Home » ბიზნესი » მიხეილ დაუშვილი – ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული პროცედურებია

მიხეილ დაუშვილი – ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული პროცედურებია

დიდი იმედი მაქვს, გამოინახება დროებითი საშუალება, რათა ბიზნესმა მარტივად გადალახოს კორონავირუსის დროებითი მოვლენა

შრომითი კანონმდებლობა, აზარტული თამაშების რეკლამა, თამბაქოს კონტროლი და სხვა პრიორიტეტული საკითხები – რა პრობლემებით მიმართავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატს, თემაზე ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.

სანამ უშუალოდ, კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე საუბარს დავიწყებდეთ, ბოლო პერიოდში ბიზნესს პრობლემას უქმნის კორონავირუსი და ამის თაობაზე ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, სადაც თქვენც იმყოფებოდით. რას ითხოვს ტურისტული სექტორი და რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი?

– რეალურად ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და შინაარსიანი შეხვედრა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები არ არის მხოლოდ ლოკალური. ცხადია, ეს არის გლობალური გამოწვევა. გარდაუვალია, რომ მას გარკვეული ეფექტი ექნება მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების წუხილებს და მოთხოვნებს, ის ეხება ძირითადად ფინანსურ საკითხებს. მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ჯავშნები მომდევნო თვე-თვენახავრის განმავლობაში, რაც ალბათ მოსალოდნელიც იყო. შესაბამისად, მათი მოთხოვნები შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით. ეს არის საგადასახადო კუთხით, კომუნიკაცია ბანკებთან, რათა მოხდეს სესხებთან დაკავშირებული შეღავათების მიღება, ასევე, იმ მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც დაეხმარება ბიზნესს პრობლემის ეფექტიან გამკლავებაში. როდესაც საკითხი ეხება ბიზნესს და ბიზნესთან კომუნიკაციას, ვგულისხმობ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგნელებსა და ბანკებს შორის კომუნიკაციას, ეს არის სრულად მათი კომპეტენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ კომპრომისული ვარიანტის მონახვას ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ დაზიანდეს. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადის გადახდა არის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. თუმცა, ვინაიდან ეს გამოწვევა არსებობს, დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გამოინახოს ისეთი დროებითი საშუალება, რომელიც ბიზნესს ხელს შეუწყობს მარტივად გადალახოს ეს დროებითი მოვლენა რასაც კორონავირუსი ჰქვია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიზნესის თითოეული პრობლემა, რომელიც გამოწვეული ამ გლობალური მოვლენისგან, დაუყოვნებლივ და ობიექტურად დაფიქსირდეს როგორც საკოორდინაციო ჯგუფში, ასევე საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის წინაშე.

რამდენად იზიარებთ გლობალურ გამოცდილებას ასეთ სიტუაციაში ვითარების მართვისას?

– პრინციპში, ეს არის ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ და ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა მეზობელმა ან სხვა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს, ამის ყოველდღიური მონიტორინგი ხდება და ცხადია, ამას ჩვენ პრაქტიკაში ვიყენებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული სპეციფიკური რეალობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოწვევა მალე გადაივლის. მთავრობა ეფექტურად უპასუხებს და არამხოლოდ მთავრობა, რადგან ცალკე აღებული მთავრობა და ხელისუფლება ასეთ გამოწვევებს ვერ გადალახავს, მათ შორის კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. დღევანდელი მდგომარეობით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა არის საკმაოდ ეფექტიანი.

სხვა საკითხებზე რომ გადავიდეთ, ყველაზე მეტად რა საკითხებით მოგმართავთ კერძო სექტორი, რა არის მათი მთავარი გამოწვევა?

– მოდი განვაზოგადოდ. ცხადია, ჩვენი ფუნქცია არის მეწარმეების კანონიერი უფლებების დაცვა, როდესაც საუბარი კერძო სუბიექტსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე, ან სახელმწიფოს ნებისმიერ განშტოებასთან ურთიერთობაზე. ყველაზე ხშირი, შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო დავებს ეხება, ლინცენზია-ნებართვებს, სახელმწიფო პრივატიზაციას საკითხებს და ასევე უამრავ სხვა საკითხს. ჩვენი დაკვირვებით, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის განჭვრეტადობა, ანუ ის, რომ ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი იყოს განჭვრეტადი. შესაბამისად, ამ კუთხით ბიზნესის წუხილი უკავშირდება უფრო მეტად გაჭიანურებულ პროცესებს. ეს პროცესი მოიცავს როგორც სასამართლო დავებს, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გაჭიანურებული პროცედურები. ყველა იმ სუბიექტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც ჩვენი ყურადღება დასჭირდება, შარშან ამოქმედდა ბიზნესომბუდსმენის სასამართლო მეგობრის ფუნქცია. ნებისმიერ საქმეში, სადაც ჩვენ ბიზნესის კანონიერი უფლების დარღვევას დავინახავთ, მზად ვართ გავუწიოთ დახმარება და მივმართოთ სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ ფარგლებში რეკომენდაციით და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ რა ნაწილში დაირღვა კომპანიის თუ ნებისმიერი მეწარმის ინტერესები. ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ პრაქტიკას საერთაშორისო სახე აქვს. ჩვენ ვიკვლევთ საერთაშორისო პრაქტიკასაც და ამით დამატებითი ღირებულებას ვაძლევთ ჩვენ რეკომენდაციებს.

გქონიათ თუ არა აღნიშნული პრაქტიკის ფარგლებში რამდენიმექეისი“?

– დიახ. რამდენიმე მომართვის საფუძველზე, ჩვენ დავინახეთ და დავადგინეთ დარღვევები კონკრეტულ საქმეებში, გამოვიყენეთ სასამართლო მეგობრის ფუნქცია. კონფიდენციალობიდან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეებს ვერ დავასახელებ. რამდენიმე ქეისში შედეგიც დადგა და სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები.

შრომითი კანონმდებლობა ერთერთი მიმართულებაა, რაზეც ბოლო პერიოდში ბიზნესი წუხს. ისინი ამბობენ, რომ ზედმეტად ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით?

– როდესაც საქმე ეხება შრომის კანონმდებლობას, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვალდებულებები ნაკისრი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, იმისათვის რომ მან შრომითი კანონმდებლობის ისეთი სტანდარტი შექმნას, რომელიც სათანადოდ იცავს დასაქმებულის უფლებებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერებულია და საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული, ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი მძიმე ტვირთი იქნება ბიზნესისათვის. რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტის დაწესება არის კარგი და რაც მეტად დავიცავთ დამსაქმებლის უფლებას, ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა ის რეგულაცია, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, იყოს რეალისტური და პრაქტიკაში აღსრულებადი და არ უნდა იყოს ზედმეტი ტვირთი ბიზნესისათვის. თუ კონკრეტული რეგულაცია არის ბიზნესისათვის ტვირთი, მაშინ ეს გამოიწვევს არა დასაქმებულის დაცვას, არამედ შეაფერხებს დამატებით ინვესტიციებს და უარყოფითადაც შეიძლება აისახოს დასაქმების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მთავრობასთან და პარლამენტთან, იმისთვის რომ მივიღოთ დაბალანსებული ვერსია.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების გადავადებას ითხოვს ეკონომიკის სამინისტრო. თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულთან დაკავშირებით?

– ანტიდემპინგური კანონმდებლობა, ცხადია, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბაზარი იყოს დაბალანსებული და დაცული. არ გაჩნდეს გარკვეული დარღვევები მეწარმე სუბიექტების არაკეთილსინდისიერი ქცევების შედეგად. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ კონკურენცია ბაზარზე, თუმცა ამ კუთხით ჯერჯერობით კონსულტაციების პროცესში ვართ. თავისთავად ცხადია ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბაზარი იყოს მაქსიმალურად კონკურენტული, დამატებითი რეგულაციებით ან რეგულაციების მიუღებლობით ხელი არ შევუშალოთ კონკურენციას.

თამბაქოს კონტროლთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ, რა პრობლემებით მოგმართავენ ისინი და როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ სექტორებში არსებულ ვითარებაზე?

– თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, რეალურად რამდენიმე საკითხია, რომელიც აქტუალურია. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მათგანი არის – განჭვრეტადი საინვესტიციო გარემოს მოთხოვნა, რაშიც იგულისხმება საგადასახადო კუთხით ბიზნესის მოლოდინები. ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისათვის გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი. შედგა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის კერძო სექტორის მონაწილეობით. ვისაუბრეთ პრობლემებსა და წუხილებზე და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გეგმა, რომელსაც კერძო სექტორს შევთავაზებთ. გეგმის მიხედვით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგნელებს ექნებათ საკმაოდ კონკრეტული ხედვა, თუ რას აპირებს საგადასახადო კუთხით სახელმწიფო შემდეგი ორი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, ბოლო პერიოდში ეს საკითხიც ძალიან გააქტიურებულია. აქაც არის რამდენიმე მიმართულება. მოთხოვნები, რომელიც ამ სფეროში არსებობს, შეეხება ასაკობრივ შეზღუდვებს, სარეკლამო შეზღუდვებს, ასევე, ე.წ. შავი სიის შექმნას, ავტორიზაციის წესების შემოღებას და ამოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პირი, რომელსაც კანონის მიხედვით არ აქვს უფლება ჩართული იყოს აზარტულ თამაშებში, მან გაიაროს შესაბამისი ავტორიზაცია და არასრულწლოვანმა ვერ შეძლოს ითამაშოს აზარტული თამაშები. ბევრი საკითხია აქტუალური ამ კუთხით და შეიძლება ითქვას, რომ ვმუშაობთ როგორც მთავრობასთან, ასევე პარლამენტსა და კერძო სექტორთან. ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეგულაციები იყოს დაბალანსებული, აძლევდეს ბიზნესს კონკრეტულ ხედვას, გარემოს ხდიდეს პროგნოზირებადს. თუ რეკლამა შეიზღუდება და ასაკობრივი შეზღუდვები გამკაცრდება, ისმის კითხვა, ამით მოხდება ე.წ. მავნე ზეგავლენის შემცირება აზარტული თამაშების, თუ ეს ხელს შეუწყობს ე.წ. გრეი ზონების გაზრდას. ამიტომ, ვცდილობთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მივიღოთ დაბალანსებული ვარიანტი – დავიცვათ მოქალაქე და არ დავაზიანოთ ბიზნესი.

სანდრო პირველი

Share