Home » საზოგადოება » „მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

„მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა”, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

მისი თქმით, 2021 წლის სექტემბრიდან უნდა ჩავრთოთ მხოლოდ ერთ-ერთი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური და განვახორციელოთ მინიმალური იმპორტი და დანარჩენი საქართველოს მოხმარება უნდა დავაბალანსოთ ენგურჰესის გაზრდილი გენერაციით, მანამ სანამ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს არ მოვიხმართ.

ნოღაიდელი ასევე განმარტავს, რომ ენგურის რემონტის შემდგომ ამუშავებისტანავე და მომდევნო პერიოდში აუცილებელია მკაცრად იქნას დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.

„ეს არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის. საქართველომ დღესვე უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მხარეებს შორის არსებული ეს შეთანხმება მკაცრად იქნას დაცული.

ვფიქრობ ეს მიზანი არ არის რთულად მისაღწევი და ამ სტრატეგიაში მთავარ როლს ითამაშებს, ის ფაქტი, რომ ენგურჰესის რემონტზე გაჩერების შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტმა არ დაასუბსიდირა აფხაზების მოხმარება და ის დღეს ბალანსდება რუსეთიდან იმპორტით სალხინოს და კავკასიონის ხაზებით“, – აღნიშნავს ნოღაიდელი.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების მიხედვით აფხაზებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების რესურსიდან -40%  ანუ 1.64 მილიარდი კილოვატ/საათი ეკუთვნის. შესაბამისად,მათი მთლიანი მოხმარების (3.04 მილიარდი კილოვატ/საათი) დეფიციტი, დაახლოებით 1.4 მილიარდი კილოვატ/საათი სხვა წყაროებიდან უნდა შეივსოს.

ამ მოცულობის ელექტროენერგიის საბაზო ფასი, იგივე რუსეთიდან იმპორტის შემთხვევაში, დაახლოებით 75 მილიონ დოლარსშეადგენს. ნოღაიდელი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, დღესვე ძალიან მკაფიოდ განემარტოს დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციას, რომ არც საქართველოს ბიუჯეტი, არც ესკო და არც საქართველოს მოსახლეობაარ დაასუბსიდირებენ ამ თანხას.

დეფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად გაიზარდა. ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. გასულ და მიმდინარე წელს კი ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია დიდი ხარვეზებით მიეწოდება. როგორც ირკვევა, დეფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე.

 

Share