Home » ბიზნესი » Microsoft-ის სახელით საქართველოში არაუფლებამოსილი პირები ბიზნესმენებს ჯარიმის თანხებს ართმევენ
Microsoft-ის სახელით საქართველოში არაუფლებამოსილი პირები ბიზნესმენებს ჯარიმის თანხებს ართმევენ

Microsoft-ის სახელით საქართველოში არაუფლებამოსილი პირები ბიზნესმენებს ჯარიმის თანხებს ართმევენ

სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილი“-ს ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის სქემა გაშიფრა, რომლის მეშვეობითაც Microsoft-ის სახელით საქართველოში არაუფლებამოსილი პირები აქტიურად სძალავენ ბიზნესმენებს ფულს.

რამდენიმე წელია ქართულ ბიზნესკომპანიებში ახალი საჯარიმო „ვირუსი“ ტრიალებს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Microsoft-ი მისი პროგრამების ულიცენზიო გამოყენების გამო ქართულ ბიზნეს სუბიექტებს სოლიდური თანხის გადახდას აკისრებს ჯარიმების სახით. ვინაიდან საქართველოში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს (ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში კომპიუტერების 80 პროცენტზე მეტი ულიცენზიო პროგრამებით მუშაობს), ბიზნესმენები ფაქტს არ უარყოფენ და შესაბამისად, აქედანვე იწყებს მოქმედებას თანხის ამოღების საეჭვო სქემაც, რომელიც როგორც ადვოკატი კახა ასლანიშვილი ირწმუნება, არა Microsoft-ს, არამედ მისი სახელით მოქმედ ფირმებს და ადვოკატებს აქვთ შემუშავებული. სქემა მარტივია – თუ დაჯარიმებული კომპანია არ წავა სასამართლოში და მართლმსაჯულების გზით არ დაადგენს, რეალურად რა ზარალი მიაყენა Microsoft-ს, მაშინ მოთხოვნილი ასიათასობით დოლარის ნაცვლად, შეუძლია გადაიხადოს 10-ჯერ ან 15-ჯერ ნაკლები თანხა. ფაქტია, ამ სქემამ გაამართლა. დღეს ასობით ქართველმა ბიზნესმენმა პრობლემა სოლიდური ჯარიმების გადახდის გზით მოაგვარა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კახა ასლანიშვილის განცხადებით, ფულის ამოღების ასეთი სქემა მხოლოდ ქართული რეალობა არ არის – სხვადასხვა დროს მსგავსი სქემებით თანხების ამოღების გამო ხმაურიანი პროცესები განვითარდა ყაზახეთში და რუსეთში.

Microsoft-ის სახელით ანალოგიური შინაარსის წერილი მიიღო სს „სარაჯიშვილმაც“, რომლის მიხედვითაც, კომპანია ოფიციალურად იქნა გაფრთხილებული, რომ: „სასამართლო დავის შემთხვევაში, მაიკროსოფტის სასარჩელო მოთხოვნის სავარაუდო ოდენობა 100.000 აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს“. თუმცა, მინიმალური კომპენსაცია „სარაჯიშვილისთვის“ საბოლოოდ 12.000 დოლარი აღმოჩნდა. კომპანიამ, სხვა ბიზნეს სუბიექტებისგან განსხვავებით, შეთავაზებული თანხის გადახდის სანაცვლოდ სამართლებრივი დავის გზა აირჩია და ამ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა.

ამ თემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებები უკვე წერდნენ და როგორც ირკვევა, საზოგადოებაში მაღალი ინტერესიც გამოიწვია. ამიტომ საკითხში უფრო ღრმად გარკვევის მიზნით „ბანკები და ფინანსები“ სს „სარაჯიშვილის“ ადვოკატს კახა ასლანიშვილს ესაუბრა.

ბატონო კახა, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ამ საქმეში სარაჯიშვილმაუფრო რთულისასამართლო გზა აირჩია. რა გახდა ამის მიზეზი?

– პირველ რიგში, ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც მსოფლიოს გიგანტი კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ესენი არიან ადვოკატი კახა შარაბიძე (საადვოკატო ფირმა BLB-ს დამფუძნებელი) და მისი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მიუთითებენ, თითქოს არიან საქართველოში Microsoft-ის უფლებამოსილი პირები. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ისინი არ არიან ბილ გეითსის კორპორაციის უფლებამოსილი პირები. აი, რა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას: პირველი – Microsoft-ის სათანადოდ უფლებამოსილ კორპორატიულ ოფიცერს ან უფლებამოსილ პირს არ გამოუხატავს ნება და არ გაუცია რწმუნებულება არც შარაბიძეზე და არც სხვა პირზე. ისინი არ არიან აღჭურვილნი სათანადო უფლებამოსილებით, რომ სასამართლოში Microsoft-ის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო შეიტანონ სარჩელი და პროგრამების ღირებულების დამატებით მოთხოვონ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ოდენობით კომპენსაციის დაკისრება ამა თუ იმ კომპანიისთვის.

ეს პროცესი რომ კანონის დაცვით წარმართულიყო, აი, რა უნდა მოემოქმედებინა Microsoft-ს: მისივე წესდების თანახმად, უნდა შეკრებილიყო კორპორაციის დირექტორთა საბჭო ან საბჭოს უფლებამოსილ პირს უნდა მიენიჭებინა უფლებამოსილება მათი წარმომადგენლისთვის კონკრეტულად საქართველოში და არა ნებისმიერ ქვეყანაში. შარაბიძის მხარის მიერ Microsoft-ის სახელით წარმოდგენილი დოკუმენტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ადასტურებს. ხაზს ვუსვამ, არც Microsoft-ი და არც სხვა ნებისმიერი საერთაშორისო კორპორაცია არ არის უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობის მიღმა სცადოს რაიმე მოქმედებების განხორციელება. ყველამ უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. რაც ყველაზე მთავარია, ეს რწმუნებულება უნდა გაიცეს თავად ვაშინგტონის შტატის კორპორატიული სამართლის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ კი ასეთი სურათი გვაქვს: Microsoft-ის რომელიღაც თანამშრომელმა აშშ-ს შტატ ნევადაში (და არა ვაშინგტონში, სადაც ბილ გეითსის კორპორაციაა რეგისტრირებული) დააფუძნა კომპანია, რომლის აბრევიატურაც მიმსგავსებულია Microsoft-ის სახელწოდებასთან – MSHC. 2009 წელს ამ კომპანიამ საქართველოში დააფუძნა შპს „Microsoft-საქართველო“ და დღეს სწორედ ეს ფირმა წარადგენს პირველად საჯარიმო მოთხოვნებს Microsoft-ის სახელით ამა თუ იმ იურიდიული პირის მიმართ. სხვათა შორის, ქართულ კომპანიებს კომპიუტერები აქვთ შეძენილი იმ დასაბუთებული ვარაუდით, რომ მასში ინსტალირებულია Microsoft-ის ლიცენზირებული პროდუქტები.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ Microsoft-, მსოფლიო დონის ამერიკული კორპორაცია, იტყუება?

– არა, Microsoft-ი, როგორც მინიმუმ, შეცდომაშია შეყვანილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიცენზიატი ადვოკატების მიერ. ამგვარი რწმუნებულებები ვერ აკმაყოფილებს ვერც თავის იურისდიქციაში, ვაშინგტონის შტატის მოქმედ კანონმდებლობას. ეს იმ საუკეთესო შემთხვევაში, Microsoft-ის ნება მართლაც რომ იყოს კომპანიების დაჯარიმება აქამდე არალიცენზირებული პროდუქციის გამოყენებისათვის. ნებისმიერ იურიდიულ პირს ჰყავს წარმომადგენლები და უფლებამოსილების მქონე თანამშრომლები. ამისთვის მას უნდა ჰყავდეს დელეგირებული უფლებამოსილების მქონე პირი, ან დირექტორთა საბჭომ უნდა განსაზღვროს, ვინ არის უფლებამოსილი ამა თუ იმ საქმიანობის განსახორციელებლად. ეს ასეც წერია Microsoft-ის წესდებაში – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი სპეციალიზდება დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებებით. შემდგომში თუ ასეთი პიროვნება საქართველოში, კონკრეტულად ამა თუ იმ იურიდიული პირის მიერ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციას მოითხოვს, იქნება სწორი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში დადგება უფლებამოსილების გადანდობის საჭიროება, კვლავ დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და განსაზღვროს პირი, რომელსაც გადანდობის უფლებამოსილება ექნება, რათა განახორციელოს სარჩელის შეტანა საქართველოში, ჩვენს იურისდიქციაში, რაც ასევე შესაბამის ოქმში უნდა აისახოს.

ხომ შეიძლება, რომ ეს მინდობილობები ნამდვილად არსებობდეს ?

– როდესაც Microsoft-ის მოქმედმა ადვოკატმა „სარაჯიშვილის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, შესაგებელშივე ეჭვქვეშ დავაყენეთ მისი უფლებამოსილება და მოვითხოვეთ საქმის წარმოების შეწყვეტა, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ჩვენი მტკიცებით, სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვისაც არ გააჩნია საამისო უფლებამოსილება. შესაგებელში დასმული ჩემი არგუმენტების კვალდაკვალ მივწერე თვითონ Microsoft-ს. მათგან მიღებულმა პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ის ეჭვი, რომელიც გვქონდა. აგიხსნით, რა გამოაშკარავდა ამ მიმოწერით: Microsoft-ს, რა თქმა უნდა, აქვს ბევრი სხვადასხვა განყოფილება, რომელიც ებრძვის კიბერდანაშაულს, პროდუქტების არალიცენზირებულ გავრცელებას და ა.შ. კორპორაციის სისტემამ, აღიქვა რა საქართველოდან გაგზავნილი წერილი აიპი მისამართით, ავტომატურად გადაამისამართა ჰელსინკში განთავსებულ ოფისზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეტყობინება ავტომატურ რეჟიმში მოხვდა ადვოკატთან, რომელიც კონტაქტშია საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ სწორედ ამ ადვოკატის უფლებამოსილებაა ჩემთვის სადავო და გაურკვეველი. ეს არის ვინმე დამარის ვიგილი, რომელიც 2014 წელს შეუერთდა არალიცენზირებულ პროგრამებთან დაკავშირებული დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებას.

თუმცა, თქვენ მიერ წარმოდგენილ წერილში, რომელიც ჰელსინკიდან მიიღეთ, პირდაპირ წერია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსსარაჯიშვილისწინააღმდეგ სწორედ კორპორაცია Microsoft-ახორციელებს საქმის წარმოებას.

– საქმეც ამაშია, Microsoft.com-ის იმეილით მოსარგებლე პირები გვწერენ, რომ ეს არის Microsoft-ის ნება და სწორედ კახა შარაბიძე არის უფლებამოსილი პირი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონმდებლობა იმიტომ არსებობს, რომ მოსამართლეც, ადვოკატიც და ნებისმიერი ადამიანი, უნდა რწმუნდებოდეს პირის უფლებამოსილებაში საკანონმდებლო მოთხოვნებთან კონკრეტული დოკუმენტის შესაბამისობის დადგენის გზით. ვინც არ უნდა ჩახედოს ამ დოკუმენტს, ყველა დარწმუნდება, რომ იგი მეტყველებს საწინააღმდეგოს. ანუ, მარწმუნებელი არის ვინმე ადვოკატი, რომლის უფლებამოსილება არსად არ ჩანს, გარდა იმეილისა. ეს არ გამოადგება არც ჩვენს მართლმსაჯულებას და არც Microsoft-ის სახელით ფულის მომკრეფს.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი – ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე არ გვპასუხობს, ვისთან მიდის მორიგების შედეგად ქართული კომპანიებისგან აღებული თანხები. თუნდაც პასუხი გაგვცეს დამარის ვიგილმა, რომელიც უსახელოდ გაცემული, სადავო რწმუნებულების საფუძველზე ირწმუნება, რომ კახაბერ შარაბიძე არის უფლებამოსილი პირი. ამ დოკუმენტზე გვარი და სახელიც კი არ არის აღნიშნული სათანადოდ, დაფიქსირებულია მხოლოდ გაურკვეველი ხელმოწერა, და ამის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ეს არის Microsoft-ის სახელით მოქმედი პირი.

ჩემი აზრით, ეს არის თანხის ამოღების სქემისთვის სამართლებრივი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად სერიოზულობის ელფერის შეძენა, ანუ ფონის შექმნა, რათა მოკრიფონ ფული. ცხადია, როგორც იურისტი, მოზომილი ვარ შეფასებებში და უაპელაციოდ არაფერს ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ ეს დადასტურებული ფაქტია, იმ წესებით, რომელსაც კანონმდებლობა ითხოვს. ამგვარი იმიჯის მქონე, მსოფლიოს ტოპ კორპორაციის წარმომადგენლები არ შეიძლება უშვებდნენ ასეთ ლაფსუსებს. ეჭვს მიღრმავებს ისიც, რომ Microsoft-ში გადაგზავნილია გაუმართავი, საკუთარი ქართულ-ინგლისურით შედგენილი რწმუნებულება. დაუშვებელია, რომ ამ რწმუნებულებას, შინაარსის ნამდვილობის თვალსაზრისით, ამერიკელი ნოტარიუსი ადასტურებდეს.

კიდევ ერთ მთავარ საკითხზე შევჩერდები. ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც სიტყვა-სიტყვით წერს – „ჩემს წინაშე წარსდგა რიჩარდ ზაუერი, რომელმაც განაცხადა, რომ არის Microsoft-ის სახელით უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს და ამგვარი შინაარსის რწმუნებულება გასცეს. მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო მის უფლებამოსილებაში“. ეს რომ იყოს საკმარისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეიძლება ხმა არ ამოგვეღო. მაგრამ ფაქტია, სანოტარო ფორმულარის ჩანაწერი პირიქით კონტრადიქციულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა.

ჩვენ არ გვინდა თავიდანვე ბათილი იყოს გადაწყვეტილება, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძრულ სარჩელის საფუძველზეა გამოტანილი. ჯერ ეს მთავარი ბარიერი უნდა გადალახოს მხარემ, რომ არსებით მსჯელობაზე გადავიდეს. მოგეხსენებათ, სასამართლოს აკისრია ვალდებულება, შეამოწმოს, არის თუ არა სარჩელი უფლებამოსილი პირისგან შეტანილი. მაგრამ ჩვენს საქმეზე მოსამართლეს მტკიცებულებათა წინასწარ უზრუნველყოფის შესახებ განჩინება აქვს გამოტანილი და ეს საკითხი არცერთხელ სათანადოდ არ აქვს შემოწმებული.

სასამართლო რეალურად არ უყურებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ აქამდე იმდენი ბარიერი აქვს გადალახული ამ ტიპის სარჩელებს, რომ არავის აზრად არ მოსვლია უფლებამოსილების შემოწმებინა.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება – რწმუნებულება ინგლისურიდან ქართულად  ისეა ნათარგმნი, რომ იგი სასამართლომ გამოიყენოს Microsoft-ის სასარგებლოდ. ტექსტი შეგნებულად შეცვლილია იმგვარად, რომ იყოს დამაკმაყოფილებელი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

ანუ თქვენ ამერიკელი ნოტარიუსის მიერ დამტკიცებულ ინგლისური რწმუნებულების ნამდვილობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ და ამბობთ, ეს არ არის ის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ ამ პირებს შეუძლიათ იდავონ და დააჯარიმონ კომპანიები?

– რა თქმა უნდა. ნებისმიერი განხილვის პირობებში დავასაბუთებ, რომ ასეთი სქემა და ამგვარი ინსტრუმენტის წარდგენა ნებისმიერ ადგილას, იმ მიზნებისთვის, რომელსაც თანხის მიღება და შემდგომში ამ ფულის გაურკვეველი მიმართულებით გადარიცხვა ჰქვია, არამართლზომიერია. ამის თქმის უფლებას მძლევს ისიც, რომ დღემდე ვერც „Microsoft-საქართველოსგან“ მივიღეთ პასუხი, ვინ არის მორიგების შედეგად აკრეფილი თანხების საბოლოო ბენეფიციარი.

ახლა მივუბრუნდეთ ამერიკელი ნოტარიუსის მიერ დამტკიცებულ რწმუნებულებას, რომელიც ქართულ თარგმანში შეგნებულად არის დამახინჯებული. ინგლისურ ტექსტში სიტყვა-სიტყვით ვკითხულობთ: „ვადასტურებ, რომ მე ვიცი ან მაქვს დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ რიჩარდ ზაუერი არის ის პიროვნება, რომელიც ჩემ წინაშე დგას. მან განაცხადა, აცნობიერებს, რომ ხელს აწერს ამ დოკუმენტს (ანუ რწმუნებულებას) და ფიცის ქვეშ აცხადებს, რომ უფლებამოსილია ამ ინსტრუმენტს მოაწეროს ხელი. ასევე აცნობიერებს, რომ რიჩარდ ზაუერი არის Microsoft-ის კორპორაციის მდივნის დამხმარე და რწმუნებულების შედგენისას ძალდატანების და ზემოქმედების სხვა ფორმებს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ინსტრუმენტი განხორციელდა თავისუფალი ნებით“.

ქართულ თარგმანში კი წერია: „მე ვადასტურებ, რომ ვიცი ან მაქვს დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ რიჩარდ ზაუერმა, ჩემთვის ცნობილმა, როგორც მაიკროსოფტ კორპორეიშენის მდივნის თანაშემწემ მოაწერა ხელი ამ ინსტრუმენტს და ფიცით განაცხადა, რომ იგი უფლებამოსილია აღასრულოს მაიკროსოფტ კორპორეიშენის სახელით წინამდებარე და თავისი ნებით ხელს აწერს წინამდებარე ინსტრუმენტს.“

განსხვავება ნათელია. სწორედ ეს ხერხია გამოყენებული სარჩელის შემტანთა მიერ, რომელსაც არ უნდათ იმის შემჩნევა, რომ ჩვენ მივხვდით ყველაფერს. ადამიანს რომ არ ჰქონდეს მაძიებლური ინსტიქტები, შეიძლება დაემორჩილოს Microsoft-ის მეილიდან დაბრუნებულ პასუხს, სადაც წერია, რომ საქართველოში შარაბიძეა მისი წარმომადგენელი. მაგრამ მე კითხვას ვსვამ, რა არის წარმომადგენლობის საფუძველი, და ისევ ჩაკეტილი წრის პრინციპით მიბრუნებენ მინდობილობას, რომელიც ამ თარგმანს შეიცავს. არ შეიძლება ვინმე ამ თარგმანს უნებლიე შეცდომა დაარქვა. ეს არ არის ენის უცოდინრობით ან სხვა მიზეზით დაშვებული შეცდომა, ეს არის დოკუმენტის დამახინჯება და იმ სიტყვის განზრახ გამოტოვება, რომელიც სასამართლოს წინაშე ჩრდილს მიაყენებდა ზაუერის უფლებამოსილებას.

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია რიჩარდ ზაუერის შესახებაც. ის არის ადვოკატი. აი, რეალურად რა ხდება: საქართველოში მოღვაწე ადვოკატები კონტაქტდებიან Microsoft-ის სახელით მოქმედ ადვოკატებთან და ხდება საქართველოში, როგორც „დახურულ ზონაში“ მოქმედების უფლების „მოპოვება“.

ერთი სიტყვით, კარგად შეფუთული სქემით ქართულ კომპანიებისთვის მაღალი თანხების დაკისრების დახატვის პერსპექტივით საბოლოოდ მორიგებით ახერხებენ ფულის ამოღებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხდება, თუ ჩვენ მივიღებთ პასუხებს, რამდენ კომპანიას რა თანხები გამოართვეს და სად წაიღეს. წერილი უკვე გაგზავნილი გვაქვს რიჩარდ ზაუერთან, დამარის ვიგირთან და Microsoft-ის კორპორაციაში ვაშინგტონში. ანალოგიური შინაარსის წერილი გავაგზავნეთ Microsoft-საქართველოშიც.

საუბრის დასაწყისში „Microsoft-საქართველო“ ახსენეთ და აღნიშნეთ, რომ ეს კომპანია არაუფლებამოსილი ფიზიკური პირის მიერ არის დაფუძნებული. რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას?

– პირდაპირ ვამბობ, როდესაც Microsoft-ი აფუძნებს რომელიმე შვილობილ კომპანიას, არ სჭირდება აბრევიატურას გამოყენება. „Microsoft-საქართველო“ 5 ათას დოლარიანი კაპიტალის მქონე კომპანიაა, რომელიც Microsoft-ის ორმა თანამშრომელმა დაარსა აშშ-ს ნევადის შტატში. 2009 წელს ეს კომპანია საქართველოში Microsoft-ის პროდუქტების გაყიდვის მიზნით შემოვიდა. მოგვიანებით მან ახალი „ფუნქცია“ შეიძინა – ჩვენთვის კარგად ცნობილი მიმართულებით. იმის გამო, რომ კომპანიას არაფერი აკავშირებდა Microsoft-ის კორპორაციასთან, რაც ადვილად მტკიცდება სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით, მათ დაიწყეს ბილ გეითსის კორპორაციულ ქსელში ნაცნობი ადვოკატების მოძებნა და აძლევენ საქმეს. ამ სქემით ხდება საქართველოში ბიზნესიდან თანხებია ამოღებას.

სხვათა შორის, პირველადი მოთხოვნა „სარაჯიშვილის“ მიმართ განახორციელა „Microsoft -საქართველო“-მ, რომლის დირექტორიც ქეიდ დოლივერია. დასაწყისში სწორედ ის უწერდა ხელს კახა შარაბიძეს რწმუნებულებაზე. სასამართლოზე დავსვით კითხვა, თუ Microsoft-საქართველოს დირექტორი არის ქეიდ დოლივერი, რა შუაშია Microsoft კორპორაცია? მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღეთ.

ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე სარჩელში ამბობს, რომ მე ვარ უხეში დარღვევის განმახორციელებელი პირი, რადგან არ ვუპასუხეთ Microsoft-ის სახელით გამოგზავნილ წერილს და არანაირ ღია კონტაქტზე არ გავედით. მაგრამ ჩვენ საჯარო რეესტრის მონაცემში გადავამოწმეთ „Microsoft-საქართველოს“ მონაცემები, სადაც მითითებულია, რომ ის არის ნევადის კომპანია და არაფერი აქვს საერთო რეალურ Microsoft-სთან, ვისთვის და რატომ უნდა დაგვებრუნებინა პასუხი? თუ გვიჩივის Microsoft-ი, მაშინ რატომ აპელირებენ ამ რწმუნებულებაზე, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ. და საერთოდ, რატომ არ გვიჩივის თავად Microsoft-საქართველო, თუ აქვს ამის უფლებამოსილება? იმიტომ, რომ არ აქვს, რადგან ოფიციალურად საქართველოს ბაზარზე მას მხოლოდ Microsoft-ის პროდუქციის გაყიდვა შეუძლია. ეს არის მოძებნილი გზა, რათა „დაარწმუნონ“ სასამართლო საკუთარ უფლებამოსილებაში.

სასამართლოსაც ეზარება საქმეებში სიღრმისეულად წასვლა. თუ მხარემ არ მიუტანა მტკიცებულებები, არ იწყებს ძებნას. მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს, მოითხოვოს წესდება. მან უნდა წაიკითხოს კანონები, მათ შორის შეერთებული შტატებისაც, რომელიც საქმის განხილვასა და ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება. ვიღაც ადვოკატის მიერ დაწერილი რწმუნებულების გარდა საქმეში არანაირი დოკუმენტი არ არსებობს და ამის გამო გაურკვევლობაში ვართ. თუმცა, ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ ძალიან მარტივია ასეთი დავები, ბევრი გვქონია და ყველგან წარმატებით დაგვისრულებია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მოდავე, ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

ხვალ რომ კახა შარაბიძემ ბილ გეითსის ხელმოწერით მოიტანოს დოკუმენტი, სადაც იგი იწონებს მის ქმედებებს, ან ადასტურებს მის უფლებამოსილებას, მაშინ რას მოიმოქმედებთ?

– სწორედ ამას ვითხოვ. ვითხოვ უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ პიროვნება მართლაც და კონკრეტულად აქვს ჯარიმებზე სარჩელის შეტანის, მორიგებისა და თანხების მიღების უფლებები.

საქართველოს საპროცესო კოდექსის სპეციალურ უფლებამოსილებათა კატეგორია განსაზღვრავს, ვის აქვს სარჩელის აღძვრის უფლება. ის პირი, რომელმაც მოუწერა ხელი შარაბიძეს და მის გუნდს, იყო უფლებამოსილი საქართველოში სარჩელის აღძვრაზე? და თუ ჰქონდა რიჩარდ ზაუერს რწმუნებულება, მაშინ უნდა ეწეროს, რომ მას აქვს გადანდობის უფლებამოსილებაც. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, არ შეიძლება რწმუნებულმა გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებას.

დღეს ჩვენ გვეცხადებიან პირები და გვეუბნებიან, რომ Microsoft-ს წარმოადგენენ, მაგრამ რა საბუთით, რა საკითხში, რა უფლებამოსილების ფარგლებში, სად იწყება და მთავრდება მათი უფლებამოდილება, აქვთ თუ არა გადანდობის უფლება და ა.შ., ეს ყველაფერი გაურკვეველია, რადგან ამ ადვოკატებს Microsoft-კორპორაცია სათანადოდ საქმის კურსში არ ჰყავთ ჩაყენებული და მათ სათაო ოფისთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი მოქმედებენ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებისთვის. Microsoft-ის მოთხოვნა არ შეიძლება იყოს ლიცენზირებული პროდუქტის მყიდველის დაჯარიმება აქამდე შეძენილი პროდუქტის გამოყენებისათვის. გამოდის, რომ წმინდა წყლის არამართლზომიერ სქემასთან გვაქვს საქმე და შეცდომაში შეჰყავთ პოტენციური მყიდველი, რაც არის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეს დაუშვებელია და არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს – გაუთვალისწინებელი და გაუთვლელი ხარჯები მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს.

მხოლოდ ჩვენი ტიპის ეკონომიკებშია შესაძლებელია Microsoft-ის სახელით ამ სქემის ამუშავება. სხვათა შორის, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, ასეთი მოვლენები განვითარდა და დღესაც ვითარდება ყაზახეთში, რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფაქტობრივად, დაკარგულ ქვეყნებს Microsoft-ი საკუთარი პროდუქტის გაყიდვის თვალსაზრისით ამ ადვოკატების მეშვეობით ამუშავებს.

რამ შეუწყო ხელი ამ სქემის საქართველოში ფართოდ გავრცელებას და ასეულობით კომპანიის მიერ თანხების მორჩილად გადახდას?

– რამდენიმე ფაქტორია: პირველი – ბიზნესსექტორის მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობის დაბალი ხარისხი, მათ შორის, ბიზნესდავებში; მეორე – საქართველოს კანონმდებლობის ბუნდოვანება, რომელიც თითქოს მძიმე შედეგებს განსაზღვრავს; და მესამე – თვითონ Microsoft-ის ინერტულობა საქართველოს ტიპის ბაზრების მიმართ. შედეგად, არაუფლებამოსილ მოსარჩელეს ხელში უჭირავს „საფრთხობელა“, გამომუშავებული აქვს მარჟა და თუ არ დათანხმდა კომპანია მოთხოვილი თანხის გადახდას, იგი საავტორო უფლებების კანონში დაფიქსირებული ზარალის ანაზღაურების ათმაგი ოდენობის დაკისრებით იმუქრება, რაც ნებისმიერისთვის, მცირე იქნება კომპანია, მსხვილი თუ თუნდაც ფიზიკური პირი, დიდ თანხაზე ადის. სწორედ ამან „უხმო მორიგების“ მეთოდი დაამკვიდრა.

საინტერესოა ისიც, როგორ ირჩევენ ამ სქემის წარმომადგენლები ფულის გადამხდელ კომპანიებს. მოსამართლემ ხომ უნდა დასვას კითხვა, მით უმეტეს, როგორც ვიცი, სასამართლოს მატერიალურ ტექნიკური დეპარტამენტიც არალიცენზირებული პროგრამებით სარგებლობს და თვით მოსამართლეების კომპიუტერებსაც არ აქვს ლიცენზირებული პროგრამები ჩატვირთული. ჩემი პასუხი მარტივია, ეს საკითხი წყდება შარაბიძის მიერ. იქ მსჯელობენ ამა თუ იმ კომპანიის ლიკვიდურობაზე, შეძლებს თუ არა მათთვის სასურველი თანხის გადახადას, წავა თუ არა ბიზნესმენი სასამართლოში და ა.შ. ზარალის ათმაგი ოდენობის მოთხოვნის შესაძლებლობა ნამდვილად არ არის პატარა საფრთხე. საქართველოს მასშტაბში გიგანტური ბრუნვის კომპანიაც რომ წარმოვიდგინოთ, მასაც გაუჭირდება გადახდა.

ეს სამი ფაქტორი არის ჩვენი ტიპის ეკონომიკებში და იურსდიქციაში გადამწყვეტი ფაქტორი, ზემოთქმული ინტერესების განხორციელებას შეეწყოს ხელი.

როგორც ცნობილია, ულიცენზიო პროგრამების პრობლემა იყო სახელმწიფო სტრუქტურებშიც, მაგრამ ხელისუფლებამ იგი უშუალოდ Microsoft-თან მოაგვარა. აიღო ვალდებულება ეტაპობრივად პროგრამების შესყიდვის და შესაბამისად ბილ გეითს ჯარიმის გადახდა არც მოუთხოვია. სამწუხაროდ, კერძო კომპანიები და თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქეები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში. ამ შემთხვევაში, რამდენად ეკისრება ვალდებულება სახელმწიფოს დაიცვას ის ფენა, რომელიც ქმნის ეკონომიკას და რომლისთვისაც ეს სქემა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

– ბიზნესზე უფრო შეღავათიანი ფასებისა და განვადების მიუხედავადაც კი საქართველოში სახელმწიფომაც კი ვერ მოახერხა, რომ სრულად გაელიცენზირებინა სახელმწიფო ორგანიზაციებში არსებული პროგრამები. ასე, მაგალითად, იმავე სასამართლოებში, სახელმწიფო სიპებში, ბევრ სხვა უწყებაში დღემდე არალიცენზირებული პროგრამებია.

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ Microsoft-ის კორპორაციას საქართველოში მოქმედ სქემასთან არანაირი კაშირი არ აქვს და რომც ჩაერიოს ბილ გეითსი ამ საკითხებში, დარწმუნებული ვარ თავად აღკვეთს ამ ადვოკატების მოქმედებას. თუნდაც ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. მას არ აწყობს იმ ნეგატიური განწყობის დანერგვა, რომელიც ამ ადვოკატების გამო შეიძლება Microsoft-ის პროდუქციის მიმართ გაჩნდეს. არ შეიძლება რაციონალური აზროვნების ბიზნესი, ამ გზაზე მიდიოდეს. ამიტომ გვჯერა, რომ ეს არის გარკვეული პირების კერძო ინტერესები.

– და ბოლოს, ბატონო კახა, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრესაში გამოქვეყნებული თქვენი განცხადებების გამო კახა შარაბიძემ ბოდიშის მოხდა მოგთხოვათ.

– ნებისმიერი ინტერვიუს მიცემისას მაქსიმალურად ვწონი ყველა სიტყვას და ვიყენებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემ ხელთ არსებული ფაქტები და მტკიცებულებები იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას. ჩემი არცერთი განცხადებება არ არის არასწორი ხასიათის და არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაზეც სასამართლოში საჯარო სხდომაზე არ გვისაუბრია შარაბიძესთან ან შესაგებელში არ არის მითითებული. მეტიც, შარაბიძეს გავუგზავენე კითხვარი, რომელშიც მოთხოვნილია უფლებამოსილების დამადასტურებელი და მორიგების შედეგად კომპენსაციის სახით საქართველოს იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხების საბოლოო ბენეფიციარის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. კითხვარზე დოკუმენტურად დასაბუთებული პასუხის გაცემის ნაცვლად, მთავაზობენ უარვყო ის ფაქტები და გარემოებები, რაც წარმოადგენს სასამართლო დავის საგანს და, შესაბამისად, არის ჩვენი შესაგებელის პოზიცია. გამოდის, რომ წერილობით უნდა ვაღიარო მათი უფლებამოსილება, რაც იქნება მტკიცებულება, რომელსაც შარაბიძე მის უფლებამოსილების საკითხს სასამართლოში უდავო გარემოებად აქცევს, ან მე უარი უნდა ვთქვა სასამართლოსთვის მიცემული განმარტების საჯაროდ გამოხატვაზე. არცერთ ჩემს განცხადებაში ცილისმწამებლური ან შეგნებულად ფაქტების დამახინჯებით წარმოჩენი ეპიზოდი ან სიტყვა არ მოიპოვება. ჩემ მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური შინაარსის განცხადება არ არის და ვერ იქნება, რადგან ასეთი მე არ გამიკეთებია. კარგად მესმის უაპელაციო და, მით უფრო, დეფამაციური შინაარსის განცხადების ფასი და ამგვარს არასოდეს არავის მიმართ დავუშვებ. BLB-ის წარმომადგენლების უფლებამოსილებაზე მსჯელობა კი წმინდად პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხია და მე, როგორც მხარის წარმომადგენელი, ვასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვააანალიზებ მათ მიერ წარმოდგენილ უფლებამოსილების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საჯაროდ ვაკეთებდი და გავაკეთებ შესაბამის დასაბუთებულ განცხადებებს, როგორც სასამართლოს საჯარო სხდომებზე, ისე მედიასაშუალებების მეშვეობით. სტატიებისა თუ პუბლიკაციების სულისკვეთება, ისევე როგორც მკითხველის დასკვნები და შეფასებები კი ჩემი კონტროლის მიღმა სფეროა.

 

Share