Home » ბიზნესი » “მინაში” შესაძლოა საპროტესტო აქციები განახლდეს
"მინაში" შესაძლოა საპროტესტო აქციები განახლდეს

“მინაში” შესაძლოა საპროტესტო აქციები განახლდეს

“მინა”-ს თანამშრომლების გაფიცვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. მაშინ, სს ,,მინა”-ს თანამშრომლები ქარხანაში შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვდენენ. გასულ წელს სს “მინა”-ს თანამშრომლებმა ღია წერილიც გაავრცელეს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი სს ,,მინა”-ს გენერალურ დირექტორს უმით ჰაქქი აიდოღანს.

,,მინა”-ს ადმინისტრაციასა და დასაქმებულთა კოლექტივს შორის შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ, შეგახსენოთ, რომ პროფკავშირის შექმნისა და მასში გაწევრიანების, ასევე, კოლექტიური მოლაპარაკებების მოთხოვნისა და მასში პროფკავშირის პირველადი, დარგობრივი, ეროვნული და საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვის უფლება კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, ასევე, შრომის საერთაშორისო კონვენციებით მუშისთვის მინიჭებული განუხრელი უფლებაა და შრომითი კოლექტივი სწორედ ამ უფლებების გამოყენებას ცდილობს თქვენს კომპანიასთან ურთიერთობების დროს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ საერთაშორისოდ აპრობირებული და უკვე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, კომპანიისთვის კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან – პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადება მხოლოდ სიკეთის მომტანია კომპანიისთვის, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგებას, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, საწარმოს შეუფერხებლად და წარმატებულად მუშაობის მთავარი გარანტიაა.

ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სს ,,მინა”-ში განვითარებულ მოვლენებს და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქსნის მინის ტარის მწარმოებელი საწარმო მშვიდ და სტაბილურ რეჟიმში აგრძელებდეს მუშაობას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამისთვის კომპანიის ადმინისტრაციამ უნდა გადადგას სერიოზული შემხვედრი ნაბიჯები.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და მისი წევრი ორგანიზაციის სს ,,მინა”-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობა მთლიანად ემყარება სოციალური პარტნიორობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რისი თვალნათელი მაგალითი ისიც გახლავთ, რომ 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ანუ სს ,,მინა”-ს ადმინისტრაციასთან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებიდან დღემდე, მათი ქმედებები კომპანიის მიმართ კონსტრუქციულობითა და სოციალური პარტნიორის, ანუ კომპანიის მიმართ პატივისცემითა და პარტნიორული პრინციპების დაცვით გამოირჩევა.

მოგახსენებთ, რომ სს ,,მინა”-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნების ლეგიტიმურობის ხარისხი მაღალია და მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ საგაფიცვო მდგომარეობის განმუხტვისა და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და სს ,,მინა”-ს მთელ ადმინისტრაციას”, – ნათქვამია განცხადებაში. სს “ქსნის მინის” ქარხნის მუშებმა გაფიცვა წარმატებით დაასრულეს.

თავდაპირველად, კომპანიამ მუშებს ანაზღაურების 7,5%-ით გაზრდა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების თავდაპირველი მოთხოვნა ხელფასების 30%-ით ზრდა იყო, გაფიცვის პროცესში სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით მიღწეული წარმატებიდან და გაფიცულთა გრძელვადიანი გეგმებიდან გამომდინარე, აღნიშნული შეთავაზება მისაღები აღმოჩნდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტი გაფიცვის საწყის ეტაპზე (გაფიცვა 30 დღე გაგრძელდა) საერთოდ წინააღმდეგი იყო ხელფასების გაზრდისა, ხოლო გაფიცვიდან 2 კვირის შემდეგ ხელფასების მხოლოდ 4,9%-ით ზრდას დათანხმდა, რაც გაფიცულებისთვის იმ მომენტში მიუღებელი აღმოჩნდა და გაფიცვა გაგრძელდა.

საბოლოოდ, ხელფასების 7,5%-ით ზრდასთან ერთად, კომპანიამ, ასევე, დააკმაყოფილა მეორე მოთხოვნა – პროფკავშირისთვის სამუშაო ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით, ხოლო, მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებით, შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა აპრილიდან დაიწყება და 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

“ბანკები და ფინანსები” საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელ, თამაზ დოლაბერიძეს, საპროტესტო აქციების გასვლის ერთი წლის თავზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაცემული პირობების შესრულების პროცესი ხარისხიანად არ მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, რომ “მინაში” საპროტესტო აქციების ტალღა კვლავ აგორდეს.

“ხელფასი რომ უნდა მომატებულიყო მოემატათ. კოლექტიური ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, თუმცა კოლექტიური ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, კოლექტიური მოლაპარაკებები სათაო ოფისიდან ჩამოსულ პიროვნებებთან მიმდინარეობს. ადგილობრივი პროფკავშირისთვის ადგილის გამოყოფა მოხდა, თუმცა აღნიშნული ფართით სარგებლობა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ სარგებლობის შესახებ დოკუმენტია არის შესადგენი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. უცნაურ დოკუმენტს გვთავაზობენ, რომელსაც ხელს არ ვაწერთ – ხარისხიანი პროცესი არც იქ მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, რომ “მინაშიც” “რუსთავის აზოტში” მიმდინარე მოვლენების მსგავსი პროცესები განვითარდეს, რომ ადამიანებმა იმ პირობების შესრულება მოითხოვენ, რომლის შესახებაც ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში დაიდო”, – აცხადებს დოლაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან და სამომავლოდ, პროტესტის ახალი ტალღის აგორებასთან დაკავშირებით, სს “მინა”-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share