება. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რითი დაეხმაროს ქართულ მესაქონლეობას. ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული რძე კი არა, მარსიდანაც ჩამოიტანენ და ალბათ, ქორბუდასაც მოწველიან იმ მდგომარეობაში ჩავარდება. ამიტომ, დროა და ძირითადად, ვისაც ეს გვეხება – სამ მოთამაშეს: სახელმწიფოს, მეწარმეს და მომხმარებელს, დავირაზმოთ და რამე ერთობლივი, სერიოზული პროგრამა დაიწეროს, რაც ქართულ მესაქონლეობას და რძის მოპოვებას გადაარჩენს”, – განაცხადა “ყველის გილდიის” თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, “ქართული რძის ფედერაციის” მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ირანული რძის საქართველოში იმპორტის საკითხები იქნა განხილული.

მეწარმე ზეინაბ აბულაძის განცხადებით, არსებული რძის რესურსი შიდა მოხმარების მხოლოდ 18 პროცენტს აკმაყოფილებს. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს ორიენტირი მაღალპროდუქტიული წარმოების შესაქმნელად.

„არსებული რძის რესურსი შიდა მოხმარების მხოლოდ 18 პროცენტს აკმაყოფილებს. ფაქტობრივად, მეწარმე რაც არ უნდა კეთილსინდისიერი იყოს, იძულებულია რძის ფხვნილი იქნება თუ ირანული რძე, გამოიყენოს. ეს იმიტო ხდება, რომ რესურსი არ არსებობს. მოთხოვნა არის და მიწოდებაც რაღაცით ივსება. მეწარმისათვის და იგივე ფერმერისათვის წარმოების შეწყვეტა უარყოფითი მოვლენაა. ამიტომ, ის იძულებულია მოიხმაროს ირანული რძე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება მერძევეობის სექტორში, ვფიქრობ, აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციოდ, საწარმოსთვის მით უმეტეს, ტონა რძე უნდა არსებობდეს. მაღალპროდუქტიული ფერმის შექმნა ყველა მინუციპალიტეტში აუცილებელია. ეს იქნება მოტივატორი დანარჩენი მეწარმეებისათვის, თუ როგორ უნდა შეიქმნას ნედლი რძე. მთავარია, პირველადი რძის წარმოების განვითარება, სადაც ბევრი რისკი და პრობლემაა. ვფიქრობ, სახელმწიფო სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს და შექმნას მაღალპროდუქტიული წარმოება“, – აცხადებს მეწარმე ზეინაბ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდა.

ცვლილების მიხედვით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა 140 კილოგრამიდან 200 კილოგრამამდე გაიზარდა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია, წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

ცალსახაა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდასა და სანაშენე საქმიანობის განვითარებას, რაც არსებულ არასახარბიელო მდგომარეობის გარკვეულწილად გამოსწორების პერსპექტივას იძლევა, თუმცა, მაღალპროდუქტიული წარმოების მისაღწევად მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. სასურველი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს კოოპერატიული საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა, რაც საწარმოო რესურსების გაერთიანების საშუალების და სოფლის მეურნეობის დარგში უკეთ ოპერირების კარგი საშუალებაა.

გარდა ამისა, საჭიროა საძოვრებისათვის გამოყოფილი ნაკვეთებისა და მსხვილფეხა პირუტყვების სწორი მოვლა-პატრონობა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მაღალპროდუქტიულ შედეგზე გასვლას. მართალია, დარგში სახელმწიფოს მხრიდან გაღებული ხარჯები, თვალშისაცემ ეფექტს გრძელვადიან პერიოდში იძლევა, თუმცა, ამ დარგის განვითარება სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია, რაზეც შესაბამის ორგანოებს კიდევ უფრო მეტად აქტიური სამუშაოების გატარება მართებთ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერითა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

სანდრო პირველი

Share