Home » ფინანსები » მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ

მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განმარტა, ვის გაეზრდება მომავალი წლიდან ანაზღაურება. როგორც მან აღნიშნა, ხელფასების მატება შეეხებათ როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე მასწავლებლებს, ექიმებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს.

„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, მასწავლებლებს გაეზრდებათ, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ გაიზრდება დახმარებების რაოდენობაც.

„მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადების და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრება სრულად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსებაც, რომელიც მანამდე არ არსებობდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა და ასევე, მანდატურების, სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდაც.

„მომდევნო წელს სრულად იქნება დაფინანსებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვების დახმარება, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. ჯანდაცვის ბიუჯეტი კოვიდთან მიმართებით უშუალოდ შეადგენს 500 მლნ ლარს. ჩვენ წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მომდევნო წელს საკმარისია“, – განაცხადა ხუციშვილმა.

Share