Home » ეკონომიკა » მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება შემდეგ წელსაც გაჭირდება
მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება შემდეგ წელსაც გაჭირდება

მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება შემდეგ წელსაც გაჭირდება

2017 წლისთვის ინფლაციის, მიზნობრივი მაჩვენებელი 4% -ის ფარგლებშია განსაზღვრული, მაგრამ თითქმის მთელი წელია, ინფლაციის მაჩვენებელი, მიზნობრივზე მაღალია. ნოემბრის თვე მაინც ძალიან მძიმე გამოდგა და საქსტატის მონაცემებით ნოემბერში, წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 1.1%-ით განისაზღვრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ფასების მატებამ ალკოჰოლსა და თამბაქოზე, რომელზეც ფასები 19 % -ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ტრანსპორტსა და უალკოჰოლო სასმელებზე 15.8% და 7.5 %- ით.

არსებულ ვითარებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. გვენეტაძის განმარტებით ინფლაციის არსებულ მაჩვენებელზე, ისეთმა ფაქტორებმა იმოქმედა, როგორებიცაა აქციზის მატება და ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა. სებ-ის პრეზიდენტის თქმითვე საქართველოში, ისევე როგორც ყველა ღია ეკონომიკებში, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები გარდაუვალია.

«ბოლო პერიოდში გამოიკვეთა დამატებითი ფაქტორები, რომლის მიხედვითაც, ნაწილობრივ უკვე რეალიზდა, ალტერნატიულ სცენარში განხილული რისკები. მხედველობაში მაქვს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა, ასევე აქციზის ფასის მატება. 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობის ფასები 43%-ით გაიზარდა. ეს არის ის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადმოეცემა. საქართველოში, ისევე როგორც ყველა ღია ეკონომიკებში, გარდაუვალია ეგზოგენური, ანუ მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები შესაძლებელია განსხვავდებოდეს მიზნობრივისგან. გადახრის სიდიდე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია შოკის სიძლიერესა და ხასიათზე და ეროვნული ბანკის რეაქციაზე ამ შოკის მიმართ»,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და ამდენად ცენტრალური ბანკები როგორც წესი მოთხოვნილ შოკებზე რეაგირებენ. გვენეტაძის თქმით, მეორე მხრივ, ვინაიდან მიწოდების ეგზოგენურ შოკებზე რეაგირება ეკონომიკის ძლიერ მერყეობას იწვევს და მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯი, ცენტრალური ბანკები ასეთ შოკებზე უმეტესწილად არ რეაგირებენ.

«ეს კი ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფაქტობრივი ინფლაცია შესაძლებელია გადახრილი იყოს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდება მის შოკამდელ დინამიკას»,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სფეროს ექსპერტებიც იზიარებენ პოზიციას, რომ ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის ფორმირებაში, მნიშვნელოვანი როლი, აქციზის განაკვეთის გაზრდამ შეასრულა. აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის აზრით, აქციზის განაკვეთის, მსგავსი დოზით ზრდა, ყველა შემთხვევაში გამოიწვევდა ინფლაციურ პროცესებს და ეს უნდა გაეთვალისწინებინა ცენტრალურ ბანკს.

«როდესაც პირველად დაანონსდა სხვადასხვა პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდა, მე პირველი ვიყავი, ვინც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, რომ ნავთობპროდუქტებზე მსგავსი დოზით აქციზის გაზრდა, სერიოზული ინფლაციური რისკების წინაშე დაგვაყენებდა. ერთია როდესაც ვაძვირებთ ალკოჰოლს ან თამბაქოს და მეორეა როდესაც ვაორმაგებთ და ვასამმაგებთ საწვავის აქციზს, საწვავის ანუ ტრანსპორტირების ხარჯი ყველა პროდუქტში შედის და შუძლებელია ფასების დონის საერთო მატებას თავი ავარიდოთ. მაშინ მთავრობის პოზიცია იყო, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი იქნებოდა და შემდეგ ცენტრალური ბანკი მოახერხებდა ფასების მოთოკვას, როგორც ვნახეთ სებ-მა ეს ვერ მოახერხა და წლის მიწურულს მიზნობრივზე გაცილებით, მაღალი ინფლაცია გვაქვს. ამას გარკვეულ წილად ხელიც შეუწყო მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებამ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საწვავის ფასი, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე, ისევ არ არის ჯანსაღი კონკურენცია და კომპანიები ხელოვნურად კიდევ უფრო ამძიმებენ ხოლმე საწვავის ფასებს», – მიიჩნევს ბაირხატრაი.

ბაირახტარის აზრითვე არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად ეროვნული ბანკი პასიურობს და პროცესებში ჩარევას არ ჩქარობს.

«გასაგებია, რომ გარე ფაქტორებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ინფლაციური პროცესების განვითარებას, მაგრამ როდესაც მთელი წლის მანძილზე ახლოსაც ვერ მიდიხარ თარგეთირებულ მაჩვენებელთან, აქ უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე რაიმე ერთჯერადი ფაქტორი. როდესაც 2017 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დგინდებოდა ცხადია, იცოდა სებ-მა, რომ მიმდინარე წელს აქციზის განაკვეთი გაიზრდებოდა და ასევე, უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, იმ ინფლაციური პროცესების განვითარებაზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მაშინ ჩნდება კითხვა, ასეთ შემთხვევაში რატომ ჩაიდო ინფლაციის 4% თარგეთი, როდესაც სებ-ს ჰქონდა, ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ რაზედაც ვისაუბრეთ. 2018 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ზეა დაგეგმილი. ამის მიღწევას ცენტრალური ბანკი ინფლაციური რისკების ამოწურვით ვარაუდობს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღნიშნული რისკების, მთლიანად განეიტრალება მოხერხდეს და, შესაბამისად, მეეჭვება, რომ მომდევნო წელსაც მოახერხოს სებ-მა მიზნობრივი ინფლაციის მოთოკვა», – აცხადებს ბაირახტარი.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციის დათვლის არსებული მეთოდოლოგია საერთოდ გადასახედია და ის ვერ ასახავს ქვეყანაში, ინფლაციის რეალურ დონეს.

“ბევრჯერ მითქვამს, რომ ინფლაციური მაჩვენებელი, რომელსაც აქვეყნებენ, რეალობისგან ძალიან შორსაა, რადგან იგი უფრო მეტია, ვიდრე ციფრებში გამოიხატება. სამომხმარებლო ბაზარს თუ დავაკვირდებით, ეს ადვილი შესამჩნევია. დეკემბერში უფრო მეტად გაიზრდება ფასების ინდექსი, რადგან ბაზარზე მოიმატებს მოთხოვნა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, გაძვირდება ადგილობრივი პროდუქტიც. ეროვნული ბანკის ინტერესი უნდა იყოს, როგორმე მიზნობრივი მაჩვენებელი შეინარჩუნოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. სებ-ის მუშაობის შედეგზე მიგვანიშნებს უკვე არებული მაჩვენებელი, თუმცა მას აქვს ბერკეტები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია სიტუაციის დაბალანსება. კაცმა არ იცის, რეფინანსირების სესხი, რომელიც მილიარდობით გაიცემა, ძირითადად, ორ კომერციულ ბანკზე, რა მოგებას აძლევს სახელმწიფოს და იწვევს თუ არა დევალვაციურ პროცესებს. ინფლაცია ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც მთავრობა განსაზღვრავს, მაგრამ ბერკეტების გამოყენება მის დასაბალანსებლად სებ-ის პრეროგატივაა”, – განაცხადა სილაგაძემ.

პაატა თურქია

Share