Home » ახალი ამბები » მოსამართლე თეა ხამხაძის “კარის ბოლო გაჯახუნება” და განაჩენი – კეზერაშვილი გამართლდეს!
მოსამართლე თეა ხამხაძის “კარის ბოლო გაჯახუნება” და განაჩენი – კეზერაშვილი გამართლდეს!

მოსამართლე თეა ხამხაძის “კარის ბოლო გაჯახუნება” და განაჩენი – კეზერაშვილი გამართლდეს!

„2012 წელს აღიკვეთა საკუთრების უფლებისა და ბიზნესის თავისუფლების მასობრივი ხელყოფის სისტემური პრაქტიკა. დღეს საკუთრება და ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან სრულიად თავისუფალია. 4 წლის განმავლობაში ბიზნესზე ზეწოლის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა” – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

ამავე პროგრამაში ვკითხულობთ: „წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები დაისაჯნენ ან ქვეყნიდან გაიქცნენ. პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის მუშაობის საფუძველზე წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა დასხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, პროკურატურამ აწარმოა გამოძიება 191 სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო 81 ყოფილი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, 38 შემთხვევაში კანონიერ მფლობელებს 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების წართმეული ქონება დაუბრუნდათ. გამოძიება გრძელდება 324 საქმეზე“.

პროგრამაში არაფერი წერია იმაზე, რომ  მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რის გაკეთებასაც ისინი ადამიანებს ჰპირდებოდნენ. 15 მილიონზე მეტი ღირებულების წართმეული ქონების დაბრუნებას რაც შეეხება, ეს ციფრიც არაფრის მთქმელია არსებულ რეალობასთან შედარებით. ამ და ორჯერ მეტი ღირებულების  ქონება თითო ბიზნესმენისთვისაა იძულებით, შანტაჟით და სხვადასხვა ფორმის ზეწოლით წართმეული.

სწორედ ამ თემებით აპელირებდა „ქართული ოცნება“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მიუხედავად დაპირებებისა, არ შექმნილა არც საგამოძიებო და არც  ხარვეზების დამდგენი კომისია, არ მომხდარა კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვა. არადა, ყველა ეს პირობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში იდო.

დღეს, 4 წლის თავზე,  ადამიანები, რომელთაც ბიზნესი და ქონება უკანონოდ წაართვეს, აცხადებენ, რომ მათთვის სამართლიანობა არ აღდგენილა.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში კი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ზოგადი ფრაზა გვხვდება: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“

სამართლიანობის აღდგენის  და უკანონოდ წართმეული ქონების მოთხოვნით შეტანილი უამრავი საქმე პროკურატურაში დღემდე თაროზეა შემოდებული. პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები კი ხშირ შემთხვევაში იმდენად სუსტია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, რომელთა მხრიდან ბიზნესის იძულებით წართმევაზე ათეულობით და ასეულობით ბიზნესმენი საუბრობს, გამამართლებელი განაჩენები დგება.

მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომლის წინააღმდეგაც არაერთ ბიზნესმენს აქვს ჩვენება მიცემული. თუმცა, ქართულ მართლმსაჯულებას მის მიმართ ძირითადად გამამართლებელი განაჩენები გამოაქვს.

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პროცესი საქალაქო სასამართლოში12 აგვისტოს დასრულდა და მალე ამ საქმის გაგრძელება სააპელაციო სასამართლოს მოუწევს.

14397987_1285793218099029_1668468826_n

პროცესის სკანდალურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისმა ყოფილმა მოადგილემ მისცა. მამუკა მუჯირი სასამართლოსთვის მიცემულ  ჩვენებაში დეტალურად აღწერდა დავით კეზერაშვილის მხრიდან ბიზნესმენებზე ზეწოლის და მათი მთელი ქონების იძულებით გადაფორმების ფაქტს. მიუხედავად თვითმხილველის ჩვენებისა,  მოსამართლე თეა ხამხაძემ გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

ეს თეა ხამხაძის ბოლო სასამართლო პროცესი გახლდათ. მას მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა, ხოლო იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე  ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა იმისთვის, რომ ამავე რანგში გაეგრძელებინა თავისი კარიერა.

თეა ხამხაძის განმარტებით, სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც იძულების და ვერც ფასთა სხვადასხვაობის ფაქტი, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ჰქონოდა.

როგორც „სენტა პეტროლიუმის“ მეპატრონეები აცხადებენ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა,  კეთილსინდისიერ მეპატრონეებს “სენტა პეტროლიუმსა” და „ბემონს“ წილი იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ეებზწ -„სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia“-სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმზე.

ამონარიდი მამუკა მუჯირის ჩვენებიდან: „იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა, სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი   წყვეტდნენ ნებისმიერი ადამიანის ბედს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო დათო კეზერაშვილი. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც. რას ქვია იტყოდა დაგიჭერო და არ შეასრულებდნენ მერაბიშვილი, ან ადეიშვილი?!

ჩემი თვალით ვარ შემსწრე, ჩემი მუშაობის პერიოდში, ყოველ საღამოს მიდიოდა კეზერაშვილი ადეიშვილთან და იქ იყო კრება. ან ყოველ საღამოს ამასთან იკრიბებოდნენ ხოლმე უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი. ძალიან ბევრჯერ. მაგ შეხვედრებზე კაბინეტში ერთი-ორჯერ ვარ შესული, როდესაც ერთად იყვნენ შეკრებილები. ეს იმდენად ხშირი იყო, ცხადია, დაუკითხავად არ შევდიოდი. ინტენსიობა საკმაოდ ხშირი იყო.“

„სენტა პეტროლიუმის“ საქმეში ახალი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სრულად აღწერდა იმ სქემას, რომლითაც  2004-2012 წლებში ქონების წართმევა, ბიზნესმენების დაჭერა და მათთვის თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოძალვა ხდებოდა. თუმცა, მოსამართლე თეა ხამხაძისთვის, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

ზაალ იაკობიძე: („სენტა ჯგუფის“) დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.

ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა კიდევ რამდენიმე შეხვედრა, სადაც კეზერაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენგან ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, წინააღმდეგ  შემთხვევაში, პრობლემების შექმნით, დაპატიმრებით, ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.

მამუკა მუჯირი: კეზერაშვილი იმ დროს თანამდებობაზე აღარ მუშაობდა. იყო ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი. ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის „ახევა“.

სხვის შემთხვევაში რას შვებოდა არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.

თავიდან, მე რამდენადაც ვიცი, უთქვამს, რომ 28 მილიონს გადაგიხდით და უნდა მომყიდოთო. ერთი დღე მისცა მოსაფიქრებელი ვადა. ბიჭებმა მე მითხრეს, რომ არ უნდოდათ საერთოდ გაყიდვა იმიტომ, რომ იმ პერიოდში, რამდენადაც მათგან ვიცოდი, თვეში დაახლოებით 10 მილიონის, თუ მეტის მოგება ჰქონდათ. მთხოვეს, იქნებ მიხვიდე, შენ ახლოს ხარ მაგასთანო. იქნებ მიხვიდე და თხოვო, რომ თავი დაგვანებოსო. თემა ეს იყო.

მეორე დღეს მივედი პიქსელის შენობაში კეზერაშვილთან და ვკითხე, რა ხდებოდა, რაში იყო საქმე, რას ერჩოდა. კეზერაშვილმა მომიყვა ასეთი ამბავი, რომ ვიღაც უცხოელი ინვესტორი იყო, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესში ფულის ჩადებას აპირებდა, მზად იყო, რომ რომელიმე ქსელი შეეძინა და ბიზნესის 50%-ში მზად იყო, რომ 100 მილიონი დოლარი გადაეხადა. კეზერაშვილმა მომიყვა, რომ დაახლოებით ასეთი სქემა ჰქონდა მოფიქრებული, რომ იმ პერიოდში იყო ასეთი გაკოტრებული ქსელი „მაგნატი“ რომელსაც, თუ არ მეშლება, ბანკი ყიდდა 6 თუ 7 მილიონ დოლარად. მაგრამ ამ „მაგნატს“ ბენზინგასამართი სადგურები ჰქონდა ცუდ ადგილას. თბილისში არ იყო წარმოდგენილი კარგად და ძირითადად რაიონებში ჰქონდა ეს თავისი ბენზინგასამართი სადგურები. „სენტა პეტროლიუმს“ კიდევ სწორედ თბილისში, თუ არ მეშლება, 10 თუ 15 ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა და რაიონებშიც კარგად იყო წარმოდგენილი. კეზერაშვილს ასეთი გეგმა ჰქონდა, რომ უნდოდა ეს ორივე ბრენდი გაეერთიანებინა ერთი ბრენდის ქვეშ, ანუ თბილისშიც ექნებოდა სადგურები და რეგიონებშიც. 28 მილიონი ამათთვის კიდეც რომ მიეცა, 7 მილიონი ბანკიდან „მაგნატის“ ქსელს რომ წამოიღებდა დაახლოებით 30-35 მილიონს მისი ხარჯი, იდეაში, არ უნდა ამცდარიყო. ამას ერთი ბრენდის ქვეშ უპირებდა შეფუთვას და 50%-ში 100 მილიონიანი ინვესტორი შემოჰყავდა.

წილში წილი რჩებოდა და 100 მილიონს ფულად შოულობდა. მითხრა, ეს იაკობიძეს და მიმინოშვილს არ უთხრაო. ამხელა მოგების მიღების პერსპექტივა ჰქონდა. ეს შეთანხმებული მაქვს ყველასთან და აღარაფერი შეიცვლებაო. მაგათ ურჩიე, მოეშვან სისულელეებს, მოვიდნენ და მომიწერონ ხელიო. იმხელა მოგების მიღებაზე იყო საუბარი, გასაგებია მისი მოტივაციები.

იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად.

მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს.“

ამავე სასამართლოზე დავით კეზერაშვილის მეგობარი, ბიზნესპარტნიორი და „მარჯვენა ხელი“ კახა ნინუა სკაიპით დაიკითხა. ის ადასტურებს, რომ „სენტა პეტროლიუმის“ წარმომადგენლები კი არ მისულან მათთან მოლაპარაკებაზე, არამედ დავით კეზერაშვილმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიასთან მათი ბიზნესის „შეძენის“ მიზნით. კახა შუამავალი დავით კეზერაშვილსა და სენტას დამფუძნებლებს შორის კი სწორედ კახა ნინუა გახლდათ. კახა ნინუას ჩვენებით დასტურდება ისიც, რომ „სენტას“ მეპატრონეები საერთოდ არ აპირებდნენ ამ ბიზნესის გასხვისებას.

მოსამართლე თეა ხამხაძე: მე როგორც ვიცნობ კეზერაშვილს წარმომიდგენია… პირადად არ ვიცნობ კეზერაშვილს, ვიცნობ პრესიდან, ტელევიზიიდან, ასე შემდეგ… მე სხვანაირად ვიცნობ კეზერაშვილს, ამიტომ გამიქარწყლეთ ეს პოზიცია. მე შემიძლია ვიფიქრო რომ იყო იძულების ფაქტები ამ ხელშეკრულების გაფორმებისას.

თუ მე მეკითხებით იქ რა საუბარი იყო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და სრულად ვაცნობიერებ ჩემს მდგომარეობას და ვიცი, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება და ისედაც რა ვიცი, თავის ქებას არ დავიწყებ, არ მიყვარს ბევრი ტყუილი.

უშუალოდ თუ გნებავთ, რომ კეზერაშვილის ქება-დიდება დავიწყო, მგონი  მაგას არ მეკითხებით… თუ მეკითხებით იმ შეხვედრაზე არ ხდებოდა პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით გპასუხობთ, იმიტომ რომ არანაირი დაძაბულობა არ ხდებოდა. პირდაპირ გეტყვით,  მამუკასთან მე ისე ვმეგობრობდი, რომ იქ რამე დაძაბულობა ყოფილიყო…მე დათოსთანაც ძალიან ახლოს ვმეგობრობდი და მამუკასთანაც, იქ რომ რაიმე დაძაბულობა ყოფილიყო, მე ამას არ დავუშვებდი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, „მომეცი ბიჭო“ და „არ მოგცემ ბიჭო“ არ ყოფილა, თქვენ არასწორი წარმოდგენა გაქვთ, თუ გჯერათ ჩემი, არ ვიცი.

მოსამართლე თეა ხამხაძემ კახა ნინუას დაუჯერა. მისთვის კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ჩვენება უფრო სარწმუნო აღმოჩნდა, ვიდრე კეზერაშვილის მოადგილის. გადაწყვეტილებაც კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

სასამართლო განხილვისას, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის საეჭვო დასკვნას ეხება.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საეჭვო დეტალები:

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივარის საფუძველზე, 2013 წლიდან ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას ჯერ აწარმოებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, აღნიშნული საქმის გამოძიება ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტში გაგრძელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 181-ე (გამოძალვა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 25 აგვისტოს გამოძიებამ დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები.

როგორც საქმის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს: ექსპერტიზა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გამოძიებას რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.

2016 წლის 29 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გასცა დასკვნა და სამივე შეკითხვის პასუხად, აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა 22 200 000 აშშ დოლარით (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა).“

სამოქალაქო დავის პროცესში გაირკვა, რომ 2016 წლის ივნისში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ სამხარაულის ექსპერტიზის იმავე დეპარტამენტს დაუკვეთა ექსპერტიზის ჩატარება და ითხოვდა აქტივების შეფასებას, თუმცა აღნიშნულზე გიორგი ჩადუნელმა, მის მიერ გაცემული დასკვნით უპასუხა, რომ ექსპერტიზა ვერ გასცემდა სათანადო დასკვნას, რადგან „სან პეტროლიმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

2016 წლის ივლისში „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ ისევ დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარება იმავე საკითხთან დაკავშირებით და ექსპერტიზისგან ითხოვდა შპს “სან პეტრლიუმ ჯორჯია”-სა და შპს “ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზ”-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “ბემონი”-სა და შპს “სენტა პეტროლიუმი”-საგან შეძენილი აქტივების ღირებულების განსაზღვრას.

ნანა ფრიდონაშვილი: თუმცა, გამოძიება ითხოვდა ბიზნესის შეფასებასაც, აქტივებთან ერთად. ივნისში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გიორგი ჩადუნელი მიუთითებდა, რომ „სან პეტრლიუმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან, როგორც ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ქონების ღირებულება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებისგან უხვად მოიპოვა „სენტა“-სა და „ბემონი“-სგან მიწოდებული საჭირო დოკუმენტაცია, დასკვნის გაცემაც აღარ „გაჭირვებია“.

25 აგვისტოს, გამოძიების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, 29 თებერვალს გიორგი ჩადუნელმა დასკვნა გასცა და შემდეგ, 17 დღეში, 17 მარტს, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მიერ ივლისში დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც არ დააყოვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის მიერ გაცემული ორივე დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულებები დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს გიორგი ჩადუნელი დაიკითხა სამოქალაქო საქმეზე.

მან განაცხადა: „ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არა ბიზნესი“. სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გიორგი ჩადუნელმა 2015 წლის 9 ნოემბერს წერილით #5005787415 მიმართა გამოძიებას დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე და მოითხოვა გამოძიებას დაეზუსტებინა ექსპერტიზისთვის კონკრეტული საკითხი: „გთხოვთ, დაგვიზუსტოთ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი: კერძოდ, რა თანხას შეადგენს შპს „ბემონის“ და შპს „სენტა პეტროლიმის“, როგორც ბიზნეს საწარმოს, საბაზრო ღირებულება? გულისხმობს თუ არა ერთიანი ბიზნესის საბაზრო ღირებულების დადგენას, თუ ცალ-ცალკეკომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენას?“. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა თავადვე მიაღწია იმას, რომ მის მიერ გაცემული ორივე დასკვანა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დადგეს, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეში.“

მოსამართლე თეა ხამხაძისთვის არც ეს აღმოჩნდა საინტერესო დეტალი.  მან ამ საქმეში იძულება ვერ დაინახა. მისი გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილი კეთილსინდისიერი მყიდველი იყო.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტლებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

წყარო: iPress.ge

Share