Home » ახალი ამბები » მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობახიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მეტროსადგურის დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.

„გურამიშვილის“ მეტროსადგურს ვასუფთავებთ და ამ კვირაში გაიხსნება. დასრულდა სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, როდესაც მგზავრებით არ არის დატვირთული სადგური. მაქსიმუმ 2-3 დღეში სადგური დასრულდება. რაც შეეხება სრულ რემონტს, ეს ალბათ, 3-4 თვეში დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სხვა მეტროსადგურების შემოწმებისა და გახსნის პროცესს, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი დასრულებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების შესახებ პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

„ვარკეთილის“ მეტროს შემოწმებაზე ზემო ვესტიბულისა და გვირაბის შემოწმებაზე დასკვნა მოსულია. ასევე, „ახმეტელის“ მეტროზეც, როგორც ზედა და ქვედა ვესტიბულზე და გვირაბზე დასკვნა მოსულია, მიმდინარე კვირას ველოდებით „სამგორის“ მეტროს შემოწმების პასუხს. შემოწმება უკვე დასრულებულია, თუმცა გარკვეული კითხვები დააზუსტეს. „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების პასუხიც რამდენიმე კვირაში იქნება. ამ მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა, თუ რაიმე უზუსტობები იქნება, ეს გამოსწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილის”, “სამგორისა” და “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

Share