Home » საზოგადოება » მოჭრილი ხეები წინასაარჩევნო ბატალიების ეპიცენტრში
მოჭრილი ხეები წინასაარჩევნო ბატალიების ეპიცენტრში

მოჭრილი ხეები წინასაარჩევნო ბატალიების ეპიცენტრში

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს თბილისში, პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად მოიჭრა შვიდასამდე ძირი ფიჭვი, სამასი კედარი, მწვანე საფარი მთლიანად განადგურდა დავით აღმაშენებლის გამზირზე, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, სადაც კორტები იყო, მთლიანად განადგურდა ნარგაობა – ფიჭვები, აკაციები, კედრები, ცაცხვები. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე უამრავი ფიჭვის ხე, რუსთაველის პროსპექტზე თვრამეტი ძირი ჭადარი, ორი კედარი, მათ შორის იყო ,,გაკალტიონის ჭადარი”. ბარათაშვილის შუა ზოლში ჩვიდმეტი ძირი ჭადარი, რვა ცაცხვი. ზაარბრიუკენის მოედანზე ყველა ჭადარი.

ახლა აურზაური ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ოც ძირ ხესთან დაკავშირებით ატყდა. თითქოსდა ბუნების მეგობრები მათთვის მინიჭებული მოქალაქეობრივი უფლებების ფარგლებში ქომაგობენ დედა-ბუნებას. ცოტა ღრმად თუ ჩავყვებით, ძნელი არ არის ამ დავიდარაბაში პოლიტიკური საფანელის პოვნა. საბოლოო ჯამში სამოქალაქო აქტივისტები ნაცმოძრაობის ყოფილი ან ამჟამინდელი მოკავშირეები აღმოჩნდნენ. მერია კი, თავისთავად, მმართველი პარტიის მოწინავე ფლანგი. ოპოზიციამ და მისმა ოდესელმა დირიჟორმა, რატომღაც, მერია მიიჩნია სუსტ რგოლად სახელისუფლო ჯაჭვში და დარტყმაც იქეთ იქნა მიმართული. ერთი მხრივ, მართლაც სასაცილოა, რომ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე სამშენებლო მოედანზე მოჭრილი ხეებია საკვანძო საკითხი. თუ წინა გადამწყვეტ და მნიშვნელოვან არჩევნებს გავიხსენებთ და წინასაარჩევნო ბატალიებს, წარმოუდგენელი რეალობაა. აღარც ,,ციხის კადრები”, აღარც გადატრიალებისთვის მზადება, მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიაღა აღელვებს ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს და მათ მოკავშირე, ეგრეთწოდებულ, სამოქალაქო სექტორს. რომელსაც კარგად თუ გადაფხიკავ ნაციონალური წარსულის მქონე აქტივისტები წარმოადგენენ.

კერკეტი კაკალი კოკიდან

მავანს ჰგონია, რომ ივანიშვილი მერყევი კაცია, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ექვემდებარება და ამიტომ შეიძლება ის აიძულო, გადააყენოს დავით ნარმანია არჩევნებამდე. მათ ვერ დააჯერებ, რომ ივანიშვილი დისტანცირებულია კვირიკაშვილიდან და მთავრობიდან  და პოლიტიკური პროცესი ავტონომიური და თვითკმარია. ნეტარ არიან მორწმუნენი! მთავარია, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ჩათვლის თუ არა, რომ დავით ნარმანია სუსტი წერტილია და სჯობს მას შეელიონ. ჯერ-ჯერობით ამის სიმპტომები არ ჩანს. არადა, თვითონ დავით ნარმანია საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. თავის მიერ დაშვებული აშკარა შეცდომის მიუხედავად (,,მაიმუნი, ვირიშვილი”) ის საკრებულოს სხდომაზე ნირწამხდარი სულაც არ იყო. პროვოცირებული ექსცესების მიუხედავად, მოახერხა სათქმელის ჩამოყალიბება და ტელეეთერებშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან, რომლებიც აშკარად “აიჭრნენ” და სკაბრეზული ფრაზეოლოგიით შეურაცხყვეს თავიც და საზოგადოებაც. აქ აჩვენა ხასიათი ნარმანიამ და ისიც, რომ სულაც არ არის ვიღაცის მიერ სკამზე დადებული მარიონეტი, ცხოვრებაში გზა თავისით გაიკვალა, ეკონომიკის პროფესორიც ღირსეული იყო და თბილისის მერიც არ არის ხელწამოსაკრავი. ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი, მათმა ნაწილმა განსაკუთრებით, დღემდე ვერ შეიგნეს, რომ რბილი ,,ლასი” ადამიანის ღირსებისა და კარიერული წინსვლისთვის შემაფერხებელი ფაქტორი კი არა, უდაო ღირსებაა, რომ კოკში დაბადებული მერი კერკეტი კაკალია და მისი დამარცხება იოლი სულაც არ არის. ის შეიძლება შეეგუოს, რომ ერთმმართველ მერად ვერასოდეს იქცევა, მაგრამ საკმაოდ მოქნილია და ვიდრე გუნდს დასჭირდება თბილისის მერის ურთულეს ფუნქციასაც შეასრულებს.

კოლიზიის ფაქტობრივი მხარე

ეს ამბავი უკვე, მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევის გამო, თითქმის ყველამ ზეპირად იცის. თუმცა “ბანკები და ფინანსების” მოუცლელი ერთგული მკითხველისთვის შევნიშნავ, რომ საქმე ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო მოედანზე მოჭრილ ოც ხეს ეხება. ბუნების დამცველები და ზოგიერთი კეთილსინდისიერი მოქალაქე მიიჩნევს, რომ მოჭრილი ხეების ნაწილი ჯანმრთელი იყო და ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილია. თბილისის მერი ამბობს, რომ ელოდება მოკვლევის დამთავრებას საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ოპონენტები მას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მერი აქაც საკმაოდ პრინციპულია და ამბობს, რომ მერიის ეკოლოგიური სამსახურის რეორგანიზაცია უეჭველად იგეგმება. თუმცა, სიტუაციის გარკვევამდე ცალკეული პირების დასჯას არ აპირებს. განსაკუთრებით უსამართლო იქნებოდა სადამსჯელო ზომების გავრცელება საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილზე, რომელსაც კვალიფიციურ და პრინციპულ ადამიანად ახასიათებენ საქმეში ჩახედულები. მაგრამ “სკანდალურებს” სისხლი სწყურიათ, ისინი დებოშს ტეხენ საკრებულოს სხდომაზე, არასამთავრობოებისა და ექსპერტების მერთან დიალოგისას, ქუჩაში ხომ ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში – იგინებიან, ყოველგვარ ნორმებს არღვევენ. მათ სურთ მეტი აურზაური, მეტი ხმაური, მეტი დესტრუქცია, რათა წინასაარჩევნო გარემო დაძაბონ და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენონ. წამქეზებელი ვინ არის? ბევრი – ოდესის გუბერნატორი, კრემლის ადეპტები, ხელმოცარული პოლიტიკანები…

ბერიას გაშენებული მწვანე ნარგაობა სააკაშვილმა გაჩეხა

მისტიკის და სიმბოლიზმის არ მწამს, მაგრამ ფაქტია, რომ დაუნდობელმა კომუნისტმა ბერიამ ერთი ხელით ქართული ელიტის ნაწილს ბოლო რომ მოუღო, მეორე ხელით მტკვარი არტახებში მოაქცია, მეცნიერებათა აკადემია დააფუძნა, “ვეფხისტყაოსნის” იუბილე გადაიხადა და თბილისი და მისი შემოგარენი გაამწვანა. ეს სიმწვანე თბილისში მიხეილ სააკაშვილმა გაჩეხა, აქაო და, თბილისის ძველი და შესანიშნავი არქიტექტურის აღქმაში ხელს უშლის მნახველსო. ასე გაიჩეხა მთელი მწვანე საფარი. საქართველოს ,,მოდერნიზაციის” სააკაშვილისეული გეგმის ერთ-ერთი მსხვერპლი მწვანე ნარგაობაც გახდა. ზოგიერთები თვრამეტიათას მოჭრილ ხეზე საუბრობენ, ზოგი ასობით ათასზე. მაგრამ ფაქტია, რომ რესტავრირებული აღმაშენებლის გამზირი თბილისში უდაბნოში მდებარე რომელიმე არაბული ქალაქის შუკას უფრო მოგაგონებთ, გარეგნული ბრწყინვალებით და გიბსოკარდონებით ჩანაცვლებული არქიტექტურული დეტალებით. ფაქტია ბევრი ალაგი თბილისში გამწვანების გარეშე დარჩა და გარემოს უდიერად მოექცნენ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს თბილისში, პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად მოიჭრა შვიდასამდე ძირი ფიჭვი, სამასი კედარი, მწვანე საფარი მთლიანად განადგურდა დავით აღმაშენებლის გამზირზე, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, სადაც კორტები იყო, მთლიანად განადგურდა ნარგაობა – ფიჭვები, აკაციები, კედრები, ცაცხვები. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე უამრავი ფიჭვის ხე, რუსთაველის პროსპექტზე თვრამეტი ძირი ჭადარი, ორი კედარი, მათ შორის იყო ,,გაკალტიონის ჭადარი”. ბარათაშვილის შუა ზოლში ჩვიდმეტი ძირი ჭადარი, რვა ცაცხვი. ზაარბრიუკენის მოედანზე ყველა ჭადარი.

რა ბედი ელის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს

თბილისს პირველად აქვს გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის

აღმოჩნდა, რომ მერიას უფიქრია პრობლემაზე და პასუხებიც აქვს კითხვებზე, რომელთა მოსმენა საარჩევნო ინტერესებით გონებადაბინდულ დესტრუქციულ ძალებს ხელს არ აძლევს.

დედაქალაქს, ისტორიაში პირველად აქვს გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015–2020  წლებისთვის. თბილისის მერიამ ევროპულ წესებსა და რეგულაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა ,,ხეების ფორმირების” ახალი წესი. კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა აღნიშნულ სამსახურში ნარმანიას მოსვლის შემდეგ.   მიღებულია გადაწყვეტილება გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ. უკვე მზად არის რეორგანიზაციის პაკეტი. ამრიგად, მომავალი წლიდან სამსახური საქმიანობას შეუდგება განახლებული ფორმატით, ახალი რეგულაციებითა და სტრუქტურით. გაიზრდება სამსახურის ფუნქციები, შესაბამისად პასუხისმგებლობაც.

მერი: ჩვენ 560 000 ხე დავრგეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში

,,ქართულ ოცნებას”, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას ჩვენ მწვავედ ვაკრიტიკებთ, ეს არაა ხელისუფლება, რომელიც მედიას მთლიანად აკონტროლებს და საზოგადოებას ვარდის ფერებში დახატულ სინამდვილეს აჩვენებს, რათა ამით მათი ენთუზიაზმი გამოიწვიოს, როგორც ამას ნაცები აკეთებდნენ. ეს უკონტროლო მედია ხშირად ცუდად შემოუბრუნდება ხოლმე ხელისუფლებას, ასეთ პირობებში ჯერ კიდევ ნაცების კონტროლქვეშ მყოფი მედიის მეშვეობით “ქართული ოცნებისა” და მისი ზოგიერთი ლიდერის გამარგინალება ოპოზიციის, უფროსწორად ,,მთავარი ოპოზიციის”, ანუ ,,ნაციონალების” საყვარელი გასართობია. ასეთ თემად, ამ ბოლოდ დროს, ამოიჩემეს ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება – მილიონი ხე. გულახდილად რომ ვთქვა, მეც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი მათ ამ დაპირებას, მაგრამ ბევრი ხის დარგვას რომ აპირებდნენ, ეს ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორები ხშირად ღალატობენ და დარგული ნერგების ნაწილი მცხუნვარე თბილისური მზის ქვეშ ხმება, როგორც ვერეს ხეობაში გამავალი ახალი მაგისტრალის გასწვრივ. მერი გვაიმედებს და მტკიცედ ამბობს: “ჩვენ 560 ათასი ხე გვაქვს დარგული ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე საბჭოთა პერიოდის შემდეგ დარგულა ქალაქში. ხეების გახარების მაჩვენებელი 80%–ზე მეტია, ჩვენი მმართველობის პერიოდში დაიხვეწა დარგის პროცედურები. კომპანიებთან, რომელთაც ეს კონკრეტული საქმე ევალებათ,  გაფორმებული გვაქვს გრძელვადიანი, კონკრეტულად 3 წლიანი ხელშერულებები, რომელთა მიხედვითაც მათ ხეების მოვლა–პატრონობაც ევალებათ”, – აცხადებს ნარმანია და იქვე ამატებს, თან დაბეჯითებით: ,,ამ წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე დაირგვება”. ა, ბატონო, მერი აცხადებს და ერთი მხრივ, მერიამ და მეორეს მხრივ არასამთავრობოებმა ,,პარტიზანი მებაღეების” ჩათვლით, გამოდით იატაკქვეშეთიდან და შეიმუშავეთ ამ ნარგაობის დათვლა-აღრიცხვის მექანიზმი!

მაგრამ ამის მერე საქმე რომ არაფერი გექნებათ?

ბექა ციხისელი

 

Share