Home » საზოგადოება » მორიგი ჩაგდებული პროექტი – ქუთაისის აეროპორტთან დაპირებული სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება
მორიგი ჩაგდებული პროექტი – ქუთაისის აეროპორტთან დაპირებული სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

მორიგი ჩაგდებული პროექტი – ქუთაისის აეროპორტთან დაპირებული სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

ტურისტული ქვეყანა, რომელსაც აეროპორტამდე 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ვერ გაჰყავს

ერთგვარი ქართული პარადოქსია, როდესაც გამუდმებით ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ვსაუბრობთ, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვაზე უამრავ თანხებს ვხარჯავთ და ამ დროს ქუთაისის აეროპორტამდე დღემდე ვერ მოხერხდა 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც ტურისტები თუ ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ მოახერხებდა აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამგზავრებას. ქვეყანაში შემოგვყავს სხვადასხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ვცდილობთ ახალ–ახალი ტურისტული ქალაქების განვითარებას და ამ დროს ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც კი ვერ ხერხდება.

ქუთაისის აეროპორტის მგზავრთბრუნვა დაბალბიუჯეტუნარიანობიდან გამომდინარე მუდმივად იზრდება, იგი როგორც ტურისტებისთვის გახდა საკმაოდ მიმზიდველი ადგილი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა უმეტესად სწორედ ქუთაისიდან ამჯობინებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრებას. თუმცა, თბილისიდან თუ სხვა ტურისტული ქალაქებიდან აეროპორტამდე მისვლა მხოლოდ საავტომობილო გზის მეშვეობითაა შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე მხოლოდ 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზია გასაკეთებელი, ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

იცვლება მთავრობები, იცვლებიან პრემიერები და მართალია არაერთხელ მოგვისმენია აეროპორტამდე რკინიგზის მიყვანის შესახებ გაკეთებული დაპირება, საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

“დროის ათვლა დაიწყო, – 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი”, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2017 წელს გააკეთა და ზარ–ზეიმით დაანონსდა, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფაც კი ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა იყო მითითებული, უცნობია როდის ან რატომ გაჩერდა დროის ათვლა, თუმცა კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ აღნიშნული პროექტიც დროებით დავიწყებას მიეცა.

შემდეგ იყო ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე და როდესაც მისი გუნდის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე კითხვა დაუსვეს, აღმოჩნდა, რომ ახალ მთავრობას განხვავებული – სამ სცენარიანი გეგმა ჰქონია, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის მშენებლობაზე.

“თავის დროზე დასკვნა ჩატარდა – რა იყო უკეთესი და როგორ იყო, ამ დასკვნას სჭირდება განახლება, იმიტომ, რომ იმ დასკვნის შემდეგ, მრავალი რეისი დაემატა ქუთაისის აეროპორტს. 27 მიმართულებით დავიწყებთ ფრენა, სამი სცენარი არსებობს მანდ: 1 – არსებული კოპიტნარის სადგურის გარემონტება, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს და შატლებით სიარული. 2 – ტერმინალიდან 700 მეტრში მოეწყოს ბაქანი, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა და ან საფეხმავლო, ან სხვა გზით წამოვიდეს. 3 – საკუთრივ აეროპორტთან მოეწყოს ტერმინალი, ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ერთ თვეში პასუხი გვექნება”, – აცხადებდა 2019 წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილი.

გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და საღინაშვილმა სამი სცენარი ერთამდე შეამცირა და თან ისიც თქვა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი სადგური აღარ აშენდებოდა და მის ნაცვლად აეროპორტთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადგური გარემონტდებოდა.

“ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია “აერჯიმ” უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორც ვხედავთ, ერთ წელიწადში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზა თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის მიყვანა. საბოლოო ჯამში კი, 2019 წელიც მიიწურა და ქუთაისში ამ მიმართულებით არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა. არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე საუბარი დასრულებულიყო და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმულიყო.

არადა, თუკი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ვერ ხერხდება, მაშინ ის მაინც ხომ ვიცით, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა უკვე დიდი ხანია მისულია. რკინიგზა იქ აეროპორტის ამჟამინდელი ტერმინალის აშენებამდეც იყო და უფრო ადრეც, უბრალოდ გზის გადაღმა გადის და მაღალი ხეებით არის დაფარული. აეროპორტის თავდაპირველი პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო რკინიგზის სადგურის და ტერმინალის ერთმანეთთან დაკავშირება დახურული მიწისზედა გადასასვლელით, მაგრამ მისი განხორციელება ხელისუფლების ცვლილების გამო ვერ მოხერხდა.

არის მეორე ვარიანტიც, ის რაზეც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც საუბრობდა – აეროპორტის მიმდებარედ დიდი ხანია არსებობს და ახლა თითქმის მიტოვებულია “კოპიტნარის რკინიგზის სადგური”. ამ სადგურიდან აეროპორტის პარკინგამდე, ამჟამად არსებული საავტომობილო გზით ზუსტად 2 კილომეტრია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სადგურის დასუფთავება-მოწესრიგება და მასსა და აეროპორტს შორის წრიული, ტევადი ავტობუსის ~შატლის” დანიშვნა. ეს ძალიან ბევრ მგზავრს ცხოვრებას გაუადვილებდა და კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რაც მთავარია, ამ იდეის განხორციელებას წლები, დიდი ხარჯები მით უფრო პომპეზური, თეატრალიზებული პრეზენტაციები არ სჭირდება, აუცილებელია შესაბამისი პოლიტიკური ნება და საკითხის დროულად გადაწყვეტა.

როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა მუდმივად მატულობს და ტერმინალის გაფართოებაც დაწყებულია, როცა 2020 წელს ქუთაისში ოთხჯერ დიდი აეროპორტი გვექნება, როგორც ფიზიკურად, ასევე მგზავრთა გამტარუნარიანობითაც, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა ელემენტარული საკითხის – 3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის გაკეთება, ან სხვა ალტერნატიური ვარიანტით ამ პრობლემის მოგვარება, რომ ვერ ხერდება.

გიორგი რანი

Share