Home » ახალი ამბები » “მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება”
"მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება"

“მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება”

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ორგანიზაცია „გენი ქართულის“ განცხადებას მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თითქოს კომიტეტმა ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა, დაუმსახურებელ ბრალდებას უწოდებს.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მიწვეული ჰყავდათ ათზე მეტი ორგანიზაცია, მრავალშვილიანი დედები, პროფკავშირები, დემოგრაფები, იურისტები და სხვა დარგის ექსპერტები.

„შენიშვნა იმის თაობაზე, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭება მოხდეს ასაკის შეუზღუდავად, პირველივე სხდომაზე იქნა გათვალისწინებული. ეს შენიშვნა, არასამთავრობო ორგანიზაციამდე თავად მე დავაფიქსირე სხდომაზე.

რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტზე ამ საკითხის განხილვას, კომიტეტებს გადაგზავნილი ჰქონდათ პირველადი, ინიცირებული ვარიანტი. ყველა კომიტეტის სხდომაზე ჩემს მიერ დაფიქსირებული იქნა ის, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე იმიტომ, რომ, ეს ასე უნდა იყოს. შესწორებული ვარიანტი საბოლოოდ გავა სესიაზე. ორგანიზაციებმა არ იციან პარლამენტის შიდა პროცედურული საკითხები, რაც არ არის გასაკვირი. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ ორგანიზაცია „გენი ქართული“ ყველა ღონისძიებაზე გვყავს მოწვეული, მე მათ კარგად ვიცნობ, მაგრამ რატომღაც წარმოჩენის მიზნით, პრესის საშუალებით ისურვეს ჩვენთან საუბარი.

რაც შეეხება საერთოდ, საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას, სწორედ ჩემი და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყანაში 30-წლიანი გაყინული თემის ამუშავება. დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი ინიციატივის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელიც უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება ქვეყნის ხელისუფლებას უმაღლეს რანგში ჰყავს აყვანილი და მუშაობა სწორედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს. ვინც ამ საკითხში თუნდაც მცირედ წვლილს შეიტანს, ტაშს დავუკრავთ. დაუმსახურებელ ბრალდებებს კი არ ვიღებთ. რაც შეეხება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს, სტატუსი განისაზღვრება ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Share