Home » საზოგადოება » „მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა“

„მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის მსოფლიო დღე მიულოცა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ტურიზმი მომავალი წლისათვის სრულყოფილად აღდგეს.

„აღდგენა საკმაოდ მაღალი ტემპით მიდის. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული იმ ადამიანის, თითოეული მეწარმის, თითოეული მცირე სასტუმროსა და რესტორნის მფლობელის, ტურისტული კომპანიების მფლობელის, თითოეული გიდის დიდი დამსახურებაა, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან დარგში წლების განმავლობაში შრომობს. პანდემიისგან მიყენებული დიდი დარტყმის მიუხედავად, ტურიზმის აღდგენას საკმაოდ კარგად ვახორციელებთ. წელს მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ.

თუკი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს შევხედავთ, საერთაშორისო ფრენები 2019 წელთან, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, დაახლოებით 70%-ით აღდგენილია, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ჩვენს ცას ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ერთად, ახალი ავიაკომპანიებიც შეემატა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Share