Home » ფინანსები » მომავალი წლიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა

მომავალი წლიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა

20016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში გამოუშვებს ლარის განახლებულ ბანკნოტებს. ამ სიახლის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, განახლებული 20. 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

„ეს არის ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს. პირველი – 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ.

მეორე: ეროვნული ბანკი უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით ანაცვლებს. მოცემული პერიოდისთვის ბანკს მარაგების შევსება უწევდა. შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს.

მესამე – ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი. თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო. და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები,“

– განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა. ამავე დროს წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ახალი ელემენტებით.

განახლდა ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ახალი ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი დამცავი ნიშნებით, მათ შორის დატანილია ნომინალის ამოცნობის ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

განახლებული ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.

 

 

 

Share