Home » საზოგადოება » მოსწავლეები მიკროავტობუსებითაც უფასოდ იმგზავრებენ

მოსწავლეები მიკროავტობუსებითაც უფასოდ იმგზავრებენ

1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ეღირება.

ამასთან, მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება.

ახალი სააბონემენტე სისტემის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1-ლი თებერვლიდან მოქალაქეები მგზავრობის საფასურის გადახდას შეძლებენ, როგორც მეტრომანებით ერთჯერადად, ასევე პლასტიკური ბარათებით და რა თქმა უნდა ახალი სააბონემენტე ბარათებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ლურჯ მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში, აქამდეც შეუძლებელი იყო მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა, ასევე ბარათით ხდება ანგარიშსწორება ახალ ავტობუსებშიც, თუმცა არის რამდენიმე ავტობუსი დარჩენილი, სადაც კვლავ არის შესაძლებელი ნაღდი ფულით მგზავრობა, მაგრამ ეტაპობრივად იქაც მოხდება ამის ამოღება,“-აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, სააბონემენტე სისტემის ამოქმედების მიუხედავად, 1-ლი თებერვლიდან მგზავრების ნაწილი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას კვლავ შეძლებს. მათ შორის, ეს შეღავათი უკვე მიკროავტობუსებზეც გავრცელდება და თუ მაგალითად, მოსწავლეები აქამდე ავტობუსებით და მეტროთი უფასოდ მგზავრობდნენ, ახლა მიკროავტობუსითაც უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას. ამასთან, როგორც წილოსანმა აღნიშნა, მგზავრების 55%-ი სწორედ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და ა.შ. ამასთან, შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

Bpn.ge

Share