Home » ბიზნესი » მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებშია
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებშია

მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებშია

სავალდებულო დაზღვევა – სადაზღვევო კულტურის ამაღლების გარანტი თუ დამატებითი გადასახადი მოქალაქეებისთვის

დაზღვევა რისკების მართვის ერთ-ერთ ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება. მექანიზმი კი არის შემდეგი: მრავალ ადამიანს პერიოდულად შეაქვს თანხა საერთო ფონდში, საიდანაც კონტრაქტის პირობების თანახმად, კომპენსაციას ღებულობენ მხოლოდ დაზარალებული სუბიექტები. დაზღვევა წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული საერთო რისკების მქონე ინდივიდების ერთგვარ შეთანხმებას, რომ გაჭირვების ჟამს ერთმანეთს დაეხმარონ, ხოლო მათი კავშირის მაორგანიზებელი კომპანია ამაში ცალკე მოგებას იღებს.

ეს მექანიზმი განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია მთლიანი შიდა პროდუქტის 8,15%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი 2,71%. რაც შეეხება საქართველოს, ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე სურათია. კერძოდ, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების მოზიდული საერთო პრემია, რომელიც არის 393 მილიონი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის 1,16%-ია. ანუ განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებში ვდგავართ.

ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, არის მძიმე სოციალური ფონი და მოსახლეობაში დაზღვევის კულტურის არქონა. კულტურის არქონის ნათელი მაგალითია სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული გლეხების სახელმწიფოსადმი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რაც ხან კმაყოფილდება, ხან – არა. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე თვის წინ `ბავშვთა სამყაროში~ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეები ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზიანი მიადგა მხოლოდ მათ ბიზნესს და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს ოქროს ბიზნესთან, რომელიც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, მათ უმეტესობას დაზღვეული არ ჰქონდა თავიანთი საქმიანობა. ეს ყველაფერი დაზღვევის კულტურის არქონაზე მიუთითებს და მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის განცდა, რომ მისი პატრონი სახელმწიფოა და მისი ბიზნესიც სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს.

საქართველოს სადაზღვევო სექტორი ციფრებში

მიუხედავად ამ არასახარბიელო მდგომარეობისა, სადაზღვევო სექტორი ვითარდება. თუ გადავხედავთ ბოლო სამი წლის მონაცემებს, სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემია წლიდან წლამდე საშუალოდ 14%-ით იზრდება. თუ 2014 წელს ჯამურმა მოზიდულმა პრემიამ 302 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს ეს რიცხვი 393 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება აქტივებს, იგი 2015 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, ხოლო კაპიტალი – 36%-ით. სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2016 წელს თითქმის 19 მილიონი ლარი დაფიქსირდა, რაც 7-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით.

სადაზღვევო სექტორში დომინანტური პოზიცია ბაზრის 45%-იანი წილით სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, რომელიც 175 მილიონ ლარს აჭარბებს. მას მოსდევს ქონების დაზღვევა 65 მილიონი ლარით და სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა 60 მილიონი ლარით. ჯამში ამ სამი სეგმენტის წილი მთლიან დასაზღვევო სექტორში 76%-ს შეადგენს. შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი 7%-იანი წილი უჭირავს სიცოცხლის დაზღვევას.

საყურადღებოა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით საკმაოდ დამაჯერებლად იზრდება ბაზრის არალიდერი სექტორები: სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 56%-ით, საავიაციო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 41%-ით, ფინანსური დანაკარგებისგან დაზღვევა – 27%-ით, სამოგზაურო დაზღვევა – 15%-ით, ჯანმრთელობის დაზღვევა – 14%-ით. სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საავიაციო პასუხისმგებლობის დაზღვევის ზრდა ბაზარზე შემოტანილმა ახალმა პოლისებმა განაპირობა. მაგალითად, ისეთმა, როგორიცაა სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის” მიერ შემოთავაზებული ქართული საჰაერო ცის დაზღვევა.

სადაზღვევო ბაზარი კომპანიების მიხედვით

ქართულ სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებს 14 კომპანია. მათგან პირველ სამ ლიდერ კომპანიაზე, ,,ჯი პი აი”, ,,ალდაგი”, ,,იმედი L”, მოდის მთლიანი მოზიდული პრემიის 55%. მართალია, ,,ჯი პი აი” ბაზრის ნომინალური ლიდერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ,,ალდაგი” და ,,იმედი L” გაერთიანებული არიან ერთი ჰოლდინგის ქვეშ. ამიტომ მართებული იქნება, თუ მათ საერთო წილს შევადარებთ ,,ჯი პი აი-ს”. ამ შემთხვევაში, სურათი იცვლება – ამ ორი კომპანიის საერთო პრემია 132 მილიონი ლარია, რაც ბაზრის 34%-ს შეადგენს. ამ პირობებში ბაზრის უდაო ლიდერი ,,ალდაგია”.

თუ სექტორების მიხედვით მიმოვიხილავთ, ვნახავთ, რომ პირველ სამ ლიდერ სექტორში (სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სახმელეთო სატრანსპორტო დაზღვევა) ,,ალდაგი” ან ,,იმედი L” არიან ლიდერები. კერძოდ, სამედიცინო დაზღვევაში ,,იმედი L” ლიდერობს 36%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ ორში – ,,ალდაგი” – თითოეულში 37%-იანი წილით, ხოლო ,,ჯი პი აი” სტაბილურად მეორე ადგილზეა. სხვა სექტორებშიც ,,ალდაგი” და ,,ჯი პი აი” ლიდერობენ.

როგორც ვხედავთ, სადაზღვევო ბიზნესი პრაქტიკულად სამი სექტორისგან შედგება, რომლის 60%-ს ინაწილებს ორი კომპანია. სადაზღვევო სექტორის განვითარების დონე, როგორც თავიდან აღვნიშნე, ჩანასახის ეტაპზეა და ძირითადი ზრდა მას წინ ელოდება. რაც დრო გადის, მით უფრო უკეთ ხვდება მოსახლეობა, რომ თავიანთ შემოსავლის ნაწილი დაზღვევას უნდა მოახმარონ, თუმცა ტემპი საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა 2016 წელს 2014 წელთან შედარებით 1,4%-ით მეტია, რაც ძალიან დაბალი ზრდაა. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ხელისუფლება ხშირად საუბრობს სადაზღვევო სექტორში რეფორმების გატარებაზე. ამ მხრივ, გამოირჩეოდა კერძო და სახელმწიფო დაზღვევის გამიჯვნა. ამ ცვლილებით სახელმწიფომ უარი თქვა საშუალო და მაღალშემოსავლიანთა დაზღვევაზე და სერვისი მიზნობრივი გახდა დაბალშემოსავლიანებისთვის. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში, ნამდვილად საჭირო რეფორმა იყო.

სავალდებულო დაზღვევა

სავარაუდოდ, წელსვე ამოქმედდება ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობა და, ზოგადად, სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით რეფორმების გატარებაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი. აქ ორი უმთავრესი საკითხი დგას დღის წესრიგში: სავალდებულო დაზღვევის შემოღებით დაზღვევის კულტურის არქონის პრობლემა ავტომატურად იხსნება და ყველა მოქალაქე ხდება დაზღვეული და დაზღვევის სერვისის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით, დიდი ალბათობით, ამ სერვისის ფასი შემცირდება. გარკვეული ტიპის რეგულაციებს თავად ევროკავშირთან ასოცირების პროცესი ითხოვს.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, სახელმწიფომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გარკვევით განაცხადოს, რომ იგი არ არის სადაზღვეო კომპანია და არცერთ ზარალს, მათ შორის არც ყურძნის მოსავლის განადგურებას, არც ხანძრის შედეგად ოქროს და არც სხვა რაიმესახის ბიზნესს არ დააზღვევს და ამის შემდგომ, მოსახლეობა თავად გადაწყვეტს ურჩევნია ბედის ანაბარა ცხოვრება თუ ურჩევნია სტაბილურ, საიმედო გარემოში ცხოვრება.

სავალდებულო დაზღვევასაც გააჩნია საკმაოდ ბევრი ნაკლი, ვინაიდან იგი შეიძლება ჩავთვალოთ გადასახადად და მასაც სხვა სახელმწიფო გადასახადის მსგავსი ბუნება აქვს – ჩვენს უკითხავად გვართმევენ და ჩვენს უკითხავად გვახარჯავენ ან არ გვახარჯავენ. სახელმწიფოს მხრიდან კი ამ კიდევ ერთი ბეგარის დამატება, ერთი მხრივ უსამართლოა. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული პრეფერენციები, ზოგი ადამიანი რისკმოყვარულია, ზოგი – რისკნეიტრალური, ზოგიც – რისკმოძულე. რა ცხოვების გზას აირჩევენ, ეგ თავად უნდა გადაწყვიტონ. რისკის ქვეშ ცხოვრებაც ადამიანის უფლებაა და სახელმწიფოს მხრიდან იმის მტკიცება, რომ მას (მოქალაქეს) პირიქით – ურისკო ცხოვრება მოსწონს, სრულიად უსაფუძვლოა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს უჭირს მოქალაქეებს პირადაპირ უთხრას, რომ იგი სადაზღვევო კომპანია არ არის და ყველა მოქალაქემ თავად უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და თავად უნდა გაწიოს რისკ მენეჯმენტი.

გიორგი ლობჟანიძე

Share