Home » ეკონომიკა » მშპ აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

მშპ აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნომინალური მშპ 29.9%-ით 15.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი – 133.6%-იანი ზრდა ხელოვნება გართობისა და დასვენების სექტორში დაფიქსირდა, რაც აზარტულ თამაშებს გულისხმობს. აზარტული თამაშების ბრუნვა მეორე კვარტალში 81%-ით – 11 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო პროდუქციის გამოშვება 125%-ით – 481 მლნ ლარამდე.

10 წლის წინ 2011 წელს აზარტული თამაშების წილი ბიზნესის ბრუნვაში 1.15%-ს შეადგენდა, 2016 წელს მან 8.6%-ს მიაღწია, პანდემიურ 2020 წელს – 27.8%-ს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 31.7%-ს და მეორე კვარტალში 31.6%-ს. პროდუქციის გამოშვების ნაწილში მისი წილი შედარებით მოკრძალებულად 2.3%-დან 3.6%-მდე გაიზარდა. მთლიან სიდა პროდუქტში კი მისმა წილმა 5.4% შეადგინა. აქამდე საქსტატი სექტორის მხოლოდ ზრდის დინამიკას აჩვენებდა, მის წილს ეკონომიკაში „სხვა დარგებში“ აერთიანებდა.

აზარტული თამაშების გარდა მნიშვნელოვანი 76%-იანი ზრდა სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით დაფიქსირდა, 54%-იანი ზრდა აღინიშნა საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, საფინანსო და სადაზღვეო სფერომ 46%-იანი ზრდა აჩვენა, მშენებლობამ – 37%-იანი ზრდა.

მშპ-ს ფორმირების პროცესში ყველაზე დიდი 15.9%-იანი წილი ვაჭრობას უკავია, 11.6%-ით მეორე ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა იკავებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.6%-ით მესამე ადგილზეა, მშენებლობის წილი 8.6%-ს შეადგენს, სოფლის მეურნეობის 7.8%-ს.

წყარო: commersant.ge

Share