Home » ფინანსები » მოტოციკლეტებისა და მოპედების განბაჟება ძვირდება
მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟება ძვირდება

მოტოციკლეტებისა და მოპედების განბაჟება ძვირდება

საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟების პრინციპი იცვლება. თუ აქამდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ღირებულების 18%-ით ბაჟდებოდა, ამიერიდან მათზე გავრცელდება იგივე პრინციპი, რომელიც ავტომობილებზე მოქმედებს, ანუ განბაჟდება მოტოციკლეტის ან/და მოპედის ძრავის კუბატურის და ასაკის მიხედვით, ცხრილში წარმოდგენილი ტარიფებით:

აღნიშნული ცვლილება განხორციელდა იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოყვანას. მაგრამ, რეალურად, ეს ცვლილება, საპირისპირო ეფექტს იძლევა.

განბაჟების პრინციპის შეცვლა რეალურად გამოიწვევს ძვირადღირებული მოტოციკლეტების და მოპედების გაიაფებას, ანუ რომელთა ღირებულების 18% აღემატება ძრავის კუბატურის და წლოვანების მიხედვით გამოყვანილ ტარიფს. ხოლო ის მოტოციკლეტები და მოპედები, რომლებიც მაგალითად 10 წელზე მეტი ასაკისაა, მაგრამ ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა, ვიდრე იგივე წლოვანების ავტომობილი, გაძვირდება, ვინაიდან ახალი პრინციპით განბაჟება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ღირებულების 18%-ია (ანუ აქამდე მოქმედი ნორმა).

ახალი მოტოციკლეტები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ის არაა მასობრივი მოხმარების და მისი ძირითად მომხმარებელს ვიწრო სეგმენტი წარმოადგენს, რომლისთვისაც აღნიშნული ტრანსპორტი უფრო ჰობი და გატაცებაა, ვიდრე გადაადგილების საშუალება. ამდენად, მოტოციკლეტის და მოპედის შეძენა გაუიაფდება უფრო მაღალშემოსავლიან სეგმენტს, ხოლო საშუალო და დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის ის გაძვირდება.

მაგალითისთვის, ახალთახალი „ჰარლი დევიდსონის“ მარკის მოტოციკლეტის განბაჟება დაჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე 10 წლის იაფფასიანი მოტოციკლეტის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება ძალაში შევიდა და გათვალისწინებული არ იქნა ის პირები, ვისაც უკვე დაწყებული აქვს მოტოციკლეტის ან მოპედის იმპორტი. ანუ, ადამიანებს გათვლა ჰქონდათ, რომ განბაჟებისას გადაიხდიდნენ ღირებულების 18%-ს და ამ პირობებში იყიდეს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო როცა ჩამოვა, განბაჟება მოუწევთ კოდექსის ახალი ნორმის მიხედვით, ანუ ძრავის კუბატურის და წლოვანების მიხედვით.

„ბ&ფ“ დაუკავშირდა ერთ-ერთ იმპორტიორს, რომელიც აცხადებს, რომ ეს ცვლილება მისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა და უკვე განხორციელებული შესყიდვებით იგი ზარალზე წავა:

„აქამდე, მოტოციკლეტის იმპორტირებისას, მის ღირებულებას აფასებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და მისი შეფასების მიხედვით ვიხდიდი თანხის 18%-ს.მაგალითად, ერთ-ერთ მოდელს, რომელსაც რამდენიმე დღეში ველოდები, ფასიდან გამომდინარე 18%-ის გათვალისწინებით, განბაჟებაზე უწევდა დაახლოებით 900 ლარის გადახდა. როდესაც საზღვარგარეთ შევისყიდე ეს მოტოციკლეტი, მაშინ მოქმედებდა კანონის ეს ნორმა, ხოლო სანამ ჩამოვიდა მოტოციკლეტი, კანონი შეიცვალა და ახლა მიწევს 1800 ლარის გადახდა განბაჟებაში, რაც ჩემთვის უკვე ზარალია. ვფიქრობ, ცვლილება წინასწარ უნდა დაეანონსებინათ, ან მიეცათ იმპორტიორებისთვის გარკვეული ვადა, რომ თადარიგი დაეჭირათ. ჩემთვის რომ წინასწარ ყოფილიყო ცნობილი ამ ცვლილების შესახებ, აღარ ვიყიდიდი ამ მოტოციკლეტს და ზარალსაც თავიდან ავირიდებდი“, – აცხადებს იმპორტიორი.

ამდენად, აღნიშნული ცვლილება გააიაფებს ძვირადღირებული მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟებას და გააძვირებს დაბალფასიანი, შედარებით ასაკიანი მოტოციკლეტების და მოპედების განბაჟებას, რითაც მოსახლეოის ფართო ფენებისთვისნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება  ამ სახეობის ტრანსპორტის შეძენა, რაც ამ ცვლილებების იდეასაც, ანუ გარემოზე ზრუნვასაც ეწინააღმდეგება.

 

სანდრო პირველი

Share