Home » საზოგადოება » მოსახლეობა „მეტრა-დეველოპმენტის“ წინააღმდეგ – ატყუებენ, თუ თავს იტყუებს თბილისის მერია
მოსახლეობა „მეტრა-დეველოპმენტის“ წინააღმდეგ - ატყუებენ, თუ თავს იტყუებს თბილისის მერია

მოსახლეობა „მეტრა-დეველოპმენტის“ წინააღმდეგ – ატყუებენ, თუ თავს იტყუებს თბილისის მერია

წელიწადზე მეტია, რაც ბაგებში ე.წ. „მეტრა პარკის“ მოსახლეობა ინტენსიურად  აპროტესტებს დეველოპერული კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ ფარულ და ვანდალურ გეგმას, რაც კომპლექსის ტერიტორიაზე 3 ახალი მრავალსართულიანი მასიური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და რასაც  კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებთან უშაუალო სიახლოვეში არსებული  ლანდშაფტური ციცაბო კლდოვანი ფერდობის 15 მეტრის სიღრმეზე ჭრა-ნგრევა და 200-მდე ხე-ნაგრავის განადგურება უნდა მოყვეს. ყოველივე ეს მაღალი საფრთხის შემცველია 7-10 მეტრის მოშორებით  მდებარე 4 სართულიანი სახლების საცხოვრებელი ზოლის მოსახლეობისთვის.

მოსახლება კატეგორიულად აპროტესტებს და ასაჩივრებს თბილისის მერთან და  მერიის შესაბამის სამსახურებთან  დეველოპერის  ვანდალური, ტერიტორიისთვის შეუსაბამო და მაღალი საფრთხის შემცველი  მშენებლობის განსახორციელებლად წარდგენილ განცხადებებს. კერძოდ, მოსახლეობა პირდაპირ მიუთითებდა  უამრავ დარღვევასა და ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დეველოპერი ხშირად იყენებდა და კვლავაც აგრძელებს მერიის სამსახურების შეცდომაში შეყვანის პოლიტიკას. კერძოდ, – ხდება არასწორი ფოტომასალის და ფოტომონტაჟების წარდგენა, არსებული რეალობის დამახინჯება, საექსპერტო დასკვნების გაყალბება და არასათანადოდ მომზადება. მერიის სამსახურებს მოსახლეობამ ბევრჯერ მიაწოდა ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების შემცველ გარემოებებზე. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნა სიტუაცია, რომ რეალურად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი დეველოპერს დროში გაეწელა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მიუხედავად მრავალი ხარვეზისა და შეუსაბამობისა, საბოლოოდ უარს მაინც „ვერ“ ეუბნება დეველოპერს აღნიშნულ ნაკვეთზე (რომელიც თავისი თვისობრივი მახასიათებლებით სატყეო ზონას განეკუთვნება), მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

მობინადრეები აცხადებენ, რომ დეველოპერმა სულ ახლახანს, კერძოდ  4 მარტს,  არქიტექტურის სამსახურს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგინა განახლებული სატრანსპორტო სქემა, რომელიც უკიდურესად საეჭვო ვითარებაში  თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა შეითანხმა და საპატრულო პოლიციამაც სატრანსპორტო სქემა მიიღო. უკიდურესად საეჭვო ვითარებას კი ქმნის ის გარემოება, რომ 4 თვის წინ იგივე სატრანსპორტო სამსახურის მიერ გამოცემულია ოფიციალური დასკვნა, რომლითაც სატრანსპორტო სამსახური მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალ განაშენიანებას და საკითხისადმი  აშკარად უარყოფითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე  სატრანსპორტო კვლევის ჩატარების საჭიროებასაც არ თვლიდა საჭიროდ.

სავარაუდოდ, ერთგავარი შეცდომაში შეყვანის ტაქტიკაა ისიც, რომ დეველოპერმა იცოდა რა, რომ საპატრულო პოლიციაში მოსახლოებას გაპროტესტებული ქონდა ძველი სატრანსპორტო სქემა, ამჟამად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სატრანსპორტო სქემის შეთანხმებაზე მიმართა არა საკუთარი სახელით, არამედ სხვა კომპანიის, კონკრეტულად კი ს.ს. „მეტრა პრაიმ“-ის სახელით.

ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედით სამშენებლო ნაკვეთზე გზის გაყვანა უნდა მოხდეს არსებულ საცხოვრებელ ზოლთან გამავალი ვიწრო გზის დონიდან 5 მეტრით შემაღლებული კიდის მქონე  მკვეთრად დახრილი კლდის მასივის მოჭრის და მასზე განლაგებული ელდარის ფიჭვების და სხვა ნარგავების გადადგურების ხარჯზე, რისი ნებართვაც კომპანიას არ გააჩნია და ასევე არც არსებული გრგ-თი არაა მსგავსი რამ გათვალისწინებული.

„აქ ახალი გზის მშენებლობა ყოვლად წარმოუდგენელია და არცერთ ჯანსაღ ლოგიკაში არ ჯდება, რომ კლდის ნგრევების და ჭრის წერტილიდან მანძლილი არსებულ 4 სართულიან სახლებთან უკვე-6-7 მეტრამდე მცირდება, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეებს გაცილებით ზრდის და არსებული ვიწრო გზის ზოლიც  გადიკეტება“- აღნიშნავს აღშფოთებული მოსახლეობა.  აღსანიშნავია ისიც, რომ არსებულ ვიწრო გზამდე დაერთებისთვის ახალი გზის მოსაწყობად კლდის ფერდის მასიური ნგრევა უნდა განხორციელდეს და ამ ყველაფერში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ვიწრო ზოლიც უნდა მოყვეს, რაზეც არანაირი გადაწყვეტილება და ნებართვა არ არსებობს.

მოსახლეობა კიდევ ერთხელ მიმართავს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუ სამსახურს „არ ძალუძს“ დაინახოს დეველოპერის განაცხადებში უხეში დარღვევები და დანაშაულებრივი ქმედებები და უარი უთხრას დეველოპერს,  მაშინ ის მაინც შეძლოს, რომ მისცეს მომიჯნავედ მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება, ჩაერთონ განაცხადის განხილვაში. მითუმეტეს რომ, ამის თაობაზე მოსახლეობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ოფიციალური დადებითი პოზიცია აქვს მერიისგან მიღებული, მაგრამ პირობების გაცემის მიუხედავად, რეალური ჩართულობა დღემდე არ განხორციელებულა.

 „კიდევ ერთხელ მოუწოდებთ თბილისის მერიის სამსახურებს, მათ შორის  არქიტექტურის სამსახურს,  არ დაუშვან სამსახურებრივი გულგრილობა და სამოხელეო დანაშაული, თავიანთი ქმედებით ხელი არ შეუწყონ ბუნებრივი ლანდშაფტის განადგურებას და  არ დააყენონ არსებული მოსახლეობა მაღალი საფრთხის ქვეშ.

„ბატონებო, დაიცავით  თქვენს მიერვე გაჟღერებული ქალაქის განვითარების სწორი სტრატეგია, – მწვანე და ბუნებრივი სივრცეების შენარჩუნების კონცეფცია.  ჩვენ უკვე  ვართ მოტყუებულნი გაუმაძღარი ფინანსური ინტერესით შეპყრობილი დეველოპერის  მიერ. მოგიწოდებთ, ნუ დაიბრმავებთ და მოატყუებინებთ თავს და ნურც ჩვენ მოგვატყუებთ“ – აცხადებენ მობინადრეები, რომლებიც  ხაზს უსვამენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახლა მერიამ  „მეტრა დეველოპმენტის“ დირექტორის ქ-ნ ნატალია გლინსკაიას მიერ წარდგენილ განაცხადებებზე – AR1635897, AR1654542, AR1654543  საბოლოო თქვას უარი.

 

Share