Home » ეკონომიკა » მიმდინარე წელს ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის – როდის დაიწყებს ინფლაცია შემცირებას

მიმდინარე წელს ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის – როდის დაიწყებს ინფლაცია შემცირებას

ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი რომ იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება, ეს ახალი არავისთვისაა და ამას ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდანაც ვიგებთ. თუმცა, ვისი პასუხისმგებლობაა ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებელი და როგორ შეიძლება მისი მოთოკვა, ამაზე ძალიან ცოტა თუ საუბრობს. თავად ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მთავარ მიზეზად პანდემიასა და საგარეო შოკებს ასახელებს.

საგარეო შოკებზე საუბრობენ ეკონომისტებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე ისრების გადატანა სამართლიანი არ არის და ცენტრალურმა ბანკმა უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ეკონომისტი და ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მთავარ მიზეზად, საგარეო შოკების მიმდინარეობასთან ერთად, არასწორ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებს.

„ბოლო მონაცემებს თუ შევხედავთ ინფლაციაზე მოქმედებს რამდენიმე მთავარი ფაქტორი. როგორიცაა ნავთობის გლობალური ფასები და ეროვნული ვალუტის კურსი. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ფაქტორები ჩვენი კონტროლის მიღმაა, გვრჩება შიდა, ეროვნული ვალუტისა და შიდა მოთხოვნის ფაქტორი.

მართალია სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზე აქვს აწეული, რაც თავის მხრივ გაზრდილ შიდა მოთხოვნას პასუხობს და ინფლაციას ქვევით ექაჩება. თუმცა, საგულისხმოა რამდენად დროულად იქნა ამ ინსტრუმენტის ამოქმედება, ასევე საგულისხმოა ისიც თუ რამდენად თანმიმდევრულია სებ-ი ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს, და რამდენად სწორად იყენებს სებ-ი მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. ხომ არ უშლის სებ-ის ძვირი ფულის პოლიტიკას, მის მიერვე გადადგმული სხვა ნაბიჯები ხელს. ფაქტია რომ პროცესს რაღაც უშლის ხელს. აი ეს რაღაც კი არის ლარის მასა. საქმე ის არის, რომ თუ ლარის მასას შევხედავთ ის წლის მაქსიმუმზეა. მეტიც M2 აგრეგატი 2 მილიარდით აღემატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგრამ ამ შემთხვევაში კურსზე უფრო მყისიერ გადაცემას ყოველკვირეული რეფინანსირების სესხები ახდენს, რომელიც ბოლო ერთი თვეა შეუქცევადად იზრდება.

მნიშვნელოვან წილად სწორედ აქედანაა განპირობებული ლარის, 3 დღეში 3 თეთრით გაუფასურება.

ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას თუ შევხედავთ, ლარის დევალვაცია მნიშვნელოვან გადაცემას ახდენს ფასების დონეზე. სწორედ ამიტომ მოიმატებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში ფასების დონე უფრო მეტად“,-აღნიშნავს ეკონომისტი.

ბაირახტარმა ფასების ზრდის დონეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალური ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აჭარბებს ოფიციალურ მონაცემებს.

„ახლა რაც შეეხება იმაზე უფრო მაღალ ინფლაციას, ვიდრე ეს ოფიციალურად გვაქვს.

2011 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება. მაგალითად სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი შემცირდა 40%-დან 30%-მდე, შემცირდა აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი. ახლა შევხედოთ ჯგუფებს, თუ სად არის ყველაზე მეტად ფასები მომატებული.

დიახ სურსათის ჯგუფში, 15.9%, კომუნალურები 11.8%, ჯანდაცვა 9.2%. დიახ, სწორედ ამიტომ, დღეს მიზნობრივზე 4-ჯერ უფრო მაღალი ფასების ზრდა, კიდევ უფრო მაღალია,“-აღნიშნავს ბაირახტარი.

ფასების უკონტროლო ზრდაში ეროვნული ბანკის როლს ხედავს კერძო სექტორიც. როგორც კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკი იმაზე მეტ ფულს ბეჭდავს, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, რაც შემდგომში ფასების ზრდას იწვევს.

„პროდუქტის გაძვირების მიზეზი ინფლაციაა; როდესაც ეროვნული ბანკი ბევრ ფულს ბეჭდავს, ის შემოდის ბაზარზე, მწარმოებელი ვერ აკმაყოფილებს ამას და იწყება ფასების ზრდა.

ეს ინფლაციის ბუნებაა და უხეშად რომ ვთქვათ, ეს დამატებითი გადასახადია ყველა ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე. ფაქტობრივად, ინფლაციის დროს ჩვენი აქტივების ფასის შემცირება შესაბამისი პროცენტით ხდება; მოკლედ, ფასების ზრდა განპირობებულია ჭარბი ფულით.

ამით ზარალობს მომხმარებელი და კომპანია, ხოლო იგებს ბიუჯეტი. ეს თანხა მიდის ბიუჯეტში და ბიუჯეტის შემოსავალი იზრდება, რაც ახლა ხდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „ჩირინას“ ძირითადი პროდუქტი ქათმის ხორცია, რომლის გაძვირების პროცესი დაწყებულია. პროდუქტი ბაზარზე არ არის და ჩვენ შესაბამისად, გავზრდით ფასს. ნელ-ნელა ვზრდით და ვუყურებთ ამ პროცესს.

ეს ჩვენი სურვილი არ არის, ძირითადად, ფასების ზრდა ინფლაციის გამო ხდება. მაგალითად, სიმინდის და ხორბლის მწარმოებლებმა შეხედეს და მათაც გააძვირეს. ეს სპირალია, რომლის დასასრული შეიძლება ჰიპერინფლაცია იყოს. სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს, რომ ინფლაციური პროცესები ეროვნულმა ბანკმა გამოიწვია, თუ ასე ჩუმად იქნებიან, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებს რევაზ ვაშაკიძემ.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები ინფლაციის შემცირებას მხოლოდ შემდეგი წლიდან ვარაუდობენ. როგორც გალტ & თაგართ -ის განახლებული პროგნოზიდან ვიგებთ, ინფლაცია შემცირებას 2022 წლისთვის დაიწყებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და საშუალოდ 4.1% იქნება.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგართ ლარის კურსის მკვეთრ რყევებს არ ელის. 2022 წელს გალტ & თაგართ ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან 3-3.15-ის ფარგლებში ვარაუდობს.

 

პეტრე ინაური

Share