Home » ეკონომიკა » მორიგი რუსული საფრთხე ტურისტული სეზონის და ქართული ღვინის სექტორისთვის

მორიგი რუსული საფრთხე ტურისტული სეზონის და ქართული ღვინის სექტორისთვის

პანდემიით დამძიმებული ეკონომიკა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს

საქართველო რუსულ ბაზარზე რომ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ არაერთხელ დაუწერია. დამოკიდებულების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მთელ რიგ სექტორებს მოიცავს: ენერგეტიკა, ფულადი გზავნილები, ღვინის სექტორი, ტურიზმის სექტორი და ა.შ.

რუსეთი რომ საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალს იყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღს, ესეც არახალია და ამის გამოცდილების ადგილობრივი და უცხოური პრაქტიკაც მრავლად არსებობს. ახლო წარსულიდან ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდგომ საქართველოში ჩავარდნილი ტურისტული სეზონი. კერძოდ, ამ მოვლენამ ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის, ავია მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. შედეგად, ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრად შემცირების მოლოდინი შეიქმნა. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა სხვა ქვეყნებიდანაც.

ამჯერად, იგივე საფრთხის წინაშეა მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონი. საქართველოში ვლადიმირ პოზნანის ვიზიტის შემდგომ განვითარებული მოვლენების საპირწონედ, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსების ყოფნა საშიშია და უსაფრთხო არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ნათლად განაცხადა, რომ საქართველოში წასვლა საშიშია და მისი თქმით, რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ.

„საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ, ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები.

ამასთან, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმაც იგივე პათოსის განცხადა გააკეთა პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტის საუბრისას და აღნიშნა, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და აქ რუსი მოქალაქეებისთვის ყოფნა საშიშია.

შესაბამისად, რუსეთის არაპროგნოზირებადი პოლიტიკიდან გამომდინარე, სავსებით რეალურია, რომ მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონის ფარგლებში საქართველოში რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ. მოგეხსენებათ, ქართული ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული ტურისტების შემოსვლაზე რუსეთიდან. ასე მაგალითად, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან მილიონ 471 558 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, 2018-ში მილიონ 404 757 ათასი ვიზიტი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ მოვლენები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება, ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს.

„ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებში ლარის კურსისა და ზოგადად ვალუტის შემოდინებების მკვებავი წყარო იყო, დღეს არათუ გაჩერებულია, არამედ პოლიტიკური ვითარების გამო კარგავს შანსს, წელს შემოსავლები მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია პოზნერის ცნობილ ვიზიტსა და იქ მოწყობილ გამოსვლებთან, დემარშთან დაკავშირებით. ამან შეიძლება, ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა იქონიოს. ვფიქრობ, ეს საქართველოში რუს ტურისტებს შეამცირებს. სხვათა შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნა, იგივე სასტუმროების დაჯავშნა, სწორედ ამ მიმართულებას ჰქონდა.

სავარაუდოდ, თუ ეს ნაკადები შეწყდა, სულ მცირე, მილიარდ დოლარამდე შემოსავლებს დავკარგავთ. ეს მოვლენები მარტო რუსულ ტელეარხებზე არ გადაიცემა, რუსებს საკმაოდ ბევრი უცხოენოვანი მედიასაშუალება აქვთ, რომელიც აჩვენებს, თუ რა ხდება საქართველოში. ეს ფორმდება ისე, რომ საქართველოში ტურისტებს დევნიან. ეს ზეგავლენას უცხოელი ტურისტების შემოდინებაზეც იქონიებს.

საუბარი მხოლოდ რუსული ტურისტული ნაკადების ჩაკეტვაზე არაა, ეს მთლიანობაში ნეგატივია ყველა იმ ტურისტული მიმართულებებისა, რომელიც შეგვეძლო, ამ წელს მიგვეღო. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი აქციები ქვეყანამ თავიდან აიცილოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა-ს ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის განცხადებით, საფრთხე, რომელიც მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის ჩავარდნას უკავშირდება, რეალობას მოკლებული არაა.

„საფრთხე, რომელიც მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის ჩავარდნას უკავშირდება, რეალობას მოკლებული არაა. ჩვენი ეკონომიკის სექტორები მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული რუსული გასაღების ბაზარზე და ორ ქვეყანას შორის განვითარებული პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახვას.

პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული ინციდენტი უკვალოდ არ ჩაივლის და პრინციპში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს გარკვეული სახის მესიჯების გაშვება მოსახლეობაში, რომ საქართველო რუსებისთვის სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანა არაა, რითაც კიდევ ერთი დარტყმის მიყენებას ცდილობენ ჩვენს ეკონომიკაზე. მართალია, პანდემია ტურისტული სეზონის მომავალს ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ კოვიდ პასპორტები, აცრილი ადამიანები და რიგი რეგულაციები მაინც ტოვებს იმის შანს, რომ გარკვეული რაოდენობის ტურისტები მიიღოს ქვეყანამ. ყველას გვახსოვს თუ რა შედეგი მოჰყვა ორიოდე წლის წინ გავრილოვთან დაკავშირებულ ამბებს. მაშინ, ზაფხული ტურისტული სეზონი პრაქტიკულად ჩავარდა და უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესი შემოსავლის გარეშე დარჩა.

არ არის გამორიცხული პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული მსგავსი ინციდენტები და პროვოკაციული ქმედებები ზაფხულამდე კვლავ მოხდეს, რაც კიდევ უფრო აწევს დუღილის ტემპერატურას.

გარდა ამისა, შემთხვევითი არაა ის, რომ რუსული არაკომერციული ორგანიზაციის ექსპერტების მიერ შედგენილ ანტი რეიტინგში 15 დასახელების ღვინოდან 6 საქართველოში წარმოებული ღვინო მოხვდა. ქართული ღვინის სექტორი ხომ რუსულ ბაზარზეა მნიშვნელოვნად ჩამოკიდებული.

მიუხედავად სხვადასხვა ბაზრებზე არსებული წვდომისა, რაც საქართველოს ღვინის კომპანიებს აქვთ, ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია და ღვინის საერთო ექსპორტში ამ ქვეყნას დაახლოებით 60 პროცენტიანი წილი უჭირავს და ქართული ღვინის შევიწროვების პოლიტიკა რუსეთის ბაზარზე, სერიოზული დარტყმა იქნება ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის“, – აღნიშნავს აფბას ანალიტიკოსი.

გიორგი არაბული

 

Share