Home » ბიზნესი » „მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად“

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად“

„არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, რა შედეგი მოჰყვება პროტესტს. მოვაჭრეები ნაწყენები არიან ჩვენზეც, ყველაზე და აღარც გველაპარაკებიან,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა.

„მოვაჭრეები ბიზნესმენები არიან და თავჩაქინდრული შრომობდნენ ყოველთვის, ახლაც ერთი სული აქვს ყველას როდის გაიხსნება ბაზრობა, რომ მალე დაიწყონ მუშაობა.  ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი ფაქტობრივად დარჩა ყველაფრის გარეშე. ფაქტია, რომ ხან მოლად ვითვლებით და ხან ბაზრობად. „ლილო“ ეს მოლია რა თქმა უნდა, 35 ჰექტარზე ვართ განთავსებული, სადაც 6000 ამდე მაღაზიაა,“ – ამბობს გიორგი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი დაასახელა. დღემდე ასევე საბჭოს გადაწყევტილებით დაანონსებული იყო, რომ ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები 1 თებერვალს იხსნებოდა.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეების მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცეთ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

წყარო: commersant.ge

Share